Thumbnail

‘ამას პირველად ჩემგან გაიგებთ!’ - კლიჩკომ დაბრუნებაზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარტის ბოლოს ვლადიმირ კლიჩკოს შესაძლო დაბრუნებაზე ცნობები გავრცელდა
  • 43 წლის მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა

მძიმე წონაში წლების მანძილზე მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო, შესაძლოა, რინგზე დაბრუნდეს! ეს სენსაციური ინფორმაცია მარტის მიწურულს გერმანულმა ტაბლოიდმა ‘ბილდმა’ გაავრცელა. გაზეთი წერდა, რომ სტრიმინგ-პორტალი DAZN 43 წლის უკრაინელს 70 მილიონ ევროს სთავაზობს, თუკი ეს უკანასკნელი დაბრუნდება და 2-3 ბრძოლას გამართავს. 43 წლის კლიჩკო გავრცელებულ ცნობებს პირველად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რინგზე დაბრუნებაზე აქამდე სერიოზულად არ უფიქრია, თუმცა არაფერს გამორიცხავს.

'თუ ფანებს მართლაც სურთ, რომ დავბრუნდე, ეს ძალიან მიხარია!'

“დღემდე ჩემი სტატუსი არ შეცვლილა, - აცხადებს კლიჩკო SID-თან ინტერვიუში, - რინგზე დაბრუნების შესახებ გავრცელებული ცნობები ჩემთვის კომპლიმენტებია. თუ ფანებს მართლაც სურთ, რომ დავბრუნდე, ეს ძალიან მიხარია. ასევე მახარებს ისიც, რომ დიდი სპორტის საზოგადოებას ვენატრები. როგორც უკვე ვთქვი, დღემდე არაფერი შეცვლილა, მაგრამ არასდროს უნდა თქვა არასდროს.”

ვლადიმირ კლიჩკოს გერმანული პორტალის, SPORT 1-ის ჟურნალისტიც დაუკავშირდა და უკრაინელმაც დამატებითი კომენტარი გააკეთა: “ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ გამორიცხული არასდროს არაფერია. თუმცა, თუკი დაბრუნებას გადავწყვეტ, ამას პირდაპირ ჩემგან გაიგებთ და არა მედიიდან.”

კლიჩკომ პროფესიულ კარიერაში 69 ბრძოლა გამართა - მათ შორის, უკანასკნელი ორი წლის წინ, ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან, მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო. საერთოდ ჯამში, კლიჩკოს თავის 21-წლიან კარიერაში მხოლოდ 5 მარცხი აქვს.

თუკი ვლადიმირი რინგზე დაბრუნებას დათანხმდება, ძმისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებს: “ვლადიმირს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. იგი ძალიან დიდხანს მსოფლიოში საუკეთესო იყო. თუ მიიღებს გადაწყვეტილებას და რინგს დაუბრუნდება, თუკი კიდევ ერთხელ მოისურვებს ვარჯიშს, მომზადებას და წვალებას, შეუძლია, ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს!” - უთხრა ვიტალი კლიჩკომ ‘ბილდს’ მარტის ბოლოს.

ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები

თუმცა, ვიტალი ფიქრობს, რომ ვლადიმირი მხოლოდ ფულის გამო არ უნდა დაბრუნდეს: “თუ მისი მოტივაცია მხოლოდ ფულია, უმჯობესია, ეს ნაბიჯი არ გადადგას. ვლადიმირი წარმატებული ბიზნესმენია და ფული არც სპორტული კარიერის შემდეგ აკლია,” - დასძინა ვიტალიმ.

‘ბილდი’ წერდა, რომ შესაძლოა, ჯოშუასთან რემატჩი დაინიშნოს. გარდა ამისა, კლიჩკოს სავარაუდო მეტოქეებად ასევე ჯოშუას თანამემამულე ტაისონ ფიური და ამერიკელი დეონტეი უაილდერი მიიჩნევიან.

თუ კლიჩკო დაბრუნებას მართლაც გადაწყვეტს, მას კონტრაქტს DAZN გაუფორმებს. ტაისონ ფიურის კონტრაქტი ESPN-თან აქვს, ხოლო უაილდერს კი - Showtime/PPV-სთან. საინტერესოა, რომ DAZN-ის ერთ-ერთ მფლობელს, ამერიკელ მილიარდერ ლეონარდ ბლავატნიკს უკრაინული ფესვები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები