Thumbnail

ქართველი ხარის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კონსტანტინე ჯანაშიამ კონტინენტის პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა
  • შეჯიბრის დეტალური მიმოხილვა და ყველაზე საინტერესო მომენტები

მანჩესტერში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სტრონგმენში, სადაც ქართველმა სპორტსმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ მიიღო მონაწილეობა. კონსტანტინე პირველი ქართველი პროფესიონალი სტრონგმენია, რომელიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და ბრწყინვალე შედეგები აქვს.

ქართველი ხარი - ძალიან ძლიერი კაცი, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს

კოტე ჯანაშია, იგივე ქართველი ხარი მანჩესტერში ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა გოლიათმა შესანიშნავად იასპარეზა და 9 სპორტსმენს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ჯანაშია მხოლოდ ისლანდიელ ჰაფტორ ბიორნსონს და პოლონელ მატეუს კიელისკოვსკის ჩამორჩა.

პოლონელისგან ასეთი მაღალი შედეგი შედარებით მოულოდნელი იყო, ისლანდიელი თორის გამარჯვება კი არავის გაკვირვებია, რადგან ის მეხუთედ გახდა კონტინენტის პირველობის ტრიუმფატორი. 

კონსტანტინე ჯანაშიამ მესამე ადგილი დაიკავა

მოუხერხებელი მორის აწევა

სწორედ ასე ჰქვია მოძრაობას, ანუ სტრონგმენის ერთ-ერთ სახეობას, რომელმაც გახსნა ევროპის ჩემპიონატი. ქართველმა ხარმა 175 კილო ადვილად ასწია, შემდეგ 190 კილოს მოერია და 202 კილოგრამიც ასწია, თუმცა 214 კილოს ვეღარ გაართვა თავი და მეორე-მესამე ადგილები გაიყო ბიორნსონთან.

შტანგის ამოწევა

კონსტანტინე ჯანაშიამ 350-კილოიანი შტანგა 9-ჯერ ამოწია და ამ მოძრაობაში მეორე ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი ისლანდიელმა თორმა აჩვენა, რომელმაც 10-ჯერ ამოწია იგივე წონა. ორი სახეობის შემდეგ, ქართველი ხარი საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე იყო.

საბურავის გადატრიალება

კიდევ ერთი დისციპლინა, რომლის სახელია საბურავის გადატრიალება. ქართველმა ხარმა სტარტიდან ფინიშამდე საბურავის გადაგორებას 57.19 წამი მოანდომა და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. რეალურად, სწორედ აქ დაკარგა ჯანაშიამ ოქროს მედლის მოპოვების შანსი. 

ჰერკულესის სვეტების დაჭერა

ასეთი უცნაური სახელი აქვს კიდევ ერთ მოძრაობას, სადაც სპორტსმენების მიზანია სვეტები მაქსიმალურად დიდ ხანს შეიმაგრონ. ქართველმა ხარმა 40.02 წამი გაძლო. ამ დისციპლინაში საოცარი შედეგი აჩვენა 53 წლის ბრიტანელმა სპორტსმენმა მარკ ფელიქსმა, რომელმაც სვეტები 82 წამი შეიმაგრა. 4 მოძრაობის შემდეგ, კონსტანტინე ჯანაშია საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე იყო.

ატლასის ქვები

ბოლო მოძრაობაში ქართველი ხარი რუს მიხაილ შივლიაკოვს დაუპირისპირდა და ადვილად დაამარცხა მეტოქე, თუმცა ეს დუელი უფრო პირობითია და შოუს ელემენტია, რეალურად კი ცხრავე სპორტსმენი ერთმანეთის კონკურენტია და ყველა შედეგი ერთმანეთს ეტოლება. კოტე ხუთივე ქვას მოერია და ამისთვის მხოლოდ 28.52 წამი დასჭირდა. ამ მოძრაობაში ჯანაშიამ მეორე ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის წამყვანმა არაერთხელ განაცხადა რომ კონსტანტინე ჯანაშია ჯანმრთელობასთან დაკავშირეული პრობლემებით გავიდა ტურნირზე და მიუხედავად ამისა, ბრწყინვალედ იასპარეზა. 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი ბრინაჯო. ქართველ ხარს ოქრო დარჩა მოსაგები!

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო სამეული

 

კომენტარები

ბოლო ამბები