Thumbnail
  • NBA-ში რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • რასელ ვესტბრუკისა და ზაზა ფაჩულიას დაპირისპირება გრძელდება
  • დეტროიტმა ზედიზედ მესამედ წააგო და პლეი ოფს მიღმა დარჩენა ემუქრება 

ზაზა ფაჩულიას გუნდი დეტროიტ პისტონსი პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ ბოლო დროს ამას არცთუ კარგად აკეთებს. პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციის რვა საუკეთესო გუნდს შორის ადგილს კი ინარჩუნებს, მაგრამ უკვე ზედიზედ მესამედ დამარცხდა (ბოლო 10 მარტჩში მეშვიდედ) და თუ თამაშს არ გამოასწორებს, არის საფრთხე, პლეი ოფს მიღმა დარჩეს.

რაც შეეხება დეტროიტელთა ბოლო შეხვედრას, პისტონსი სტუმრად ოკლაჰომას (46-33) დაუპირისპირდა და 110:123 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ცენტრმა მოედანზე 17:14 წუთი დაჰყო, რა დროშიც მის ანგარიშზე 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი იყო. ზაზას ყველა ტყორცნამ მიზანს მიაღწია - ჩააგდო ხუთივე საჯარიმო და ერთი ორქულიანი.

ზაზა ფაჩულიამ ოკლაჰომასთან ყველა ტყორცნა გამოიყენა

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დეტროიტის ფორვარდი ბლეიკ გრიფინი გახდა, რომელმაც 45 ქულა ჩააგდო. გრიფინმა, რომლის ანგარიშზე ასევე 7 მოხსნა და 3 პასია, 14-იდან 9 სამქულიანი ზუსტად ტყორცნა. თანდერში 30 ქულა პოლ ჯორჯმა მიითვალა, ორმაგი დუბლით კი რასელ ვესტბრუკი (19 ქულა, 15 პასი), სტივენ ადამსი (14 ქულა, 14 მოხსნა) და დენის შრიოდერი (14 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ.

ფაჩულია V ვესტბრუკი

ფაჩულია-ვესტბრუკის დუელის გარეშე არც ამ მატჩს ჩაუვლია, ოღონდ, ამჯერად ყველაფერი გაცილებით მშვიდობიანად დასრულდა. ერთ ეპიზოდში, ოკლაჰომას ლიდერმა უხეშად ითამაშა ქართველი ცენტრის წინააღმდეგ და ამისთვის არასპორტული ფოლიც მიიღო. გრიფინის პასის შემდეგ, ზაზა ფარში სროლას ცდილობდა, ვესტბრუკმა კი უკნიდან დაფარების ნაცვლად, ხელი სახეში ჩაარტყა. ფაჩულია დაეცა და გარკვეული პერიოდში წამოდგომას ვერ ახერხებდა.

📺 ვესტბრუკის არასპორტული ფოლი

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიასა და რასელ ვესტბრუკს ერთმანეთთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს უკვე რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. წინა სეზონში, გოლდენ სტეიტში მოთამაშე ქართველი ცენტრი რასელს ფეხზე დაეცა და ტრავმა მიაყენა. მაშინ ვესტბრუკმა ფაჩულიას განზრახ "ბინძურად თამაში" დააბრალა

აღსანიშნავია, რომ ვესტბრუკმა დეტროიტთან ნაჩვენები შედეგით სეზონური ტრიპლ-დაბლის ზედიზედ მესამედ გაფორმება მოახერხა. 30 წლის კალათბურთელის საშუალო მაჩვენებლები ბოლო სამ კამპანიაში ასეთია: 

2018/19 - 23,0 ქულა, 11,1 მოხსნა, 10,5 პასი

2017/18 - 25,4 ქულა, 10,1 მოხსნა, 10,3 პასი

2016/17 - 31,6 ქულა, 10,7 მოხსნა, 10,4 პასი

NBA-ს ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელი რასელის გარდა, ვინც სეზონური ტრიბლ-დაბლის გაფორმება შეძლო, ოსკარ რობერტსონი იყო. 1961/62 წლების სეზონში ცინცინატი როიალსის გამთამაშებლის საშუალო სტატისტიკა მატჩში 30,8 ქულა, 12,5 მოხსნა და 11,4 პასია.

რასელ ვესტბრუკმა ფაჩულიასთან უხეშობისთვის არასპორტული ფოლი მიიღო

პისტონსის საპლეიოფო შანსი

ახლა ზაზა ფაჩულიას გუნდს ჩემპიონატში ჩატარებულ 79 მატჩში 39 მოგება და 40 მარცხი აქვს, აღმოსავლეთის ცხრილში კი მეშვიდე ადგილს იკავებს. მოგება-წაგებათა ანალოგიური ბალანსი აქვს ბრუკლინ ნეტსსაც, რომელიც საპლეიოფო ზონის ბოლო, მე-8 ადგილზეა, მის შემდეგ კი ცხრილში მაიამი (38 მოგება, 41 მარცხი) და შარლოტი (37 მოგება, 42 მარცხი) მოდიან.

დეტროიტს რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი შეხვედრა რჩება  ჩასატარებელი და აქედან პირველი - სწორედ შარლოტ ჰორნეტსთან. მატჩი დეტროიტში თბილისის დროით 8 აპრილს შუაღამისას დაიწყება. ფაჩულიას გუნდს ასევე სათამაშო აქვს შინ მემფისთან და სტუმრად ნიუ იორკთან.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • პოლ ჯორჯი
  • სტეფ კარი
  • ჯოელ ემბიდი
  • კევინ დურანტი
  • რასელ ვესტბრუკი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები