Thumbnail
  • 📅 6 აპრილი | ⌚ 20:30 | ⚽ ბაიერნი V დორტმუნდი
  • თამაში, რომელმაც გერმანიის ჩემპიონობის ბედი უნდა გადაწყვიტოს
  • ბაიერნი ვალდებულია, მოიგოს! დორტმუნდს ფრეც აწყობს

შაბათს, ბუნდესლიგაში, არა მარტო ტურის, ან თვის, არამედ მთლიანად ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია! სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი მიუნხენის ბაიერნი, ორი წულით წინ მყოფ ლიდერ დორტმუნდის ბორუსიას მასპინძლობს და ეს არის თამაში, რომელსაც მთელი საფეხბურთო გერმანია მოუთმენლად ელოდა - დუელი, რომელმაც ჩემპიონობის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

მიუნხენურმა გრანდმა ლიდერობა წინა ტურში, ფრაიბურგთან მოულოდნელი ფრის (1:1) შემდეგ დაკარგა. იმავე ტურში ბორუსიამ ვოლფსბურგი 2:0 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუკი დორტმუნდელები მიუნხენში გამარჯვებას მოახერხებენ, ჩემპიონატის ბედი თითქმის გადაწყდება, რადგან BVB ბაიერნს ასეთ შემთხვევაში 5 ქულით გაასწრებს.

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც დევს სასწორზე ამ შეხვედრაში. ეს იქნება ძალიან დაძაბული მატჩი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ,” - განაცხადა თამაშის წინ დორტმუნდის თავდამსხმელმა მარიო გიოტცემ.

ბორუსიას მიუნხენში მთავარი იმედი, მარკო როისიც გაჰყვა - ეს უკანასკნელი წინა კვირაში მამა გახდა და ვოლფსბურგთან მატჩი ამ საპატიო მიზეზის გამო გამოტოვა. სამაგიეროდ, მიუნხენში ვერ წავიდა პაკო ალკასერი, რაც ბორუსიასთვის საკმაოდ დიდი დანაკლისია. კითხვის ნიშნის ქვეშაა პიშჩეკისა და დიალოს თამაშიც. ჰაკიმი ტრავმირებულია.

იმ დროს, როცა დორტმუნდელები ბაიერნს თამამად ემუქრებიან, მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ამ მატჩის მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს: “რა თქმა უნდა, ეს დიდი დუელია, მაგრამ სეზონის ფინიშამდე კიდევ 6 მატჩი გვექნება და თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია,” - ამბობს კოვაჩი, რომელიც ფრაიბურგთან ფრის შემდეგ წნეხის ქვეშაა. ცხადია, რომ დორტმუნდთან წაგების შემთხვევაში მისი გაშვება საბოლოოდ გადაწყდება. მეტიც: ბაიერნი უბრალოდ ვალდებულია, რომ ეს თამაში მოიგოს - სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა თამაშის წინ რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბუნდესლიგის სეზონის მთავარ მატჩში ბევრი გოლია მოსალოდნელი! ბაიერნისა და დორტმუნდის ბოლო 4 ბუნდესლიგურ დაპირისპირებაში 3,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბაიერნი ბუნდესლიგაში საშინაო მატჩებს ბოლო დროს კარგად ატარებს. რეკორდმაისტერმა გერმანიის ჩემპიონატში უკანასკნელი 7 საშინაო შეხვედრა მოიგო - აქედან 5 მშრალი ანგარიშით.

⚽ მიუნხენურმა გრანდმა ბოლო ორი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 6:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ანგარიშით გაანადგურა ბაიერნმა დორტმუნდი შარშან, მეორე წრეში.

⚽ საინტერესოა, რომ ბოლო ისეთ ბუნდესლიგურ დაპირისპირებაში, რომლის წინაც ბაიერნი დორტმუნდს ცხრილში ჩამორჩებოდა, რეკორდმაისტერმა ოთხივე წააგო.

⚽ ბაიერნმა ამ სეზონში 9 საშინაო მატჩიდან 8-ში ანგარიში გახსნა, მაგრამ ამავდროულად, დორტმუნდს ყველაზე მეტი ქულა აქვს აღებული ისეთ გასვლით მატჩებში, სადაც პირველი გოლი გაუშვა - 2 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი.

⚽ ზემოთ ხსენებულ სტატისტიკაში შედის დორტმუნდის მიერ ჰერტასთან მოგებული ბოლო გასვლითი შეხვედრაც (3:2), თუმცა ეს ბორუსიასთვის ერთადერთი მოგება იყო ბოლო 4 გასვლით მატჩში (1 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).

⚽ რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც ბაიერნში თავის დროზე სწორედ დორტმუნდიდან გადავიდა, გერმანიის ჩემპიონატის ამ ტოპ-მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. კიდევ ერთიც და პოლონელი ლეგენდარულ გერმანელ გოლეადორ გერდ მიულერს გაუთანაბრდება.

⚽ პირველ წრეში დორტმუნდმა ბაიერნს შინ 3:2 მოუგო. იმ თამაშში ორი გოლი მარკო როისმა გაიტანა, რომელსაც ამ სეზონში ბუნდესლიგაში 15 გოლი აქვს. 

⚽ გოლები პირველივე ტაიმშია მოსალოდნელი, რადგან ბაიერნის საშინაო მატჩების 62 პროცენტში, პირველ ტაიმში 1,5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ ბაიერნის მონაწილეობით ბუნდესლიგის ბოლო 4 თამაშიდან სამში, პირველი გოლი პირველ 5 წუთში გავიდა.

⚽ დორტმუნდის ბორუსიას ამ სეზონში 75-ე წუთის შემდეგ 21 გოლი აქვს გატანილი, რაც ამ კლუბისთვის ახალი რეკორდია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა - ხამეს როდრიგესი, გორეტცკა - გნაბრი, ლევანდოვსკი, კომანი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, ბრუუნ ლარსენი - გიოტცე.

კომენტარები

ბოლო ამბები