Thumbnail
  • რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია.
  • ესპანელმა ტურნირზე პირველი სეტი წააგო.
  • ედმუნდი, რომელმაც ბასილაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში გავიდა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე თავისი პირველი სეტი მერვედფინალში წააგო, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

ATP-ის რეიტინგის ესპანელმა ლიდერმა არგენტინელი დიეგო შვარცმანი 4 სეტში დაამარცხა. ნადალისა და შვარცმანის დაპირისპირება თითქმის 4 საათი (3:51) გრძელდებოდა - პირველი სეტი რაფამ 6:3 მოიგო, მეორეში კი 6:7 (4:7) დამარცხდა. ტურნირზე პირველი სეტის წაგების შემდეგ რაფამ მაქსიმალურად მოინდომა და მომდევნო ორი სეტი დამაჯერებლად, 6:3, 6:3 მოიგო.

რაფა ნადალი მეოთხედფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს მე-6 ჩოგანია. ეს მატჩი სამშაბათს გაიმართება. ნადალის მეოთხედფინალში გასვლა იმას ნიშნავს, რომ 2009 წლის ჩემპიონი რეიტინგში პირველ ადგილს შეინარჩუნებს - მიუხედავად იმისა, როგორი შედეგი ექნება შვარცმანის ძლევის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ნადალი შვარცმანს მეოთხედ შეხვდა და მასთან სეტი პირველად წააგო (მანამდე: 2:0, 3:0, 2:0).

კაილ ედმუნდიც მეოთხედფინალშია!

მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა კაილ ედმუნდმაც, რომელმაც 1/16 ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. ბრიტანელის მეტოქე ამჯერად იტალიელი ანდრეას სეპი გახლდათ და ედმუნდს მისი დამარცხება უფრო გაუადვილდა, ვიდრე ბასილაშვლის. იტალიელმა პირველი სეტი ტაიბრეიკით (7:4) მოიგო, მომდევნო სამი სეტი კი ედმუნდის გამარჯვებით დასრულდა - 7:5, 6:2, 6:3.

აღსანიშნავია, რომ კაილ ედმუნდი გახდა პირველი ბრიტანელი (თუ ენდი მარეის არ ჩავთვლით) ბოლო 38 წლის განმავლობაში, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალში გააღწია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები