Thumbnail

2019 წლის 5 საუკეთესო თამაში - ის რაც გეიმერებმა უკვე გამოსცადეს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • წელს უკვე ბევრი შესანიშნავი თამაში გამოვიდა
  • ხუთეულში შესული თამაშები გეიმერებმა შეაფასეს და საუკეთესოდ სცნეს

2019 წლის პირველ სამ თვეში უკვე მრავალი საოცარი თამაში გამოვიდა. იმის მიუხედავად პოსტ-აპოკალიპტური როლური თამაშების მოყვარული ხართ, თუ ბეთლ როიალების, წელს უკვე ყველა ჟანრშია ისეთი რამ, რაც სხვადასხვა გემოვნების გეიმერს გაახარებს.

ჩვენ თქვენთვის იანვარში, თებერვალში და მარტში გამოსული 5 საუკეთესო თამაში შევარჩიეთ.

მოდით, ყველაზე პოპულარული ჟანრით, ბეთლ როიალით დავიწყოთ.

Apex Legends

პრაქტიკულად ყველანაირი მარკეტინგული ხრიკების გარეშე Respawn Entertainment-მა და EA-მ Aphex Legends გამოუშვეს და დანარჩენი უკვე ისტორიაა.

უფასო თამაშით ერთ თვეში 50 მილიონი (!!!) ადამიანი დაინტერესდა. მსგავსი შედეგი Fortnite-საც კი არ ჰქონია.

იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არ გითამაშიათ, გეტყვით, რომ Aphex Legends პერსონალურ კომპიუტერზე, PS4-ზე და Xbox-ზე უფასოა და თუკი შუთერები და ბეთლ როიალები გიზიდავთ, აუცილებლად უნდა სცადოთ.

Metro Exodus

Metro-ს სამყაროზე შექმნილი მესამე თამაში ისე ჩაგითრევთ, რომ რეალობა დაგავიწყდებათ. Exodus ჭკვიანი გეიმერებისთვისაა შექმნილი, რომლებსაც მხოლოდ სროლა არ აინტერესებთ და თამაშისას დეტალებს აკვირდებიან.

თამაშის სამყაროში საკმარისი თავისუფლებაა იმისთვის, რომ მისიებზე კონცენტრირებულნი დარჩეთ და თან წამითაც არ მოიწყინოთ.

მოვლენები მოსკოვში ვითარდება, სამყარო სრულად განადგურებული და საზარელი არსებებით სავსეა. მოკლედ, თუკი პოსტ აპოკალიპტიკა გიზიდავთ, Metro Exodus თქვენთვისაა.

Far Cry New Dawn

Far Cry 5 შესანიშნავი თამაში იყო, რომელიც გეიმერს უშველებელ სამყაროს სთავაზობდა და ამ ფორმულიდან შორს არც New Dawn წასულა.

ისტორია ჰოუფ ქაუნთიში გაბრუნებთ, ატომური აპოკალიფსიდან 17 წელია გასული. ერთობლივი (Co-op) თამაში, ექსპედიციები, საკუთარ ბაზის აშენება და სხვა მრავალი ფუნქცია ეკრანებთან საათობით დაგაბამთ. დაუმატეთ ამას ულამაზესი სამყარო, იარაღების განვითარების სისტემა და მიხვდებით, რომ Far Cry-ს საუკეთესო ვერსიასთან გაქვთ საქმე.

თუკი მეგობრები არ გყავთ და მარტო თამაშობთ, უბრალოდ შიბა ინუ (ძაღლია), ან გიგანტი ჰორაციო (ტახი) შეიამხანაგეთ და მტრებს მათი დახმარებითაც მშვენივრად გაუსწორდებით.

უბრალოდ საგმირო საქმეებზე იარაღიც გაიყოლეთ, რა იცით რა ხდება.

Devil May Cry 5

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, დანტე.

მონსტრების გრძელთმიანი გამანადგურებელი DMC 5-ში ნეროსთან და ახალ პერსონაჟ V-სთან ერთად ბრუნდება. კამპანიის მანძილზე გეიმერი სამივე მათგანით თამაშობს და თითოეულ მათგანს უნიკალური სტილი აქვს, რის გამოც ორთაბრძოლების მიმართ ინტერესი არასდროს გაგინელდებათ.

სწრაფი ორთაბრძოლები DMC-ს ნიშაა, თუმცა შენს ეფექტურობას თამაში თავად აფასებს. განსაკუთრებით საინტერესო ბოსებთან დაპირისპირებებია, რადგან მათ თითოეული პერსონაჟის წინააღმდეგ განსხვავებული ტაქტიკის შერჩევა შეუძლიათ.

DMC-ს ახალი ვერსია წინა თამაშების საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელია და ეს ლოგიკურია - რაც გაფუჭებული არაა, იმას შეკეთებაც არ სჭირდება.

Dirt Rally 2.0

ხუთეულში ამ თამაშის არ შეყვანით ძალიან ბევრს გავანაწყენებდით და ჩვენ ეს ყველაზე ნაკლებად გვინდა. Codemasters-მა ავტომობილებისა და სწრაფად ტარების მოყვარულებს მორიგი შესანიშნავი გამოცდილება შესთავაზა.

დეტალების მიმართ საოცარი ყურადღება, დახვეწილი ვიზუალური მხარე და რაც მთავარია - სისწრაფის განუმეორებელი შეგრძნება Dirt Rally 2.0-ის განუყოფელი ნაწილია. რეალობაში ავტომობილის მართვასთან ასე ახლოს კომპიუტერული თამაში არასდროს ყოფილა.

თამაში რთულია, შეჯახებისას ავტომობილი ზიანდება და ეს ტარების პროცესზეც ახდენს გავლენას. შეიძლება ითქვას, რომ გეიმერს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, ან თუ აქვს, მხოლოდ უმცირესის.

სწორედ ამიტომაა Dirt Rally 2.0 გამორჩეული - ის ფართო მასებზე გათვლილი არაა და ზუსტად ამ მიზეზით შეიყვარეს ავტოსპორტის მოყვარულებმა.

სტატიის მიწურულს აუცილებლად უნდა ვახსენოთ Sekiro - Shadows Die Twice, Resident Evil 2: Remake და Tetris 99. საუკეთესო ათეული რომ გვქონოდა, ეს თამაშები აუცილებლად მოხვდებოდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები