Thumbnail

'სადაც არ უნდა ვიცხოვრო, ყველგან ქართველი ვიქნები' - გურამ ქუთათელაძის ინტერვიუ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 27 წლის სპორტსმენი შვედეთში ცხოვრობს და შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობს
  • popsport.com-ის ინტერვიუ გურამ ქუთათელაძესთან

გურამ ქუთათელაძე 27 წლის ქართველი სპორტსმენია, რომელიც შვედეთის ქალაქ მალმიოში ცხოვრობს და შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობს. გურამის მიზანი UFC-ში მოხვედრაა და როგორც თვითონ ამბობს, შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში ელოდება. ქუთათელაძე ორი ქვეყნის, საქართველოს და შვედეთის სახელით ასპარეზობს და მიუხედავად იმისა, რომ წლებია უცხოეთში ცხოვრობს, არასდროს ავიწყდება მისი წარმომავლობა. გურამმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა... 

popsport: გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-თან კონტრაქტი გააფორმე და პირველი ბრძოლა ზაფხულში გექნება...

ქუთათელაძე: არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, მაგრამ UFC-სგან კონტრაქტი ჯერ არ მიმიღია. სკანდინავიიდან პირველი პრეტენდენტი ვარ და მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ივნისში შვედურ UFC-ზე პირველ ბრძოლას გავმართავ. მოკლედ, ჯერ კონტრაქტისთვის ხელი არ მომიწერია, თუმცა ეს მალე მოხდება და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ.

popsport: ივნისში ვისთან გეგმავ ბრძოლის გამართვას?

ქუთათელაძე: ზუსტად არ ვიცი ვინ იქნება ჩემი მეტოქე, მაგრამ შეთავაზება გავუგზავნე მაირბეკ ტაისუმოვს. ძალიან გამოცდილი სპორტსმენია და UFC-ში ბოლო 6 ბრძოლა აქვს მოგებული. როგორც ვიცი, უჭირს მეტოქის პოვნა და შეთავაზება ამიტომ გავუგზავნე, თუმცა პასუხი ჯერ არ მიმიღია. პარალელურად, მაქვს შემოთავაზებები სხვა ორგანიზაციებიდან, მაგალითდ PFL-დან (Professional Fighters League), მაგრამ UFC-სგან კონტრაქტს ველოდები და ეს არის პრიორიტეტი.

გურამ ქუთათელაძე

popsport: ზოგადად, რა გეგმები გაქვს სპორტულ კარიერაში და რას ისახავ მიზნად?

ქუთათელაძე: ჩემი მიზანია რაც შეიძლება შორს წავიდე სპორტულ ასპარეზზე და დიდ წარმატებას მივაღწიო. ყოველთვის გადავდგა ნაბიჯი წინ, სანამ ამის შესაძლებლობა მექნება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

popsport: როდის და რატომ დაინტერესდი სპორტის საბრძოლო სახეობებით? გაიხსენე პირველი ნაბიჯები...

ქუთათელაძე: 5 წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიში დავიწყე და შემდეგ, სხვადასხვა ტურნირებში ვმონაწილეობდი. 9 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში MMA-ს წესებით პირველი ბრძოლა გავმართე და ამას სკანდალიც მოჰყვა: ერთ-ერთმა ცნობილმა გაზეთმა სტატია დაბეჭდა სათაურით: “ბავშვები ხარები არ არიან, ნუთუ არ გეცოდებათ ისინი?” მოკლედ, ბავშვობიდან ამ სამყაროში ვარ.

popsport: გაიხსენე გზა, რომელიც დღემდე გამოიარე. ასევე, რთული და ყველაზე დასამახსოვრებელი ორთაბრძოლა...

ქუთათელაძე: გრძელი გზა გავიარე და ყველაფრის გახსენება რთულია. ყველაზე ძლიერი მეტოქე მაინც ერიკ და სილვა იყო, რომელიც TUF-ში და UFC-ში გამოდიოდა. აბუ დაბიში შევხვდით ერთმანეთს. ბრძოლა ჩემი გეგმის მიხედვით წარიმართა და გავიმარჯვე კიდეც. ამ ბრძოლამ ძალიან გამზარდა როგორც სპორტსმენი და ჩემს კარიერაზე დადებითად იმოქმედა.

popsport: როგორ მოხვდი შვედეთში, სად ვარჯიშობ და როგორია ყოველდღიური რეჟიმი?

ქუთათელაძე: დარბაზი, სადაც პროფესიონალ მებრძოლად ჩამოვყალიბდი, ერთ ოჯახს ეკუთვნის. ეს სავარჯიშო კომპლექსი მათი ოჯახური ბიზნესია. ამ ხალხთან ჯიუ-ჯიცუმ დამაახლოვა ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთში ვცხოვრობდი და ხშირად ჩამოდიოდნენ. როდესაც ასაკში შევიდნენ და ბიზნესის მართვა გაუჭირდათ, დაიწყეს ადამიანის ძებნა, რომელიც ამ კომპლექსს მიხედავდა. სწორედ მაშინ შემარჩიეს და მოსკოვიდან მალმიოში გადავედი საცხოვრებლად. იქვე ვცხოვრობდი, მე ვიყავი მენეჯერიც, ხელოსანიც, ბუღალტერიც და მწვრთნელიც. ასე გაგრძელდა 5 წელი. დღეს, ამდენი დრო აღარ მაქვს და კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათს ვსტუმრობ დარბაზს, თუმცა გარემო და ხალხი, ვინც დღეს იქ მუშაობს, ჩემი ოჯახივითაა.   

popsport: მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ცხოვრობ და შვედეთის სახელით ასპარეზობ, ყოველთვის ხაზს უსვამ რომ საქართველოდან ხარ...

ქუთათელაძე: ორი ქვეყნის სახელით გამოვდივარ. საქართველოს და შვედეთის დროშები ერთმანეთს მივაკერე და ერთი ერთ მხარზე მაქვს გადაკიდებული, მეორე მეორე მხარზე. შვედეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ საქართველოს პასპორტი ავიღო და ორმაგი მოქალაქეობა მქონდეს. სადაც არ უნდა წავიდე და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიცხოვრო, ყველგან გურამ ქუთათელაძე ვიქნები.

კომენტარები

ბოლო ამბები