Thumbnail
  • კლივლენდის მორიგი ფიასკო საკუთარ არენაზე.
  • ლებრონ ჯეიმსის 18 ქულა, 7 პასი და მხოლოდ 3 მოხსნა. 
  • “მეფეს” 30 000 ქულამდე 7 აკლია.

ლებრონ ჯეიმსს იმედი ჰქონდა, რომ ოკლაჰომასთან საშინაო მატჩში კარიერის გრანდიოზულ რეკორდს დაამყარებდა, მაგრამ “მეფემ” მიზანს ვერ მიაღწია, მისი კლივლენდი კი 124:148 (!) დამარცხდა. ლებრონმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 18 ქულის (7 პასი, 3 მოხსნა) მოპოვება შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის 30 000-ე ქულა ჯერ კიდევ არ მოუპოვებია.

“30 000-იანთა კლუბში” სულ 6 კალათბურთელია, 33 წლის ლებრონი კი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდება, რომელიც ამ კლუბში შევა. ჯეიმსს ამ გრანდიოზულ შედეგამდე 7 ქულა აშორებს. მომდევნო შანსი მას სამშაბათს, სან ანტონიოსთან შეხვედრაში მიეცემა და ამ შანსს ხელიდან, ცხადია, აღარ გაუშვებს.

30 000-იანთა კლუბის წევრებიდან ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა, კობი ბრაიანტი იყო - მან ეს 34 წლისა და 104 დღის ასაკში შეძლო. კარიერაში 30 000 ქულაზე მეტი მოპოვებული აქვთ უილტ ჩემბერლენს, კარლ მელოუნს, კარიმ აბდულ-ჯაბარს, დირკ ნოვიცკის და მაიკლ ჯორდანს.

რაც შეეხება ოკლაჰომასთან შეხვედრას: რასელ ვესტბრუკმა და კომპანიამ კავალიერსს მისსავე არენაზე სრული დემონტაჟი მოუწყვეს. ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც 36 ქულა მოიპოვა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 29 ქულა. ვესტბრუკმა, მართალია, “მხოლოდ” 23 ქულა მოიპოვა, მაგრამ მან ასევე 20 პასის (!) გაკეთება შეძლო და ამას 9 მოხსნაც დაუმატა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლივლენდის დაცვაში ნამდვილი ჯოჯოხეთია. კავალიერსის ყველაზე შედეგიანი კალათბურეთელი აიზია თომასი იყო - 24 ქულით. ლებრონზე უკვე ვთქვით, ჯეი კრაუდერმა კი 17 ქულა მოიპოვა.

კლივლენდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე რჩება, მაგრამ თუ ლებრონი და კომპანია არ გამოსწორდებიან, მაიამი კლივლენდს ამ დღეებში გადაასწრებს. ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები