Thumbnail
  • ვაისის გუნდი შვეიცარია-ირლანდიასთან მარცხმა ფიფას რეიტინგშიც დააზარალა
  • საქართველო სამი საფეხურით დაქვეითდა, მაგრამ ასეულში ადგილს ინარჩუნებს

ფიფამ მორიგი, აპრილის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით არის დაქვეითებული და ამჟამად 1256 ქულით 94-ე ადგილს იკავებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მარტში ორი შეხვედრა გამართა და ორივე წააგო. საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში ჯერ შინ შვეიცარიასთან  დამარცხდა (0:2), შემდეგ კი სტუმრად დუბლინში ირლანდიასთან (0:1).

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩების ჩატარება ივნისში მოუწევს. ვაისის გუნდი 7-ში გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ სტუმრად დანიას დაუპირისპირდება.

რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა ყატარის ნაკრებს აქვს

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში საქართველოს მეტოქეების პოზიციებს, აპრილის რეიტინგში მე-8 ადგილზე რჩება შვეიცარია (1604), ხოლო მეათეზე - დანია (1586). ხუთი საფეხურით დაწინაურდა და 29-ეა ირლანდია (1484), ხოლო გიბრალტარი (900) - 195-ე.

ფიფას რეიტინგის სათავეში კვლავაც ბელგიის ნაკრები რჩება, მეორე ადგილს კი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი იკავებს. ტოპათეული უცვლელია, ერთმანეთს ადგილები მხოლოდ ინგლისმა (4) და ხორვატიამ (5), ასევე - ურუგვაიმ (6) და პორტუგალიამ (7) გაუცვალეს.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1. ბელგია - 1737 ქულა 
2. საფრანგეთი - 1734 
3. ბრაზილია - 1676
4. ინგლისი - 1647
5. ხორვატია - 1621
6. ურუგვაი - 1613
7. პორტუგალია - 1607
8. შვეიცარია - 1604 
9. ესპანეთი - 1601 
10. დანია - 1586.

კომენტარები

ბოლო ამბები