Thumbnail

როცა Curva Nord-ს გაანაწყენებ - ინტერის ფანატების რეაქცია იკარდის გოლზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის ინტერის ფანატთა ცნობილი დაჯგუფება მაურო იკარდის გადაემტერა
  • გულშემატკივრებმა არგენტინელის გატანილი გოლი რეაქციის გარეშე დატოვეს  

მაურო იკარდი 9 თებერვლის შემდეგ ინტერის ფორმით მოედანზე პირველად გამოჩნდა და არგენტინელმა თავდამსხმელმაც დაბრუნება უმალ გატანილი გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა, მისმა გუნდმა კი გენუაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

📺 ჯენოა 0:4 ინტერი

სერია A-ს 30-ე ტურში ინტერმა სტუმრად ჯენოას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, მაურომ კი პირველი ტაიმის მიწურულს, მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, 26 წლის არგენტინელის გოლს ინტერის ფანატებმა დუმილით უპასუხეს.

ნერაძურის ბომბარდირსა და ყოფილ კაპიტანს კლუბთან პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისმა ცოლმა და აგენტმა ვანდა ნარამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, მილანურ კლუბზე კი არცთუ დადებით კონტექსტში ისაუბრა. შედეგად, ინტერმა თებერვალში მაუროს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა, თავად ფეხბურთელი კი ბოლო დრომდე მოედანზე არ გამოჩენილა.

იკარდის საქმეებს მისი ცოლი და აგენტი ვანდა ნარა განაგებს

ეს ამბავი უყურადღებოდ არც მილანური კლუბის ფანატთა დაჯგუფება Curva Nord-მა დატოვა. მას შემდეგ, რაც ლუჩანო სპალეტიმ ჯენოასთან მატჩის წინ იკარდის დაბრუნება დააანონსა, ფანკლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"შეხვედრაზე ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ N9-ის ქცევა უკვე აუტანელია. ჩვენი აზრით, იკარდის არ აქვს საჭირო თვისებები, რომ ატარებდეს კაპიტნის სამკლაურს. ვთხოვთ ინტერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ზომები მის მოსაშორებლად". 

და ამ ყველაფრის შემდეგ საინტერესო იყო ინტერის ფანატების რეაქცია გენუაში იკარდის გოლზე. ნერაძურის გულშემატკივრებმა ის იყო, სიხარულის გამოხატვა დააპირეს, რომ ფანატთა მოძრაობის ლიდერმა ტრიბუნაზე მყოფებს უმალ თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მეტი ამ თემაზე: 'ის, რასაც ფეხბურთში ვაკეთებ, რევოლუციაა' - ვანდა ნარა იკარდისა და ინტერზე

26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა 2018/19 წლების სეზონში ინტერის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 29 მაჩში 16 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. 

მაუროს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გავრცელებული ინფორმაციით კი, სეზონის დასრულების შემდეგ ის შეიძლება 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის რეალში გადაბარგდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები