Thumbnail

დინამოში თამაში ძალიან მინდოდა! ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ივანიშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ივანიშვილთან.
  • 28 წლის ნახევარმცველი დინამოს ახალწვეულია.
  • გიორგიმ კარიერა შვეიცარიაში დაიწყო, დღეს კი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს.

გიორგი ივანიშვილის გზა სხვა ქართველი ფეხბურთელების კარიერისგან განსხვავდება. თუ სხვები საქართველოში იწყებენ თამაშს და პირველივე შანსზე უცხოეთში გარბიან, გიორგის შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა: ივანიშვილმა კარიერის პირველი წლები შვეიცარიაში გაატარა, დღეს კი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს და აცხადებს, რომ ეს სულაც არ არის მისთვის ტრამპლინი.

გიორგი ციურიხის აღზრდილია, 2011-2013 წლებში კი ბელინცონას ღირსებას იცავდა და ამ გუნდის მაისურით 36 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მისი პირველი ქართული გუნდი ცხინვალი იყო, რასაც ჩიხურაში გატარებული ნაყოფიერი პერიოდი მოჰყვა. დღეს, 28 წლის ნახევარმცველი დინამოელია. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ...

POPSPORT: დინამოსთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადები. როგორია შენი შთაბეჭდილება?

ივანიშვილი: ჩემთვის დიდი პატივია დინამოს რიგებში ყოფნა და მოლოდინიც სრულად გამართლდა. ყველაფერი ევროპულ დონეზეა მოწყობილი, ბაზა კი მართლაც საუკეთესოა. ვარჯიშები, კვება, დასვენება, ყველაფერი ხელს გიწყობს, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იყო კონცენტრირებული.

POPSPORT: დინამომდე ცხვინვალში და საჩხერის ჩიხურაში ითამაშე. განსხვავება დიდია ამ კლუბებს შორის?

ივანიშვილი: დინამოში ყველაფერი წუთი წუთზეა დაგეგმილი და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს უცხოურ კლუბში ვთამაშობდე. ცხინვალში და საჩხერეში იყო პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სხვა თვალსაზრისით.

POPSPORT: ალბათ სხვა ვარიანტებიც გქონდა, თუმცა არჩევანი დინამოზე შეაჩერე...

ივანიშვილი: დინამოში გადმოსვლა ზაფხულშიც შემეძლო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. მაშინვე ვიგრძენი ნდობა როგორც კლუბის მესვეურების, ისე მთავარი მწვრთნელის მხრიდან და უკვე ძალიან მინდოდა დინამოში თამაში. როდესაც ამის შანსი კიდევ ერთხელ მომეცა, უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. 

POPSPORT: რა გეგმები გაქვს დინამოში, ეს უფრო ტრამპლინია, თუ დიდ ხანს აპირებ თბილისში დარჩენას?

ივანიშვილი: ჩემ ასაკში უცხოეთში წასვლა თვითმიზანი ნამდვილად ვეღარ იქნება. მინდა, დინამოს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე. მინდა, მაგალითი ვიყო ახალგაზრდებისთვის და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

POPSPORT: თქვენი პირველი გუნდი შვეიცარიული ციურიხი იყო. როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ გაიხსენებ შვეიცარიულ პერიოდს?

ივანიშვილი: 6 წლამდე ფეხბურთის ყურებაც არ მიყვარდა, თუმცა შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა შემაყვარა. მაშინ, გრასჰოპერსში თამაშობდა. ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა და დროთა განმავლობაში, მეც გამიჩნდა თამაშის სურვილი. ჩემი პირველი გუნდი ციურიხი იყო. ჯერ ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი, შემდეგ კი ბელინცონაში აღმოვჩნდი. სამწუხაროდ, კლუბს დაფინანსება შეუწყდა და გაკოტრდა. არადა, ძალიან კარგი გუნდი იყო, სადაც ჰაქან იაკინთან და ნოი მაიერთან ერთად ვთამაშობდი.

ფიზიკური მომზადების მხრივ, საქართველოს და შვეიცარიას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა  

POPSPORT: როგორ ფიქრობ, რატომ ვერ გაიხსენი ბოლომდე შვეიცარიაში?

ივანიშვილი: ტრავმებმაც შემიშალა ხელი. დისკოზი დამემართა და ასეთ მდგომარეობაში არცერთი გუნდი არ მიმიღებდა. ამიტომ, ორი წელი გამიცდა და საქართველოში ჩამოვედი. აქ ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და ოჯახური ცხოვრება დავიწყე. ფეხბურთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა საბედნიეროდ, ტრავმა მოვიშუშე, თამაშის ხალისი დამიბრუნდა და დღეს დინამოს ფეხბურთელი ვარ.

POPSPORT: ვერ ვიტყვით, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელები განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან, თუმცა მათი ნაკრები სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს. რითაა ეს განპირობებული?

ივანიშვილი: გასული საუკუნის 90-იან წლებში, შვეიცარიული ფეხბურთი ნამდვილად არ იყო ასეთი წარმატებული. ვერც ნაკრები გადიოდა სტაბილურად დიდ ტურნირებზე და ვერც გუნდები აღწევდნენ ევროტურნირებზე წარმატებას. მეტიც, მაშინ შვეიცარიაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ჰოკეი იყო. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ ცვლილებების დრო იყო და მთლიანად შეცვალეს საფეხბურთო ხედვა და სისტემა. სწორედ ამან გამოიღო შედეგი და დღეს შვეიცარიული ფეხბურთი სულ სხვა სიმაღლეზეა.

ნებისმიერ პატარა შვეიცარიულ ქალაქში მინიმუმ 25 სრულფასოვანი საფეხბურთო სტადიონია და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი

POPSPORT: უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლია გვითხრა: რა შეცვალეს, რამაც ასეთი წინსვლა გამოიწვია?

ივანიშვილი: შეიმუშავეს ახალგაზრდებთან მუშაობის სისტემა და სწორად ანაწილებდნენ ფიზიკურ დატვირთვებს დამწყებ ფეხბურთელებში. ასაკობრივი და ეროვნული გუნდები ერთ სისტემაზე და ტაქტიკურ მოდელზე გადააწყვეს. ფეხბურთელები მოარგეს გუნდის წინასწარ შერჩეულ ტაქტიკურ მონახაზს. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ მომზადებას. ამ მხრივ, საქართველოს და შვეიცარიას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. 

POPSPORT: ალბათ, იგივე შეიძლება ითქვას შვეიცარიულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზეც?

ივანიშვილი: ამ მხრივ, მართლაც კოლოსალური განსხვავებაა. ნებისმიერ პატარა შვეიცარიულ ქალაქში მინიმუმ 25 სრულფასოვანი საფეხბურთო სტადიონია და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. აღარაფერს ვამბობ დიდ ქალაქებზე. მაგალითად, ცურიხში არის საფეხბურთო კომპლექსი, სადაც 30 სტადიონია. შესაბამისად, მასობრიობაც მეტია და ბავშვებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშონ და განვითარდნენ. რაც დრო გადის, ფეხბურთი სულ უფრო პოპულარული ხდება და მასობრიობაც იზრდება. 

ქართველი ფეხბურთელები ევროპაში მიდიან, თუმცა შემდეგ, ვეღარ იმკვიდრებენ ადგილს, რადგან უჭირთ იქაურ დისციპლინასთან და მოთხოვნებთან შეგუება

POPSPORT: გიორგი, შენ ევროპიდან დაიწყე და შემდეგ ჩამოხვედი საქართველოში. ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა კი საქართველოდან გაქცევას ცდილობს. შეიძლება ითქვას, რომ იშვიათი გამონაკლისი ხარ...

ივანიშვილი: საქართველოში ძალიან დაბალი ხელფასებია. შვეიცარიის ქვედა ლიგებშიც კი უკეთესი პირობებია, ვიდრე საქართველოს უმაღლეს ლიგაში და წასვლის სურვილიც ამიტომ უჩნდებათ. თუმცა, მიდიან ფეხბურთელები და შემდეგ ვეღარ იმკვიდრებენ ადგილს, რადგან უჭირთ იქაურ დისციპლინასთან და მოთხოვნებთან შეგუება.

POPSPORT: ცხინვალის მწვრთნელი კახა კაჭარავა იყო, როდესაც გუნდში მიგიწვია და ფეხბურთში დაგაბრუნა. ამჯერად, თბილისის დინამოში მიგიღო. როგორც ჩანს, განსაკუთრებულად გენდობა...

ივანიშვილი: ეს ნდობა ცხინვალში ჩამოყალიბდა და მას უდიდეს პატივს ვცემ. საბედნიეროდ, ჩვენი თანამშრომლოიბა გრძელდება. ცხინვალში მარჯვენა ფლანგზე მათამაშებდა და ჯერჯერობით ასეა დინამოშიც, რაც ძალიან მომწონს. ჩემში შემტევ პოტენციალს ხედავს და, რა თქმა უნდა, დაცვასაც შეძლებისდაგვარად ვეხმარები.

POPSPORT: დინამოს დავუბრუნდეთ. წინ ახალი სეზონი და ევროტურნირია. რა პერსპექტივა აქვს ამ ახალგაზრდულ გუნდს?

ივანიშვილი: მივესალმები, რომ გუნდში ძირითად ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. მთავარია, გუნდი ფსიქოლოგიურად მზად იყოს ახალი ბატალიებისთვის. ვარჯიშები როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით, იდეალურად, ევროპულ დონეზე ტარდება. მთავარია, გვჯეროდეს, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

თუ ტვინი აგერია - რაც არ უნდა კარგად ფლობდე ბურთს, მაინც ვერ ითამაშებ

POPSPORT: ევროპაში ფსიქოლოგიურ მომზადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

ივანიშვილი: ფსიქოლოგიურ მომზადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ტვინი აგერია, რაც არ უნდა კარგად ფლობდე ბურთს, მაინც ვერ ითამაშებ. ხშირად, როდესაც ქართველი ფეხბურთელი შეცდომას უშვებს, ნებდება, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ კიდევ არაერთი შანსი მიეცემა და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ეს ჩვენი დიდი პრობლემაა. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ სამი კომპონენტი და თუ ამ კომპონენტებში მოვუმატებთ, ქართული ფეხბურთი წინ წავა: ლაპარაკია ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე, ფიზიკურ მომზადებასა და დისციპლინაზე. ეს სამი კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია.

POPSPORT: ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ გითამაშია და ალბათ, დინამოდან ამის მიღწევა უფრო რეალურია...

ივანიშვილი: ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. დინამოში ყველა პირობაა შექმნილი, რომ კარგად ვითამაშო და ვლადიმერ ვაისის ყურადღება მივიქციო. ამისთვის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშია საჭირო. როდესაც კახა ცხადაძე იყო ნაკრების მწვრთნელი, მაკვირდებოდა და ჩემით დაინტერესებული იყო. ვაისიც არაერთხელ შემინიშნავს ეროვნული ლიგის თამაშზე და იმედიანად ვარ განწყობილი.

თუ ამ კომპონენტებში მოვუმატებთ, ქართული ფეხბურთი წინ წავა: ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სიძლიერეს, ფიზიკურ მომზადებას და დისციპლინას

POPSPORT: ბოლოს, ეროვნულ ლიგაზეც ვთქვათ, რომელიც ახალი ფორმატით ტარდება. როგორია შენი შთაბეჭდილება?

ივანიშვილი: 10-გუნდიანი ფორმატი მომწონს. გასულ სეზონში, ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა საოცარი ფინალით. ტურნირი კარგად შუქდება, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი გულშემატკივრის ნაკლებობაა. თუ ეს პრობლემა მოგვარდა, საერთო დონე აიწევს, რადგან როდესაც გულშემატკივრობას გრძნობ, 30%-ით უკეთესად თამაშობ. ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს და სასურველია, რომ გუნდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე არ ითამაშონ. ამ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი აუცილებლად განვითარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები