Thumbnail
  • დეტროიტმა ინდიანასთან ზედიზედ მეორე მატჩი წააგო
  • პეისერსმა პისტონსი გასვლაზე 108:89 დაამარცხა
  • ზაზა ფაჩულიას გუნდმა მდგომარეობა უკიდურესად გაირთულა
  • გუნდს ბლეიკ გრიფინი ძალიან აკლია

ინდიანასთან ზედიზედ მეორე მარცხი ზაზა ფაჩულიას გუნდისთვის ძალიან არასასურველი იყო - დეტროიტმა პეისერსთან ამჯერად საკუთარ დარბაზში, 89:108 წააგო, რამაც პისტონსის პლეი ოფში გასვლა საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მართალია, 35 წლის ქართველი ცენტრის გუნდი ჯერ კიდევ მე-6 ადგილზეა, მაგრამ აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის დარჩენილი 3 საგზურისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბულია და დუეინ კეისის გუნდს დარჩენილ 4 შეხვედრაში მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდება.

39 მოგებითა და ამდენივე მარცხით დეტროიტი მაინც მე-6 პოზიციაზე დარჩა (პლეი ოფში 8 საუკეთესო გადის), მაგრამ ნახეთ, რა ხდება მომდევნო ადგილებზე: მეშვიდე პოზიციაზე ახლა ორლანდოა ასევე 39 მოგებით და 40 მარცხით (მეჯიქმა ნიუ იორკ ნიქსი 114:100 დაამარცხა), მერვე ადგილზეა ბრუკლინი (ასევე 39/40), მეცხრეზე კი - მაიამი (38/40).

მხოლოდ ანდრე დრამონდის კლასი საკმარისი არ არის - დეტროიტს ბლეიკ გრიფინი ძალიან აკლია

ცხადია, რომ დეტროიტის ბოლოდროინდელი წარუმატებელი სერია გუნდის მთავარი ლიდერის, ბლეიკ გრიფინის არყოფნითაა გამოწვეული, რომელიც მუხლის ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს. გრიფინის გარეშე კი პისტონსს კლასი აღარ ყოფნის. 

ფაჩულიამ 4 წუთი და 38 წამი ითამაშა

ინდიანამ კი, რომელსაც პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს, თუმცა კონფერენციაში უკეთესი, მაგალითად, მე-4 ადგილის დაკავებისთვის იბრძვის, მთელი მატჩი საგრძნობი უპირატესობით წარმართა. ანდრე დრამონდმა (28 ქულა, 19 მოხსნა) და უეინ ელინგტონმა (24 ქულა), მართალია, კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ მათ სხვა თანაგუნდელების მხარდაჭერა აკლდათ. გრიფინის შემცვლელმა თონ მეიკერმა კი თავი ვერაფრით გამოიჩინა - მან 33 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო. ინდიანას მხრიდან საუკეთესო ისევ თადეუს იანგი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. პეისერსიდან კიდევ ოთხმა მოთამაშემ შეძლო 10-ზე მეტი ქულის ჩაგდება. დომანტას საბონისმა ‘სკამიდან’ ორმაგი დუბლი შეასრულა (15 ქულა, 13 მოხსნა), კორი ჯოზეფმა კი (6 ქულა, 12 პასი) დარენ კოლისონი შესანიშნავად შეცვალა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: ქართველმა ცენტრმა ამჯერად 4 წუთი და 38 წამი ითამაშა. ზაზას ქულა არ მოუპოვებია - მის აქტივში 1 მოხსნა და 1 პასია. ფაჩულიას ორქულიანის ერთი მცდელობა ჰქონდა, საჯარიმო არ უსვრია და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ცოტა ხნის წინ, დეტროიტის პლეი ოფში გასვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები თითქოს აღარ არსებობდა, ახლა კი ვითარება შეიცვალა და ფაჩულიას გუნდმა დარჩენილ მატჩებში უნდა მოუმატოს. პისტონსისთვის უკვე ოთხივე შეხვედრა გადამწყვეტია.ზაზას გუნდი მომდევნო მატჩს 6 აპრილს, ოკლაჰომასთან სტუმრად გამართავს.

📺 ვიდეო: დეტროიტი 89:108 ინდიანა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები