Thumbnail

მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის 15 წელი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

სულ რამდენიმე თამაშიც და NBA დუეინ ვეიდს დაემშვიდობება. გამოდის ისე, რომ ლიგაში მხოლოდ ლებრონი რჩება 2004 წლის დრაფტის ლეგენდარული პირველი ხუთეულიდან, ხუთეულიდან, რომელიც ლებრონს, კარმელო ენტონის, კრის ბოშს და ვეიდს აერთიანებდა (დარკო მილიჩიჩი დელიკატურობის გამო გამოვტოვეთ).

ვეიდიც ღირსეულად მიდის, ფორმის პიკზე აღარ ეთქმის, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ რამდენიმე სეზონის თამაში მას კიდევ შეუძლია, თუმცა, ‘ფლეშმა’ სხვანაირად გადაწყვიტა. ამერიკულ პრესაში იმასაც ამბობენ, რომ არც ის არის გამორიცხული, ვეიდმა გადაიფიქროს და ერთი ან ორი სეზონი კიდეც ითამაშოს.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • პოლ ჯორჯი
  • სტეფ კარი
  • ჯოელ ემბიდი
  • კევინ დურანტი
  • რასელ ვესტბრუკი
  • სხვა მოთამაშე

სამგზის ჩემპიონი

ვეიდი ისე მიდის, არამგონია გული რამეზე წყდებოდეს. კალათბურთში მან ყველაფერი მოიგო, მათ შორის, სამჯერ NBA-ს ჩემპიონობა. ლიგაში მოსვლის შემდეგ თითქმის 10 წელი იგი ზედიზედ შედიოდა ლიგის საუკეთესო მოთამაშეების ხუთეულში და ეს მაშინ, როდესაც კობი, ლებრონი და ტიმ დანკანი თავის საუკეთესო წლებს თამაშობდნენ.

მისი ჩემპიონობები სხვადასხვანაირი გამოვიდა. ოთხი წლის მანძილზე (2010-2014), იგი ამ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დომინანტი გუნდის, ‘დიდი სამეულის’ (ლებრონი, ვეიდი, ბოში) მაიამის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ზედიზედ 4 ფინალი ითამაშა და ორი გამარჯვებაც მოიპოვა.პირველი ჩემპიონობა კი (2006 წელი) მისი ინდივიდუალური დამსახურებაა.

2006 წლის ფინალი - ყველაზე ეპიკური წარმოდგენა

კალათბურთი ის გუნდური სპორტია, რომელშიც ერთ მოთამაშეს ყველაზე მეტი გავლენა აქვს. ასე ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ინდივიდუალური გუნდური სპორტია. იმისთვის, რომ ლეგენდის, ისტორიის ნაწილი იყო, ჩაყრილი ქულების და ეფექტური სტატისტიკის გარდა, მომენტი გჭირდება, მომენტი, რომელიც სამუდამოდ შენს სახელთან იქნება ასოცირებული. ისევე, როგორც კარგ წიგნსა თუ ფილმში მთავარ გმირებს სჭირდებათ თავისი პირადი ამბავი, რათა ამ ამბით გავიცნოთ და დავიმახსოვროთ. ‘დიდი სამეულის’ მაიამი და მისი ჩემპიონობები დომინანტი გუნდის ისტორიაა, თუ ამბად, ემოციად, ვინმესთან ასოცირდება ეს ლებრონ ჯეიმსია - ლებრონის პირველი ჩემპიონობა და მისი ‘წყევლის’ თუ წარუმატებლობის დასასრული.

ვეიდის ასეთი ამბავია 2006 წლის ფინალებია. თუ არ გინახავთ, youtube-ზე მაინც ნახეთ - ეს არის ყველაზე დიადი წარმოდგენა სუპერფინალში, რომელიც კი ჯორდანის შემდეგ ვინმეს დაუდგამს.

ვეიდის ორი ჩემპიონი გუნდი

მაიამიმ ნოვიცკის დალასთან პირველი ორი თამაში სტუმრად წააგო, მესამე თამაშის მეოთხე მეოთხედში 13 ქულას აგებდა და მაშინ, როდესაც ყველაფერი დაკარგული ჩანდა, დი-ვეიდმა თავისი ისტორიის დაწერა დაიწყო - 12 ქულა ბოლო 6 წუთში, ოვერტაიმში გამარჯვება და ჯამური 42 ქულა; 36 ქულა შემდეგ თამაშში და სერია უკვე თანაბარია. 43 ქულა მეხუთე თამაშში და გადამწყვეტი ქულები ბოლო წამებში და ოვერტაიმში, გასვლაზე 36 ქულა დალასში და სერია მოგებულია. ამის აღწერას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ.

ეს იყო ყველაზე რთული და ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში დაგროვებული ქულები. იმისთვის, რომ ამ ქულების მნიშვნელობა კარგად გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ მაიამი-დალასის სერია ძალიან დაცვითი კალათბურთი იყო, ჩაყრა ორივე გუნდს უჭირდა და 6 თამაშში, ძირითად დროში, არცერთი არ ასცილებია 100 ქულას. ასეთ დაცვით თამაშში ჩაგდებული ვეიდის 40 ქულა მისი გუნდის ქულების თითქმის ნახევარია.

ეს დაახლოებით ისეა, დღევანდელ კალათბურთში სუპერფინალში ზედიზედ ოთხჯერ 50 -ქულიანი თამაშებით, რომ შენს გუნდს მოაგებინო.

ანგარიშები და ვეიდის შედეგი მოგებულ ფინალურ შეხვედრებში

კიდევ ერთი ფაქტი შეხსენებისთვის. ამ დროს ვეიდისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა. მაიამის მთავარი ვარსკვლავი ლეიკერსიდან გადაბარგებული შაქილ ონილი იყო, ვეიდი კი, სულ მესამე წელი იყო, რაც ლიგაში მოვიდა და წინა წლებში კარგად ჩატარებული პლეი ოფების მიუხედავად, მისგან ასეთ წარმოდგენას არავინ ელოდა. სუპერფინალის საუკეთესო მოთამაშე სწორედ იგი გახდა, საშუალოდ თამაშში მისი ჩაყრილი ქულების მაჩვენებელი ფინალების ისტორიაში მესამეა და ეფექტურობის მხრივ (Player Efficiency Rating) მისი შედეგი (33.8) საუკეთესოა ისტორიაში. ჯორდანიც კი არ ყოფილა ასე ეფექტური თავის მოგებულ 6 ფინალში.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დი-ვეიდმა ყველას გვაჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ველოდებით ჩვენ მისგან, მისი რწმენა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები.

My Belief is stronger than your doubts

დი-ვეიდი მუდამ გვიმტკიცებდა, რომ ‘მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები.’ მისი საყვარელი ციტატა ალბათ ყველაზე კარგად გამოდგება მისი ხასიათის და მისი თამაშის გასაგებად.

რწმენის და მტკიცე ხასიათის გარეშე ის პროფესიონალი სპორტსმენი საერთოდ ვერ იქნებოდა. მისი ისტორია სტანდარტული აფროამერიკული ისტორიაა - მშობლები ადრე გაცილდნენ, დედამისი, ჯოლინდა, თავადაც ნარკოდამოკიდებული, ნარკოტიკებს ყიდდა და რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. დი-ვეიდი ჩიკაგოს ქუჩებში ისე გაიზარდა, რომ, ფაქტობრივად, მშობლები გვერდზე არ ჰყოლია. მისივე თქმით, მის აღზრდაში და სწორ გზაზე დაყენებაში გადამწყვეტი მისი უფროსი და - ტრეჯილი იყო. სწორედ ტრეჯილმა წაიყვანა მოტყუებით (ვითომ კინოში მიჰყავდა) პატარა ვეიდი დედის სახლიდან მამამისთან, სადაც მან რამდენიმე წელი გაატარა. უფროსი და ხვდებოდა, რომ დედამისთან ცხოვრება დი-ვეიდს კარგს არაფერს მოუტანდა.

ლიგაში მის მოსვლას დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. დი-ვეიდი დრაფტზე მეხუთე ნომერი იყო, ყველამ იცოდა, რომ ის კარგი მოთამაშეა, თუმცა ბევრად უფრო მეტს ლებრონის და კარმელო ენტონისგან ელოდნენ. ვეიდმაც დაიწყო ის, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება, სხვების სკეპტიციზმსა და ეჭვებზე მაღლა დადგომა - პირველივე სეზონებში იგი პლეი ოფის გადამწყვეტ თამაშებში უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე მისი თანატოლები დრაფტიდან, თავის მესამე სეზონში კი პირადად მოიგო ჩემპიონატი.

ტალანტით იგი თავის პირველ წლებში, ვერც კარმელოს და კრის ბოშს, მით უმეტეს, ვერც ლებრონს ვერ შეედრებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მობილიზების უნარით, იგი კობისთან ერთად საუკეთესოა, ვინც კი მე მინახავს.

წაიკითხე | კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

შემთხვევითი არ არის, რომ მან მთელი კარიერა (თუ არ ჩავთვლით კარიერის მიწურულს გატარებულ სეზონნახევარს ჩიკაგოსა და კლივლენდში) მაიამიში, პატ რაილისთან გაატარა.

NBA-ს გუნდები თავისი სტილით და მსოფლმხედველობით ხშირად იცვლებიან იმ მოთამაშეების მიხედვით, ვინც ამ გუნდებში თამაშობენ. ბოსტონის და ლეიკერსის, დიდი ტრადიციული გუნდების გარდა, პოპოვიჩის სან ანტონიო და პატ რაილის მაიამი, ალბათ ორი სხვა გუნდია, რომელთაც თავისი გზა აქვთ არჩეული და თავის ფასეულობებს არასოდეს ღალატობენ.

რაილის მაიამიც სამხედრო დისციპლინაზე, გუნდურობასა და სიმკაცრეზე დგას. ერიკ სპოლესტრა მაიამიში 2008 წლიდან მუშაობს და როგორც არ უნდა წავიდეს, გუნდის საქმეები მაიამი თავის პრინციპებს არ ცვლის. მაიმის სამუშაო სტილს შაქილ ონილმა მხოლოდ 4 სეზონი გაუძლო და გუნდიდან სკანდალით წავიდა. არც ლებრონი იყო ბოლომდე კმაყოფილი პატ რაილის სიმკაცრით და ისინიც არცთუ ისე კარგად დაშორდნენ ერთმანეთს - სან ანტონიოსთან ფინალის წაგების და ლებრონის წასვლის შემდეგ რაილიმ პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ‘დიდი ჩემპიონები წარუმატებლობის შემდეგ პირველივე ღია კარიდან არ გარბიან.’

ვეიდი მაიამიში გატარებული თითქმის 15 წლის მანძილზე თავს რაილის სისტემაში ძალიან კარგად გრძნობდა - ამ ხნის მანძილზე ალბათ არცერთი ინციდენტი არ ყოფილა, რომელიც მის პროფესიონალიზმსა და მონდომებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ხასიათის სიმტკიცის გარეშე რაილის გუნდში 15 წელი ვერ გაჩერდები.

თვითრწმენა და ეჭვებზე მაღლა დადგომის უნარი არის ის, რის გამო დი-ვეიდი ასე სახიფათო იყო ბოლო წამებში. ყველა გამოთვლით იგი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეებს შორის შედის, რომელთაც თამაშის ბოლო პოზიციები შეგიძლია მიანდო.

დი-ვეიდის საყვარელი საქმიანობა მაინც მათი დასჯა იყო, ვისაც მასში ეჭვი შეჰქონდა. როდესაც კევინ დურანტმა (რატომღაც) ხმამაღლა გამოაცხადა, რომ ვეიდი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეების რიცხვში აღარ შედიოდა, მაიამი ოკლაჰომაში ჩავიდა, ვეიდი პარკეტზე სამაჯურით გამოვიდა, წარწერით - ‘თავს მიხედე - note yourself’ და მაიამიმ ის თამაში პირველ ტაიმშივე მოუგო ვესტრბრუკის და დურანტის გუნდს. ეს იყო ყველაზე მაღალი ხარისხის კალათბურთი, რომელიც კი მე ‘დიდი სამეულის’ მაიამის შესრულებით მინახავს და გარწმუნებთ, ამ წლების მაიამის რეგულარულის თამაშების აბსოლუტური უმრავლესობა ნანახი მაქვს - ეს ჩემი საყვარელი საკალათბურთო გუნდი იყო. გაბრაზებულმა ვეიდმა და ლებრონმა უბრალოდ მოსპეს ოკლაჰომა.

იგივე მოხდა სან ანტონიოსთან მოგებული ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში. მაიამი 2-1-აგებდა, გასვლაზე უშანსოდ წააგო, ვეიდმა პირველ სამ თამაშში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა (17, 10 და 16 ქულა) პრესაში ატყდა საუბარი, რომ ლებრონი მარტოა და მას არავინ ეხმარება. სან ანტონიოში გამართულ შემდეგ შეხვედრაში ‘დიდმა სამეულმა’ ერთად 85 ქულა აიღო, მათ შორის ვეიდის 32 ქულა, საუკეთესო თამაში ამ წლის პლეი ოფში და მაიამიმ გასვლაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

იგივე მოხდა, ინდიანასთან 2012 წლის პლეი ოფში, ვეიდს ეუხეშნენ, პასუხი მაიამის ადონის ჰასლემმა, ვეიდის ბავშვობის მეგობარმა დააბრუნა. ჰასლემი ყოველთვის პასუხობდა მათ, ვინც ვეიდის წინააღმდეგ ზღვარგადასულ აგრესიად იჩენდა.

ჰასლემს დისკვალიფიკაცია მისცეს, შემდეგ თამაშში კი ჰასლემის გარეშე ვეიდმა პირადად ‘დასაჯა’ ინდიანა 41 ქულით.

სწორედ ეს იყო დი-ვეიდის მთავარი ძალა - ტალანტით და თავისი მასშტაბით იგი კობის, ლებრონს და დანკანს ჩამოუვარდებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში, გადამწყვეტ ეპიზოდებში, მათზე არანაკლებ (სულ მცირე) თამაში შეეძლო.

სწორედ ამიტომ მივიდა ლებრონი მასთან და გააგრძელა თავისი კარიერა მაიამიში. მეფე ჯეიმსს სულ ერთი ნაბიჯი აკლდებოდა ჩემპიონობამდე - სულ რაღაც ღალატობდა გადამწყვეტ მომენტებში და ლოგიკურია, რომ მივიდა იმ კაცთან, რომელიც NBA-ში გადამწყვეტი მომენტების და ნაბიჯების მთავარი სპეციალისტია, იმ კაცთან, რომელიც თავისი თვითრწმენით თავის გარემოცვას (მათ შორის ლებრონს) ყველაზე რთულ მომენტებში ეხმარება.

ალტრუისტი ვარსკვლავი

NBA-ს ვარსკვლავები, ზოგადად, ეგოისტი ხალხია. ისინი ვერ იყოფენ წუთებს, ბურთს, ფულს და ა.შ. ვეიდი ყოველთვის ყველაზე ნაკლებად ეგოისტი მოთამაშე იყო - პატ რაილის სკოლა - გუნდი და მოგება შენს პირად ინტერესებს მნიშვნელოვანია.

როდესაც ლებრონი, ვეიდი და ბოში მაიამიში გაერთიანდნენ, სამივემ ხელფასი მოიკლო და დაახლოებით 15 მილიონიან კონტრაქტს დათანხმდა (შედარებისთვის, ვაშინგტონის ოტო პორტიეს დაახლოებით 26 მილიონიანი კონტრაქტი აქვს).

ვეიდი ყოველთვის სიტუაციურად მოქმედებდა. თუ, მაგალითად, შაქილ ონილი თავის საუკეთესო ფორმაში არ იყო, მას შეეძლო თამაში თავის თავზე აეღო (ისე, როგორც 2006 წლის ფინალში), ხოლო, თუ ხედავდა, რომ გუნდში ლებრონის მასშტაბის ვარსკვლავია, რომელთან ერთადაც მოგების უფრო მეტი შანსი გაქვს, მარტივად თანხმდებოდა მისი დამხმარე როლი შეეთავსებინა. სწორედ ამიტომ იყო იგი, ლებრონისთვის იდეალური თანაგუნდელი - ზუსტად იცოდა, როდის სჭირდებოდა მეფე ჯეიმსს დახმარება და როდის უნდა მიეცა მისთვის მარტო თამაშის საშუალება.

რატომ ვერ აჩერებდნენ ვეიდს?

ვეიდი 193 სანტიმეტრის სიმაღლის არის, კალათბურთელისთვის უფრო დაბალი ეთქმის, ვიდრე მაღალი და 100 კილოგრამს იწონის. მისი სიმაღლის მოთამაშისთვის ეს ძალიან დიდი წონაა. ეს წონა განპირობებულია მისი დიდი კუნთური მასით - იგი ძალიან მყარად დგას ფეხზე და მას ფიზიკურ კონტაქტს, თუნდაც ერთი თავით მაღალი მოთამაშეები ვერ უგებენ.

ვეიდი არასოდეს ყოფილა საუკეთესო მსროლელი, მისი ძლიერი მხარე, ყოველთვის შესვლის უნარი და სამწამიანზე შეტევა იყო. თავისი წონის მიუხედავად იგი ძალიან სწრაფი და სხარტია. ეს ძალიან იშვიათი კომბინაციაა, რომ ამ წონის და ასეთი ძალის მქონე მოთამაშე, ასეთი სწრაფიც შეიძლება იყოს - სწორედ ამიტომ, როდესაც იგი სამწამიანს უტევს მისი დაცვა, ძალიან რთულია.

კრის ბოში: 'ვეიდი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა ლიგაში. ის უფრო სწრაფი და უფრო სხარტია ბურთით, ვიდრე ლებრონი.'

ვეიდს თავისი სროლების ფენომენალურად დიდი ნაწილი -34.6 % - 1-მეტრამდე დისტანციიდან აქვს შესრულებული - ეს ჩატენვები და ლეი აფებია. ამ ტიპის სროლების 65 % ზუსტი იყო. მისი სიმაღლის და პოზიციის მქონე მოთამაშისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია. შედარებისთვის მისივე პოზიციაზე მოთამაშე კობის ამ დისტანციიდან თავისი სროლების 21 პროცენტი აქვს შესრულებული, სტეფ კარის - 17 %, კაირი ირვინგს, რომელიც თანამედროვე მოთამაშეებში ყველაზე მეტად მაგონებს ვეიდს (კაირი უკეთ ისვრის, თუმცა ვეიდი უფრო ათლეტურია) -25.5 %. 

იგი ორქულიანი დისტანციიდან ძალიან კარგად ისროდა - 50.2 % ზუსტი სროლები, კარიერის საუკეთესო წლებში (2005-2014) იგი 50 პროცენტიან მაჩვენებელს მხოლოდ ერთხელ ჩამოსცდა -იმის გათვალისწინებით, რომ ამ დისტანციიდან მას სტაბილურად უწევდა თამაშში 15 და მეტი სროლის შესრულება, ეს ძალიან კარგი რიცხვია.

მიუხედავად იმისა, რომ ვეიდი საუკეთესო მსროლელი არ იყო, თავისი ‘სქილებისა’ და ათლეტიზმის წყალობით, ყოველთვის ახერხებდა იმ დისტანციაზე მოხვედრას, საიდანაც ყველაზე შედეგიანად უტევდა.

შენიშვნა: დანარჩენი სროლები სამქულიანებსა და ჯარიმებზე მოდის.

იგი ყველაზე ეშმაკი (ამერიკელები tricky-ს რომ იტყვიან ისეთი) მოთამაშე იყო, რომელიც მინახავს. მისი კოორდინაცია, მოძრაობის დროს სისწრაფის ცვლილება, სივრცის და დისტანციის აღქმა NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ანუ დეტალები, რომლებიც იოლად არ ჩანს, თუმდა დი-ვეიდი სწორედ მათი წყალობით იყო შეუჩერებელი.

ვეიდს ხელოვნებამდე ჰქონდა აყვანილი ჯარიმების მიღების უნარი. დალასსთან ცნობილ ფინალში მან 6 თამაშში 97 (!) ჯარიმა ისროლა, მათ შორის 25 ჯარიმა მეხუთე თამაშში. თავის საუკეთესო სეზონებში ვეიდი თამაშში 10 ჯარიმას ისროდა - შედარებისთვის კაირი ირვინგი თამაშში 5 ჯარიმიან მაჩვენებელს არასოდეს გადასცდენილა, სტეფ კარის საუკეთესო შედეგი კი - 5.9 ჯარიმაა თამაშში. ამ უნარით თანამედროვეებიდან მას მხოლოდ ჯეიმს ჰარდენი შეედრება (ასევე 10 ჯარიმა საუკეთესო სეზონებში).

ვეიდი თავისი აგრესიისა და ათლეტიზმის წყალობით ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. ‘დიდი სამეულის’ მაიამიც სწორედ პერიმეტრის აგრესიული დაცვით, ჩაჭრებით, მოპარვებითა და შემდეგ ღია კორტში შეტევით გამოირჩეოდა. როდესაც სივრცეში ღია კორტს ვეიდი და ლებრონი უტევენ, მეტოქეს შანსი არ აქვს.

ვეიდი არასოდეს ყოფილა მოთამაშე, რომელიც მთელი გუნდის თამაშს თავის თავზე ირგებს, პირად სტატისტიკას აკეთებს, თუმცა გუნდის შედეგები არ უმჯობესდება - მის კარიერაში 5 სეზონია, როდესაც მან გუნდს პირადად მოუტანა 10-ზე მეტი გამარჯვება (ე.წ. win shares). მისი კარიერული გამოყენების ინდექსი 31.4 პროცენტია, ეს ნიშნავს, რომ იგი კობი ბრაიანტივით იყო თავის გუნდის თამაშში ჩართული (31.8 %). შეხსენებისთვის, ვეიდის მაიამი ბოლო 15 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური გუნდია. მოკლედ, რომ ვთქვათ, იგი მთლიანად უძღვებოდა ბოლო 15 წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის თამაშს.

2015 წლამდე არცერთი წელი არ ყოფილა, რომ ვეიდის პარკეტზე ყოფნის მომენტში მის გუნდს უარყოფითი სხვაობა ჰქონოდა, როგორც შეტევით, ისე დაცვით პოზიციებში. შემთხვევითი არ არის, რომ ‘დიდი სამეულის’ მაიამის კრიზისიც მაშინ დაიწყო, როდესაც ვეიდს ძველებურად თამაში აღარ შეეძლო.

წაიკითხეახალი თამაში - სტეფ კარის NBA

რატომ დადგა ვეიდის კრიზისი?

ვეიდის კარიერაში ორი ეტაპი ძალიან მკვეთრად გამოიყოფა. 2013 წლამდე იგი სხვა მოთამაშეა, შემდეგ მისი კრიზისის ეტაპი იწყება, ხოლო თუ ვეიდი მხოლოდ 2015 წლის შემდეგ გახსოვთ, ჩათვალეთ, რომ ‘ფლეში’ არ გინახავთ.

მისი კრიზისი პერმამენტულ ტრავმებს უკავშირდება - მას მუდამ აწუხებდა მუხლები და როდესაც თამაშობდა, მაშინაც კი არ შეეძლო თავისი ფიზიკური ფორმის პიკზე ყოფილიყო. როგორც აღვნიშნე, მას დიდი კუნთური მასა აქვს და ამ აგებულების მქონე მოთამაშეებისთვის ასაკში ათლეტიზმის შენარჩუნება უფრო რთულია. სისწრაფისა და ათლეტიზმის გარეშე ვეიდი თავის საუკეთესო თვისებებს კარგავს.

მისთვის ყველაზე პრობლემური ყოველთვის სამქულიანი სროლა იყო. იგი 29.2 პროცენტით ისროდა სამქულიანი დისტანციიდან და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდა ამ სროლას (1.8 სროლა თამაშში). მისი კარიერის მანძილზე, იგი თამაშში მხოლოდ 0.5 სამქულიანს აგებდა და საუკეთესო წლებშიც კი მხოლოდ ერთხელ, 2008/09 წლებში ჰქონდა თამაშში ერთზე მეტი ჩაგდებული სამიანი (1.1)

მისი სისწრაფისა და ათლეტიზმის გარეშე ვეიდი ვერც ახლო მანძილზე ხვდებოდა ფართან და შორი მანძილიდან ყველაზე სახიფათო არც არასოდეს ყოფილა.

სტატისტიკის და სამგზის ჩემპიონობის მიღმა, ვეიდი მუდამ დარჩება იმ მოთამაშეს, რომელსაც ისეთი სროლის ჩაგდება შეეძლო, რასაც სხვასთან ვერ ვნახავთ. იგი ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო კალათბურთელი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა - შემთხვევითი არ არის, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ვეიდი ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენს დაემშვიდობა, არენას, სადაც მაიამი ძალიან არ უყვართ - ამის მიუხედავად აპლოდისმენტები მის მიმართ გარდენში არ შემწყდარა.

კომენტარები

ბოლო ამბები