Thumbnail
  • კატალონიური კლუბი უმტიტის, კოუტინიოსა და რაკიტიჩს დაემშვიდობება
  • მიღებული თანხით ბარსელონას ახალი ტრანსფერების განხორციელება სურს 

ბარსელონა მომავალ ზაფხულს ტრანსფერებით საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავებას აპირებს. როგორც ESPN იუწყება, კატალონიური კლუბი იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებსაც სამწვრთნელო შტაბი ნდობას არ უცხადებს, ასევე შეელევა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს: სამუელ უმტიტის, ივან რაკიტიჩსა და ფილიპე კოუტინიოს, რომელთა გასხვისება დიდ ფასად შეიძლება.

ფეხბურთელების გაყიდვიდან ბარსელონა 300 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს, შემოსული თანხით კი კლუბი ახალი მოთამაშეების შეძენას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკვე გაიფორმა აიაქსის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი. ტრანსფერებიდან მიღებულ თანხას კი სავარაუდოდ, მატეის დე ლიხტის, ლუკა იოვიჩისა და ანტუან გრიზმანის დასამატებლად გამოიყენებს.

კოუტინიო ბარსელონაში ლივერპულიდან 106 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა

ფილიპე კოუტინიოს საბაზრო ფასად 100 მილიონ ევროს ასახელებენ. ცნობილია, რომ 26 წლის ბრაზილიელი ბარსაში თავს კარგად ვერ გრძნობს და კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს. კოუტინიო შესაძლოა ინგლისშიც დაბრუნდეს, სადაც მისით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება.

სამუელ უმტიტიმ ლა ლიგის ამ სეზონში სულ 9 მატჩში ითამაშა

Transfermarkt სამუელ უმტიტის, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 70 მილიონ ევროდ აფასებს. ცნობილია, რომ 25 წლის მცველის გადაბირებით მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის არსენალი ინტერესდებიან.

ბარსელონამ რაკიტიჩი 2014 წელს, სევილიასგან 18 მილიონ ევროდ შეიძინა

31 წლის ივან რაკიტიჩით, რომელთანაც კატალონელებს 2021 წლის ზაფხულამდე გათვალისწინებული კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურთ, მილანის ინტერია დაინტერესებული. ბარსელონა კი ხორვატში, სულ ცოტა, 50 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები