Thumbnail

‘რატომაც არა!’ - ჟოზე მოურინიოს მიუნხენის ბაიერნში მუშაობა სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იტალიური და გერმანული მედია ჟოზე მოურინიოს ბედს ბაიერნს უკავშირებს
  • როგორც ჩანს, პორტუგალიელი მზადაა, ბუნდესლიგაში მუშაობას დათანხმდეს

რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ვწერდით, რომ მიუნხენის ბაიერნი ჟოზე მოურინიოს მიწვევას აპირებს. ბავარიულ გრანდში ნიკო კოვაჩს, დიდი ალბათობით, არ დატოვებენ, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ცხადია, რომ თუ რეკორდმაისტერი გერმანიის ჩემპიონობას ვერ მოიპოვებს, კოვაჩის გაშვება მალევე გადაწყდება.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გერმანიაში მუშაობა მისთვის წარმოუდგენელი არ არის. “გერმანია ის ქვეყანაა, სადაც ჯერ არ მიმუშავია. ვიფიქრებ თუ არა ბუნდესლიგაში მუშაობაზე? რატომაც არა! ვნახოთ, მექნება თუ არა შემოთავაზება,” - უთხრა 56 წლის პორტუგალიელმა გაზეთ ‘რეკორდს’.

კითხვაზე, რა მიზნები აქვს მოურინიოს, ჟოზემ ასე უპასუხა: “მინდა, ვეცადო, რომ ჩემპიონთა ლიგა მესამედ, მესამე გუნდით მოვიგო. ასევე მინდა, რომ მეხუთე ქვეყნის ჩემპიონობაც ვიზეიმო.”

ჟოზე მოურინიო მზადაა, ბაიერნს დათანხმდეს - თუკი მიუნხენში დაუძახებენ

თუკი მოურინიოს მართლაც ასეთი მიზნები აქვს, გამოდის, რომ მიუნხენის ბაიერნი მისთვის იდეალური ვარიანტია. ჟოზეს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული - 2004 წელს პორტუსთან, 2010-ში კი მილანის ინტერთან ერთად. ქვეყნის ჩემპიონობები კი მან ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს და მას მერე უმუშევარია. ცოტა ხნის წინ მან თქვა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატშიც სიამოვნებით იმუშავებდა, მაგრამ პარი სენ-ჟერმენში თომას ტუხელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ და, როგორც ჩანს, ჟოზეზე არც კი უფიქრიათ...

კომენტარები

ბოლო ამბები