Thumbnail

განახლებული სანტიაგო ბერნაბეუს მაკეტი - ეს მომავლის საუკეთესო არენა იქნება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალი უახლოეს მომავალში "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციას გეგმავს
  • არენას მოძრავი სახურავი და ტაბლო ექნება, რეკონსტრუქცია კი 525 მილიონი დაჯდება
  • სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება და სამნახევარ წელიწადში დასრულდება

მადრიდის რეალი უახლოეს მომავალში "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციას გეგმავს. სამუშაოები სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება და დაახლოებით სამნახევარი წელიწადი გაგრძელდება. 

რეკონსტრუქციის პროექტი რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და მადრიდის მერმა მანუელა კარმენამ წარმოადგინეს. პერესი ირწმუნება, რომ განახლებული "სანტიაგო ბერნაბეუ" ესპანეთის დედაქალაქის "ავანგარდის სიმბოლო" გახდება.

არენის რეკონსტრუქციის გეგმასთან დაკავშირებით რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ისაუბრა:

"ეს არის ადგილი, სადაც მადრიდისტები უკვე 117 წელიწადია ერთიანდებიან. ეს ჩვენი სახლია. რეალი ყველას კლუბია, რომელსაც გულშემატკივრები მართავენ. ჩვენ დღემდე ამ ფასეულობებით მოვედით. ახალი "სანტიაგო ბერნაბეუ" მომავლის საუკეთესო სტადიონი იქნება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ რეალისთვის, არამედ ქალაქისთვის იქნება".

ახალი არენა 10-12 მეტრით მაღალი იქნება (ამჟამინდელი სიმაღლე 45 მეტრს აღწევს). სტადიონს მოძრავი სახურავი ექნება, კომპლექსში იქნება სასტუმროც და მოეწყობა კიბერსპორტული ზონები. ასევე იგეგმება მადრიდის რეალის მუზეუმის გაფართოება, სტადიონზე კი 360 გრადუსით მოძრავი ვიდეოტაბლოს დამონტაჟება. არენის ტევადობა არ გაიზრდება და ის კვლავაც 81 044-ადგილიანი იქნება. ნაგებობის გვერდით განთავსებულ სავაჭრო ცენტრს გააუქმებენ, მის ადგილზე კი 6 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სკვერი მოეწყობა.

რეალს "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქცია დაახლოებით 525 მილიონი ევრო დაუჯდება. გამორიცხული არაა, არენის სახელწოდებაში სპონსორის სახელიც შეიტანონ.

"სანტიაგო ბერნაბეუ" 1947 წელს აიგო და თავდაპირველად მისი სახელწოდება "ნუევო ჩამარტინი" იყო. მას შემდეგ სტადიონს რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა: 1954, 1982 და 2001 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები