Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა დასავლეთ კონფერენციის ცენტრალური მატჩი მოიგო
  • უორიორსმა დენვერი 116:102 დაამარცხა
  • კევინ დურანტმა ნერვები ვერ მოთოკა და თამაში ნაადრევად დაატოვებინეს

NBA-ს რეგულარული სეზონის მიწურულს გოლდენ სტეიტმა დღის ცენტრალური მატჩი დამაჯერებლად მოიგო და, დიდი ალბათობით, დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს დაიკავებს. კონფერენციის ლიდერების მატჩში, უორიორსმა დენვერ ნაგეთსი 116:102 დაამარცხა. სტივ კერის გუნდს 5 შეხვედრა აქვს დარჩენილი და 53 მოგებითა და 24 მარცხით ლიდერობს, დენვერს კი უკვე 2 მოგებით (51/26) უსწრებს.

ოკლენდელთა მხრიდან საუკეთესო დემარკუს კაზინსი გახლდათ - გოლდენ სტეიტის ცენტრმა 28 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მას 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაც ჰქონდა. კარგად თამაშობდა კევინ დურანტიც, მაგრამ პარკეტზე გატარებული 21 წუთის შემდეგ ორი ტექნიკური ჯარიმის გამო, თამაში ნაადრევად დატოვა. შესაბამისად, მან საბოლოოდ “მხოლოდ” 21 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან დაახლოებით 4 წუთში, დურანტი პოლ მილსეპის დაჯარიმებას ითხოვდა, რის გამოც ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, კევინი არ დამშვიდდა და მეორე ტექნიკურიც მიიღო.

“მიმაჩნია, რომ დურანტმა პირველი ტექნიკური ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ მეორეს აღარ იმსახურებდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

📺 ვიდეო: კევინ დურანტის გაძევება

დურანტს ამ სეზონში უკვე 15 ტექნიკური ჯარიმა აქვს მიღებული და დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრება: NBA-ს წესების მიხედვით, 16-ის შემდეგ მოთამაშემ ერთი მატჩი უნდა გამოტოვოს. აღსანიშნავია, რომ გოლდენ სტეიტში დრეიმონდ გრინსაც 15 ტექნიკური ჯარიმა აქვს.

სტეფ კარიმ 17 ქულა ჩააგდო, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზედიზედ მე-9 მატჩში შეძლო მინიმუმ 5 სამქულიანის ჩაგდება - ამ პერიოდში მას 109 მცდელობიდან 56 სამიანი აქვს ჩაგდებული (51,4 პროცენტი).

დენვერისთვის ეს ზედიზედ მეორე და ბოლო 4 მატჩში მესამე წაგება იყო. ნაგეთსი დასავლეთ კონფერენციის ლიდერობას ვერ შესწვდა და მეორე ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას - ჰიუსტონ როკეტსი (50/28) დენვერს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება, თუმცა ამ დროისთვის, ნაგეთსზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 116:102 დენვერი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები