Thumbnail

'ქართველისთვის ოჯახი ყველაფერია' - ბეჟანიშვილი ილინოისის ფანებს შეხვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი ბეჟანიშვილი ილინოისის ფანებს SportsTalk-ზე შეხვდა
  • სეზონი დასრულებულია, მზადება ახლისთვის

ერთი წლის წინათ, გიორგი ბეჟანიშვილი უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში სრულიად უცნობი მოთამაშის სტატუსით ჩაირიცხა, მაგრამ პირველივე წელს 20 წლის მოთამაშის სენსაციურმა თამაშმა ქართველ კალათბურთელს უამრავი ფანი გაუჩინა - უნივერსიტეტის კამპუსში მას მუდამ ელოდებიან ავტოგრაფის სათხოვნელად, ან ფოტოს გადასაღებად. 

გულშემატკივრების სიყვარულის დადასტურებაა, გიორგის ვიზიტი SportsTalk-ზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო.

ბეჟანიშვილს სუპერსადებიუტო სეზონი ჰქონდა

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ახლა ვხვდები, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ. არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი, სამწვრთნელო შტაბი, ყველა. ჩვენ მართლაც ბევრი ვიშრომეთ და კარგია, როცა ვხედავთ, რომ ეს ფანებისგან გვიფასდება. როცა შრომობ, ყოველთვის ფიქრობ, რომ ამას შენთვის არ აკეთებ, არამედ ყველასთვის, ერთი მთლიანი "ფორთოხლისფერი" ოჯახისთვის", - განაცხადა ქართველმა კალათბურთელმა. ილინოისი NCAA-ს მატჩებს სწორედ ამ ფერის მაისურებით ატარებს.

ფანებთან შეხვედრა

ოჯახი ბეჟანიშვილისთვის ბევრს ნიშნავს, ის ხომ წარმოშობით საქართველოდანაა. ოჯახი ისაა, რაც მას ყველაზე მეტად ენატრება, რადგან მისგან შორს უხდება მოღვაწეობა:

"დიახ, ყველაფერი მენატრება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ყველაზე მეტად მეგობრები და ურთიერთობები მენატრება, რაც შორს სამშობლოში დარჩა. ყოველდღიურად ტელეფონით ვუკავშირდები, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. 

ბეჟანიშვილის ოჯახი დიდი არ არის, ეს თავად, მისი ძმა დავით, დედა ლალია, რომლებიც ვენაში ცხოვრობენ, ასევე ბებია და ბაბუა რუსთავში. გიორგი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები ამაყობენ, რომ იგი ილინოისში ერთი დიდი ოჯახის წევრი გახდა:

ქართველი ილინოისში პოპულარულობით სარგებლობს

"ქართველისთვის ოჯახი ყველაფერია. ბევრი რამ კარგავს აზრს უამისოდ, თუ ოჯახი კარგადაა, ჩვენც კარგად ვგრძნობთ თავს. თუ ერთად ვართ, ესე იგი ბედნიერები ვართ", - თქვა გიორგიმ SportsTalk-ზე.

მისი უფროსი ძმა დავითი იმ დროს იყო ამერიკაში ჩასული, როცა ილინოისს კარგი სერია ჰქონდა, მათ შორის გამარჯვება მიჩიგანზე. 

"მას კარგი ფეხი ჰქონდა, სხვათა შორის, მითხრა, რომ ჩამოვიდოდა არ წაგვეგო, თორემ მეჩხუბებოდა". 
"არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობთ, ჩვენი დიდი ოჯახი მუდამ ჩვენთანაა - ფანები ნიუ იორკშიც გვამხნევებდნენ და როცა მაუიში ჩავედით, მთელი დარბაზი ფორთოხლისფერებში იყო".

იანვარში ილინოისში რეკორდული ყინვები იყო და გიორგის საყვარელი ველო Lambo გაუფუჭდა, ჯაჭვი გაიყინა. გიორგი იძულებული გახდა მას დამშვიდობებოდა. ახლა ქართველმა კალათბურთელმა ელექტროსკუტერი შეიძინა. "ის დღეს ჩამომივიდა. მწვრთნელმა ანდერვურდმა გაიკვირა, Lambo-ს გარეშე როგორ იქნებიო. ახლა მე ჩემი Ferrari-თ ვივლი და ფანებიც ხშირად მნახავენ კამპუსში და შამპეინში", - განაცხადა ბეჟანიშვილმა. შამპეინი ილინოისთან პატარა ქალაქია, სადაც ცხოვრობს გიორგი.

ილინოისმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, გუნდი არასრული შემადგენლობით "აბენის" კომპლექსში შეიკრიბა და ფიზიკური მომზადების მწვრნელ ადამ ფლეტჩერთან ერთად ივარჯიშა.
"მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ბიჭებმა ვივარჯიშეთ, მწვრთნელებს მოვუსმინეთ. ყველა შევთანხმდით, რომ ყველაფერს გავიღებთ, რომ მომავალ სეზონში გუნდმა წარმატებით ითამაშოს", - განაცხადა ბეჟანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ NCAA-ს მისთვის სადებიუტო სეზონში გიორგი ბეჟანიშვილი თამაშში საშუალოდ 13.5 ქულასა და 5.6 მოხსნას აკეთებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები