Thumbnail
  • 📅 3 აპრილი | ⌚ 23:00 | ⚽ ჯენოა V ინტერი
  • ამ გუნდების ბოლო 11 დაპირისპირებაში ფრე არ დაფიქსირებულა
  • გენუელებს პირველ წრეში მწარე მარცხისთვის რევანში აქვთ ასაღები
  • მაურო იკარდი ინტერში 9 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშებს

იტალიური სერია A-ს 30 ტურის შეხვედრები შუა კვირაში იმართება. საინტერესო დაპირისპირება გენუაში უნდა შედგეს, სადაც ჯენოასთან სათამაშოდ მილანის ინტერი ჩადის.

მატჩის წინ მთავარი სიახლე ისაა, რომ "ლუიჯი ფერარისზე" ნერაძურის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი დაუბრუნდება. შეხვედრა საინტერესო მხოლოდ ამ მიზეზით არ უნდა გამოვიდეს. ცხრილის შუაში მყოფი მასპინძლებისთვის ქულები სასიცოცხლოდ აუცილებელი ამ ეტაპზე ნამდვილად არაა, თუმცა ინტერს, რომლსაც სამეულში ადგილი დასაცავი აქვს, ბოლო დროს გენუელებთან სტუმრობა არცთუ კარგად აქვს დაცდილი - ჯენოასთან გასვლაზე 2011 წლის შემდეგ არ მოუგია, ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი კი სულაც 0-ზე დათმო. 

ჯენოა

ჩეზარე პრანდელი ჯენოას დეკემბრიდან წვრთნის, მის ხელში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება კი გუნდმა ბოლოსწინა ტურში იზეიმა. ჯენოამ საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით, არც მეტს და არც ნაკლებს, თვით ტურინის იუვენტუსს მოუგო (2:0), რომელსაც მანამდე ჩემპიონატში წაგება არ ჰქონდა.

პრანდელის გაკვეთილებმა  ჯენოას თამშში სტაბილურობა ჯერჯერობით ვერ მოიტანა

მაგრამ ეიფორია სწრაფადვე განელდა - წინა ტურში ჯენოა სტუმრად უდინეზესთან ასეთივე ანგარიშით დამარცხდა და დაამტკიცა, რომ ძველებურად ძალიან არასტაბილურია. არასტაბილურად გამოსვლის გარდა, ჩეზარე პრანდელის პრობლემა გუნდში არაჯანსაღი ატმოსფეროც გახდა. იტალიურმა მედიამ დაწერა, რომ უდინეზე-ჯენოას მატჩის შესვენებაზე სტუმართა გასახდელში ჩხუბი მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთმანეთს ბოსნიელი ერვინ ჟუკანოვიჩი და პორტუგალიელი პედრუ პერეირა დაეტაკნენ, ამ უკანასკნელს კი თანამემამულე მიგელ ველოზუ მიეშველა. საბოლოოდ ჟუკანოვიჩმა და ველოზუმ ერთმანეთთან და გუნდთან ბოდიშები მოიხადეს და ჯარიმებიც გადაიხადეს, მაგრამ რამდენად ამაღლებული განწყობით ხვდებიან ახლა ინტერთან თამაშს, ძნელი სათქმელია.

ჯენოას კიდევ ერთი პრობლემა დომენიკო კრიშიტოს დისკვალიფიკაციაა. მცველმა უდინეზესთან სეზონის მეათე ყვითელი ბარათი მიიღო და ამჯერად ვეღარ ითამაშებს. პრანდელის ტრავმირებული ჰყავს ნახევარმცველი ოსკარ ჰილემარკი და ანდრეა ფავილი. 

ინტერი

მაურო იკარდი ინტერს კაპიტნის სამკლაურით აღარ გაუძღვება

მაურო იკარდიმ ბოლოს 9 თებერვალს ითამაშა. პარმასთან მატჩის (1:0) შემდეგ კლუბმა 26 წლის არგენტინელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და მას შემდეგ მაურო მოედანზე აღარ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ნერაძურიმ ეს ფორვარდის ცოლისა და აგენტის, ვანდა ნარას საქციელის გამო გააკეთა, რომელიც ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დროს კლუბს აკრიტიკებდა. მოგვიანებით არგენტინელმა განაცხადა, რომ პრობლემები მუხლთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა მისი უთამაშებლობის მიზეზი რომ სხვა იყო, ყველა ხვდებოდა.

როგორც ჩანს, ინტერში იკარდის პრობლემა ამოწურულია. ჯენოასთან მატჩის წინ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: 

"იკარდი განაცხადშია. მაროტამ (ინტერის გენერალური დირექტორი) დიდი სამუშაო ჩაატარა, რათა მხარეებს ნამდვილი და არა ვირტუალური მოლაპარაკებები გაემართათ. ახლა მაუროს შეუძლია გუნდის დახმარება და ხვალ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. იკარდის ბოლო მოვლენებზე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორი რეაგირება ჰქონდა, რაც ფიზიკურზე მნიშვნელოვანია. ვნახოთ, რამდენად დიდ ხანს შეუძლია მოედანზე ყოფნა. შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ მისი შეცვლა მოგვიხდეს".
 
სპალეტის გუნდს გენუაში შიმე ვრსალკო, სტეფან დე ვრეი და ლაუტარო მარტინესი ვერ დაეხმარებიან. 

პირველ წრეში ინტერმა გენუა 5:0 გაანადგურა, გალიარდინიმ კი დუბლი შეასრულა

საინტერესო ფაქტები

⚽ ჯენოას და მილანის ინტერის ბოლო 11 დაპირისპირებაში ფრე არ დაფიქსირებულა. 6-ჯერ ნერაძურიმ მოიგო, 5-ჯერ - ჯენოამ. 

⚽ ჯენოამ მილანის ინტერს იტალიის ჩემპიონატში გამართული ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა მოუგო.

⚽ მილანის ინტერისა და ჯენოას ბოლო შვიდი დაპირისპირებიდან ექვსში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ მილანის ინტერმა "ლუიჯი ფერარისზე" ჩატარებული ბოლო ექვსი შეხვედრიდან ხუთში გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

⚽ იტალიის ჩემპიონატში ჯენოას ბოლო ხუთ შეხვედრაში სულ 5 გოლი გავიდა და თამაშში 2-ზე მეტი - არცერთში.

⚽ სერია A-ში ჯენოას ბოლო 8 საშინაო მატჩში ზედიზედ ერთი და იგივე შედეგი არცერთხელ დაფიქსირებულა. 

⚽ ახლა გენუის გუნდს შანსი აქვს, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ 26 სექტემბერის შემდეგ პირველად მოიგოს. 

⚽ ჯენოამ ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში არათუ გამარჯვება, გოლის გატანაც ვერ მოახერხა. ამ მონაკვეთში მხოლოდ ლიდერ იუვენტუსს მოუგო.

⚽ ჯენოამ საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლი 9 მატჩიდან 3 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 1 დათმო. 

⚽ ამ სეზონში მილანის ინტერის 12 მატჩი ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ამ ანგარიშით 7-ზე მეტი შეხვედრა ჩემპიონატის სხვა არცერთ გუნდს დაუსრულებია.

⚽ ამ სეზონში ინტერის მატჩებში საშუალოდ 2,34 გოლი გადის. ამაზე დაბალი შედეგიანობა მხოლოდ ტორინოს შეხვედრებში ფიქსირდება.

ინტერის მთავარმა ფანკლუბმა Curva Nord-მა იკარდის გაშვება მოითხოვა

სავარაუდო შემადგენლობები

ჯენოა (4-4-1-1): რადუ - პერეირა, რომერო, ჟუკანოვიჩი, პეცელა - ლერაგერი, როლონი, რადოვანოვიჩი, ლაზოვიჩი - სანაბრია - კუამე.

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, მირანდა, შკრინიარი, დალბერტი - გალიარდინი, ბროზოვიჩი - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი. 

კომენტარები

ბოლო ამბები