Thumbnail

დიდი 10-ის ინტრიგა - ვის რა შანსი აქვს ბოლო ტურის წინ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიდი 10-ის რეგულარულ სეზონში ბოლო ტურის მატჩებს ელიან
  • ბრძოლა პლეი ოფისა და გადარჩენისთვის

დიდი 10-ის რეგულარული სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. 6 აპრილს გუნდები ბოლო ტურის მატჩებს ითამაშებენ და პლეი ოფში გამსვლელებსა და უმაღლეს ლიგაში დამრჩენთა ვინაობას გაარკვევენ.

რეგულარული სეზონის გამარჯვებული ბათუმი გახდა. მათ 17-დან 15 მატჩი მოიგეს და 66 ქულით დიდი 10-ის ცხრილში პირველ ადგილზე არიან. დიდი ბრძოლა გაიმართება მეორე ადგილისთვის, რუსთავის ხარები და ლოკომოტივი ბოლო ტურში აუცილებლად მოგებისთვის იბრძოლებენ. დაძაბული ბრძოლაა ცხრილის ქვედა ნაწილშიც, სადაც არმია დარჩენისთვის იბრძვის, ხოლო პატარძეულის ვეფხვებსა და აკადემიას გავარდნის საფრთხე მაინც ემუქრებათ.

აკადემია V ლელო

აკადემიას 27 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. მე-17 ტურში გუნდმა ხარებთან 12:18 წააგო და მნიშვნელოვანი ბონუს ქულა მოიპოვა. ისინი ბოლო ადგილზე მყოფ არმიას 3 ქულით უსწრებენ და გამარჯვების შემთხვევაში დარჩენისთვის იბრძოლებენ. მე-9 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, აკადემიას პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან პლეი ოფის ორმატჩიანი დუელი ელის.

გამარჯვება ლელოსაც სჭირდება. შესაძლოა, ეს გუნდი საპლეიოფო ექვსეულს მიღმა დარჩეს. ლელოს 36 ქულა აქვს და ჯიქს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. თუ აკადემია ლელოს დაამარცხებს და ჯიქი თავის შეხვედრას მოიგებს, ლელო ექვსეულს მიღმა დარჩება.

არმაზი V ბათუმი

არმაზსაც ლელოს მსგავსი სიტუაცია აქვს. მათ 36 ქულა აქვთ და ლელოსა და ჯიქის მოგების შემთხვევაში პლეი ოფს მიღმა რჩებიან, თუმცა მატჩის მასპინძლებს ის უპირატესობა აქვთ, რომ მეტოქე უმოტივაციოა. ბათუმმა რეგულარულის ჩემპიონობა გაინაღდა და ბოლო ტურში წაგების შემთხვევაშიც კი პირველ ადგილზე რჩება. არმაზს კი მოგება სჭირდება, რათა პლეი ოფში გავიდეს.

დასრულდა დიდი 10-ის XVII ტური, სადაც 37 ქულით მე-5 ადგილზე ვიმყოფებით. პლეიოფამდე დარჩენილია მხოლოდ ერთი ტური სადაც არმაზი საკუთარ მოედანზე ბათუმს დაუპირისპირდება. #უგულშემატკივრეარმაზს 🦁

Posted by რაგბის კლუბი არმაზი / Rugby Club Armazi on ორშაბათი, 01 აპრილი, 2019

არმია V ჯიქი

ეს მატჩი ტურის ცენტრალურ შეხვედრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. არმიას მოგება ძალიან სჭირდება, რათა დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნოს, ხოლო ჯიქი გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება პლეი ოფში მოხვდეს. ორივე გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს მოსაგებად. პირველი წრის მატჩი არმიასა და ჯიქს შორის, ჯიქის გამარჯვებით, 11:6 დასრულდა.

ლოკომოტივი V აია

ლოკომოტივი მე-2 ადგილისთვის იბრძვის, ხოლო აიას მე-4 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა. ლოკოს შანსი აქვს, რომ ხარებს გადაასწროს, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება აიას, არსებობს შანსი, რომ აია პლეი ოფს მიღმა დარჩეს, მაგრამ ეს შანსი მინიმალურია, რადგანაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ აიას უკან მყოფმა სამივე გუნდმა შეძლოს მოგება თამაშების სირთულიდან გამომდინარე.

ვეფხვები V ხარები

პატარძეულის გუნდს 29 ქულა აქვს და დიდი ალბათობით, უმაღლეს ლიგაში ადგილიც შენარჩუნებული აქვს. ვეფხვებმა ბოლოსწინა ტურში ქუთაისში აიას მოუგეს და დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. რაც შეეხება ხარებს, რუსთაველებს მეორე ადგილის განაღდება სურთ და ვეფხვებთან მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები