Thumbnail

დათვრა და იჩხუბა - ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდი სკანდალში გაეხვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეკარემ ერთ-ერთ პაბში იჩხუბა
  • ჯორდან პიკფორდი შემთხვევის ადგილს მეგობრებმა გაარიდეს
  • მომხდართან დაკავშირებით განცხადება ევერტონმაც გააკეთა

ევერტონისა და ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდი სკანდალის მონაწილე გახდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 25 წლის მეკარემ სანდერლენდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ პაბში იჩხუბა.

ჯორდან პიკფორდმა მეგობრებთან ერთად, ინგლისის ფეხბურთის ლიგის თასის ფინალს უყურა, რომელშიც მისი ყოფილი კლუბი სანდერლენდი პორტსმუთთან პენალტების სერიაში დამარცხდა. როგორც ტაბლოიდი The Sun-ს თვითმხილველმა განუცხადა, ინგლისელი მეკარე მთელი საღამოს განმავლობაში სვამდა.
 
"ის ძალიან ამაზრზენად იქცეოდა. თამაშის დაწყებამდე გამომწვევად დააქროლებდა თავის  Lamborghini-ს. შემდეგ ქალაქში მეგობრებთან ერთად დაბრუნდა და იჩხუბა, გაიხადა მაისურა და რაღაცას ხმამაღლა გაჰყვიროდა", - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ჯორდან პიკფორდმა ინგლისის ნაკრების კარი 17 მატჩში დაიცვა 

გადმოცემით, ნასვამი პიკფორდი პაბში გამომწვევად იქცეოდა, რაც არ მოეწონა ერთ-ერთი იქ მყოფთაგანს, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა. უცნობმა მეკარეს დამშვიდებისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოყვა. სხვა ვერსიით, მეკარემ უცნობისგან მისი მეგობარი გოგონას შეუარცხყოფა ვერ აიტანა. საბოლოოდ პიკფორდი ინციდენტის ადგილს მეგობრებმა გაარიდეს, ჩასვეს ტაქსიში და შინ წაიყვანეს.

სანდერლენდში მომხდარი ჯგუფური გაწევ-გამოწევის ფაქტი ადგილობრივმა სამართალდამცველებმაც დაადასტურეს და დასძინეს, რომ შედეგად არავინ დაშავებულა და არც არავინ დაუკავებიათ.

ამბავს ევერტონის პრესსამსახურიც გამოეხმაურა. კლუბში განაცხადეს, რომ მათთვის ცნობილია გუნდის ერთ-ერთი წევრის სავარაუდო ინციდენტის შესახებ და საკითხს სწავლობენ.

ჯორდან პიკფორდი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, 2017 წელს ევერტონმა სანდერლენდს მის ტრანსფერში 29 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები