Thumbnail

ლებრონი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წავა! პრიორიტეტი Space Jam 2-ის გადაღებებია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლებრონ ჯეიმსმა ოლიმპიადაზე, შესაძლოა, ითამაშოს
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას კი გამორიცხავს

კალათბურთის სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაზე ფიქრობს და, შესაძლოა, აშშ-ის ნაკრებთან ერთად მეოთხედ იბრძოლოს ოქროს მედლებისთვის. სამაგიეროდ, 34 წლის ლებრონმა მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე (ჩინეთში, 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე) თამაში კატეგორიულად გამორიცხა.

“ოლიმპიადა დიდი შესაძლებლობაა. ვიასპარეზებ თუ არა 2020 წლის თამაშებზე, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიგრძნობ თავს. თუმცა მე მიყვარს ოლიმპიური თამაშები,” - უთხრა ლებრონმა ონლაინ-პორტალ The Athletic-ს. 2008 და 2012 წლებში ლებრონმა აშშ-ის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვა, 2004 წელს კი ბრინჯაოს დასჯერდა. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მას არ უასპარეზია.

აი, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კი, ლებრონი აშშ-ის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს უარს ეუბნება: “პოპი ძალიან მიყვარს, მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი ზაფხული არ არის,” - აღნიშნა ლებრონმა, რომელიც თავისუფალ დროს ფილმ Space Jam 2-ის გადაღებებს დაუთმობს, სადაც ის მთავარ როლში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ოთხგზის MVP-სთვის NBA-ს მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა. მისმა ლეიკერსმა პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა, რეგულარული სეზონის დარჩენილ მატჩებში კი ჯეიმსი ტრავმის გამო აღარ ითამაშებს. ლებრონი ლეიკერსში წინა ზაფხულს, კლივლენდ კავალიერსიდან გადავიდა. მანამდე ის ზედიზედ 13-ჯერ გადიოდა პლეი ოფში, ბოლოს კი 8-ჯერ ითამაშა ფინალში. ბოლო სეზონი, რომელშიც ლებრონმა პლეი ოფში ვერ გააღწია, 2005 წელს იყო.

Space Jam-ის გაგრძელება 2021 წლის ივლისში უნდა გამოვიდეს. ორიგინალი 1996 წელს გადაიღეს და მასში მთავარ როლს მაიკლ ჯორდანი ასრულებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები