Thumbnail
  • დეტროიტმა ინდიანასთან 102:111 წააგო
  • ზაზა ფაჩულიამ 10 წუთი და 46 წამი ითამაშა
  • პისტონსი კონფერენციაში ისევ მე-6 ადგილზეა

ორლანდო მეჯიქთან და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთი საფეხურით წინ მყოფ ინდიანასთან 102:111 დამარცხდა.

პეისერსს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს, თუმცა მე-4 ადგილისთვის (ბოსტონი) იბრძვის. ინდიანას ბოლო 8 მატჩიდან 7 წაგებული ჰქონდა და ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.

დეტროიტელებმა თამაში კარგად დაიწყეს - პირველ მეოოთხედში მათი მცდელობების 54,5 პროცენტმა მიზანს მიაღწია. ამ დროში პისტონსმა პეისერსს 6 სამქულიანი ჩაუგდო. მეორე პერიოდის სტარტზე ანგარიში 23:33 იყო დეტროიტის სასარგებლოდ, თუმცა მეორე მეოთხედი უკვე მასპინძლების იყო (36:22), რაც თადეუს იანგისა და დომანტას საბონისის დამსახურებაა. ამ უკანასკნელმა პირველი ხუთი მცდელობიდან ხუთივე ჩააგდო!

დომანტას საბონისი და ზაზა ფაჩულია

მესამე პერიოდში ინდიანას კიდევ ერთმა Big Man-მა გამოიჩინა თავი - მაილზ ტერნერმა 13:3 გაქცევაში 7 ქულა ჩააგდო. მეოთხე პერიოდში ინდიანას კიდევ ერთი, ამჯერად 9:0 გაქცევა ჰქონდა და ამით გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი, რადგან მასპინძელთა უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა. 

იანგმა საბოლოოდ 19 ქულა დააგროვა და ბოგდანოვიჩთან ერთად, პეისერსის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. საბონისის ანგარიშზე 18 ქულა და 12 მოხსნაა, ტერნერმა კი 17 ქულა ჩააგდო. დეტროიტელთაგან, რომლებსაც ზედიზედ მეორე მატჩში აკლდათ მთავარი ლიდერი ბლეიკ გრიფინი, საუკეთესო უეინ ელინგტონი გახლდათ - 26 ქულით. ჯექსონმა 22 ქულა ჩააგდო, ანდრე დრამონდმა კი - 18 ქულა და 17 მოხსნა გააკეთა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: პისტონსის 35 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერად 10 წუთი და 46 წამი ითამაშა - მის აქტივში 1 მოხსნა და 1 პასია. ზაზას არც ორქულიანის მცდელობა ჰქონია და არც საჯარიმო უსვრია. 1 დაკარგვა ჰქონდა და 4 პერსონალური მიიღო.

დეტროიტს ეს თამაში რომ მოეგო, პლეი ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა, თუმცა არც წაგების გამო დაკარგა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი, რადგან კონკურენტებიც დამარცხდნენ. დეტროირს 39 მოგება და 38 მარცხი აქვს. მე-7 ადგილზე ბრუკლინია (39/39), მერვეზე - მაიამი (38/39), ხოლო მეცხრეზე კი - ორლანდო (38/40). დეტროიტი მომდევნო მატჩს 4 აპრილს, ისევ ინდიანა პეისერსთან, ამჯერად საკუთარ დარბაზში გამართავს.

📺 ვიდეო: ინდიანა 111:102 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები