Thumbnail

ამერიკულ სკოლებში ვიდეო თამაშები ლეგიტიმურ სპორტად აღიარეს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • eSports რვა შტატის სასკოლო პროგრამაში ლეგიტიმურ სახეობად შევიდა
  • ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება და კორპორაციების ინტერესს იწვევს
  • კიბერ სპორტსმენის კარიერა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება

კონეტქტიკუტმა, ჯორჯიამ, კენტუკიმ, მასაჩუსეტსმა და როუდ აილენდმა ელექტრონული სპორტი ლეგიტიმურ სპორტის სახეობად 2018 წლის შემოდგომაზე აღიარეს. რამდენიმე თვის შემდეგ, ამ ჩამონათვალს ალაბამა, მისისიპი და ტეხასი შეუერთდნენ.

მცირე ხნის წინ CNN ჯორჯიას ეწვია, სადაც North Atlanta High School და Grady High School ატლანტაში მდებარე უახლეს eSports არენაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. დაწესებულება ორიოდ თვის წინ, თებერვალში გაიხსნა.

მოსალოდნელია, რომ ელექტრონული სპორტის ბაზარი 2019 წელს ერთი მილიარდი აშშ დოლარის მოგებას ნახავს. Newzoo-ს კვლევის მიხედვით, ელექტრონული სპორტით დაინტერესებულ პირთა ოდენობა წელს 454 მილიონს მიაღწევს.

სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს Smite-ში ეჯიბრებოდნენ, გუნდურ თამაშში, რომელშიც თითოეულმა მათგანმა მითოლოგიური პერსონაჟი აირჩია და გამარჯვების მიღწევას მათი დახმარებით ცდილობდა. ახლად გახსნილი დაწესებულების დირექტორის, ბრაიან პროუკსის მიხედვით, მისი ცენტრის მიზანი მარტივია - შეჯიბრის დროს ყველას წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

Smite MOBA-ა, რომელშიც გეიმერები მითიური გმირებით თამაშობენ

'თუკი არის ორი ისეთი სკოლა, რომლებსაც არ შეუძლიათ, რომ მსგავს ღონისძიებებს უმასპინძლონ, მათ შეუძლიათ ჩვენ მოგვმართონ', - განაცხადა მან.

სეზონი აპრილში დასრულდება, ხოლო პლეი ოფი და ფინალური ეტაპი კი მაისში გაიმართება.

ახალი კარიერა

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კომპიუტერზე თამაშით ფულის შოვნა ოცნების სფეროდან იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა და უკვე არიან კიბერ სპორტსმენები, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი აქვთ. მოსწავლეები ამას ხედავენ და ელექტრონული სპორტის სფეროში კარიერას ადრეული ასაკიდანვე გეგმავენ. პროფესიონალები ყოველწლიურად ასობით ათას დოლარს შოულობენ, ხოლო მათ შორის საუკეთესოები კი მილიონებზეც ადიან.

'ეს სიგიჟედ მეჩვენება, მაგრამ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ბავშვები უკვე ტანსაცმლით დადიან, რომელზეც წერია, რომ ისინი გეიმერები არიან და მე ეს ძალიან მომწონს', - ამბობს ბენჟამინ ლუპო, იგივე Dr. Lupo, რომელიც პროფესიონალი კიბერ სპორტსმენია და მის სტრიმს შვიდ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

ისეთი უმაღლესი სასწავლებლები, როგორებიც ნიუ იორკის და კალიფორნიას უნივერსიტეტებია, გეიმერ სტუდენტებს დაფინანსებას სთავაზობენ და მათი კარიერული გზაც ძალიან ჰგავს სხვა ათლეტებისას - სკოლა, უნივერსიტეტი და ბოლოს პროფესიონალური დონე.

'ყველაფერი მარტივადაა დალაგებული - ბავშვი ინტერესდება ვიდეო თამაშით, იწყებს თამაშს, ამას ძალიან კარგად აკეთებს და ბოლოს მას თამაშში ფულს უხდიან. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ ჰობია, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და სწორედ ამიტომ გვინდა, რომ მათ ისეთი კარიერული გზა შევუქმნათ, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება', - ამბობს პროუკსი

State Farm, როგორც სპონსორი?

იმის დასტურად, რომ დროება იცვლება, მხოლოდ ისიც კმარა, რომ ზოგიერთმა გეიმერმა კონტრაქტი ისეთ ცნობილ სპორტსმენებთან დადო, როგორებიც ლებრონ ჯეიმსი და ტომ ბრეიდი არიან. ლუპო ერთ-ერთი მათგანია. ის პირველი eSports ათლეტია, რომელმაც ხელშეკრულება State Farm-თან გააფორმა.

'ფეხბურთში აარონ როჯერსი გვყავს, კალათბურთში კრის პოლი. ახლა კი ელექტრონული სპორტის ახალ ბაზარზეც ვერთვებით', - განაცხადა ედ გოლდმა, რომელიც დაზღვევისა და ფინანსური სერვისების უმსხვილესი კომპანიის - State Farm-ის მარკეტინგის დირექტორია.

Dr. Lupo პროფესიონალი სტრიმერია

Dr. Lupo-ს Twitch სტრიმებზე გამეორებები State Farm-ის ბრენდირებით გადის. სადაზღვეო კომპანიამ განაცხადა, რომ ეს მათი ურთიერთობის მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. გოლდი ახალ ინდუსტრიაზე ენთუზიაზმით საუბრობს -

'ჩვენ რეკლამებს ისეთ ღონისძიებებზე ვანთავსებთ, როგორებიც NFL, NBA, MLB, კოლეჯის კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთია. ახლა კი ვამბობთ - 'დიახ, ჩვენ გვჯერა eSports-ის'. ოდესმე მეგონა, რომ კიბერ სპორტსმენთან გავაფორმებდით კონტრაქტს? არა. მაგრამ წელიწადნახევრის წინ არ არსებობდა თამაში სახელად Fortnite.'

ლუპომ იცის, რომ პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთია, თუმცა თვლის, რომ მის მდგომარეობაში მალე ბევრი კიბერ სპორტსმენი იქნება -

'მე ძალიან გამიმართლა. უამრავ ადამიანს სურს, რომ ჩემ ადგილას იყოს და ამისთვის ბევრსაც შრომობენ. ჩემს წარმატებას დიდწილად Fortnite-ს ვუმადლი'.

კომენტარები

ბოლო ამბები