Thumbnail
  • გერმანელმა მწვრთნელმა ‘ბილდთან’ ინტერვიუში ძველი სკანდალი გაიხსენა
  • კლაუს ტოპმიოლერმა მაშინ კიოლნს და ჰოფენჰაიმს საქართველო ამჯობინა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი ახლა 67 წლისაა და მშობლიურ რივენიხში ცხოვრობს. სამშაბათს, ისევე, როგორც მთელი საფეხბურთო გერმანია, ისიც მიადევნებს თვალს გერმანიის თასის მეოთხედფინალურ მატჩს პადერბორნსა და ჰამბურგს შორის. ტოპის ამ დუელთან დაკავშირებით ძალიან ცუდი მოგონებები აქვს.

კლაუს ტოპმიოლერი 2016 წელს, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ღონისძიებაზე

საქართველოში ჩამოსვლამდე, ტოპმიოლერი ბოლოს ჰამბურგის დამრიგებელი იყო, საიდანაც 2004 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. მანამდე კი, კონკრეტულად 21 აგვისტოს, მისი ჰამბურგი თასზე სწორედ პადერბორნთან დამარცხდა. ეს იყო სკანდალური მატჩი, რომლის მთავარი მსაჯი იმ დროს 24 წლის რობერტ ჰოიცერი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰოიცერმა 67 000 ევრო აიღო იმისათვის, რომ პადერბორნი მომდევნო ეტაპზე გაეყვანა. ჰამბურგმა მესამელიგელთან თამაში მაშინ 2:4 წააგო. საზოგადოებამ სიმართლე 2005 წელს შეიტყო.

რობერტ ჰოიცერი და კლაუს ტოპმიოლერი - 2004 წლის 21 აგვისტო

პადერბორნისა და ჰამბურგის მატჩის წინ, გერმანულმა ტაბლოიდმა ბილდმა ტოპმიოლერს ის თამაში გაახსენა. ტოპი ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი გერმანიიდან საქართველოში წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის მსაჯი იყო.

'მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 20 წუთი იყო გასული, როცა მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში!'

“პადერბორნთან მატჩმა, რომელიც მერე მსაჯის მიერ მანიპულირებული აღმოჩნდა, ჩემი სამწვრთნელო კარიერის ჰამბურგული ნაწილი დაანგრია! - იხსენებს ტოპმიოლერი ‘ბილდთან’ ინტერვიუში, - 2004/2005 წლების სეზონი ცუდად დავიწყეთ, მერე ამას თასიდან სკანდალური გავარდნაც დაემატა და, როგორც იცით, ოქტომბერში გამათავისუფლეს.”

ცნობილი კადრი: ტოპი V ჰოიცერი

ტოპმიოლერი ერთ-ერთი პირველი იყო გერმანულ ფეხბურთში, რომელიც მაშინ ღიად აცხადებდა, რომ ჰოიცერის მოქმედებები იმ თამაშში ძალიან საეჭვო იყო და გერმანიის საფეხბურთო კავშირს მატჩის დეტალური გაანალიზებისკენ მოუწოდებდა: “მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 20 წუთი იყო გასული, როცა მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. ერთ-ერთი საეჭვო სასტვენის შემდეგ ლაინსმენთან მივედი და ვკითხე, მსაჯის საქციელი სასაცილოა-მეთქი. დამეთანხმა, მეც სხვანაირად დავინახეო. მატჩის დასრულების შემდეგ ჰოიცერს ვუთხარი, რომ კატასტროფულად იმსაჯა.”

კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა მაშინ, რომ ჰოიცერი მოსყიდული იყო, ტოპმიოლერი ასე პასუხობს: “არა, ამაზე არ მიფიქრია. მაშინ ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ძალიან ცუდი დღე ჰქონდა. ასეთი მანიპულაციები და ჩემი საფეხბურთო წარმოდგენებისგან ძალიან შორსაა. მერე, როცა გავიგე, რომ ფული ჰქონდა აღებული და განგებ დაგვჩაგრა, შოკირებული ვიყავი.”

ჰოიცერის სკანდალის შემდეგ ტოპმიოლერმა გერმანულ ფეხბურთზე გული აიცრუა. “ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ამ ამბავმა ჩემზე მაგრად იმოქმედა. შემეძლო, კიოლნში, ან ჰოფენჰაიმში დამეწყო მუშაობა, თითქმის შეთანხმებულებიც კი ვიყავით, მაგრამ ჰოიცერის სკანდალისა და იმ ამბების გამო გული მერეოდა და საფეხბურთო გერმანიის დატოვება მინდოდა. ამის მერე გავაფორმე კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გავხდი.”

საქართველოდან წასვლის შემდეგ ტოპმიოლერი პენსიაზეა. იგი მშობლიურ რივენიხში ცხოვრობს

კითხვაზე, რას ეტყოდა დღეს რობერტ ჰოიცერს, ტოპმიოლერი ასე პასუხობს: “ასეთებთან ერთად მაგიდასთან დაჯდომა არ მინდა. არ მსურს, რომ მასთან რაიმე შეხება მქონდეს,” - ამბობს ტოპი და ყოფილ გუნდს პადერბორნთან მატჩში წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ კლაუს ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრებს 2006-დან 2008 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა სულ 21 მატჩი ჩაატარა - 5 მოიგო (შოტლანდიასთან 2:0, თურქეთთან 1:0, ურუგვაისთან 2:0 და ორჯერ ფარერებთან - 6:0, 3:1), 3 ფრედ დაასრულა და 13 წააგო. საქართველოს შემდეგ ტოპი პენსიაზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები