Thumbnail

ლუკა ზიდანის ახდენილი ოცნება - იმიტომ არა, რომ ზიზუს შვილია

  • 20 წლის ლუკა ზიდანმა რეალის მაისურით ბერნაბეუზე პირველად ითამაშა
  • ზინედინ ზიდანმა შემადგენლობაში თავისი შვილის გამოჩენაზე ილაპარაკა

ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში მადრიდის რეალის კარს ლუკა ზიდანი იცავდა - გუნდის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის 20 წლის შვილი. უესკასთან მოგებული შეხვედრა (3:2), ლუკასთვის რეალის მთავარ გუნდში მეორე იყო, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" - პირველი.

ლუკას უესკამ ორჯერ  გაუტანა, თუმცა მეკარეს უხეში შეცდომა არ დაუშვია 

თამაშის შემდეგ ახალგაზრდა მეკარემ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა:

"ძალიან ვამაყობ იმით, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვითამაშე. ეს ჩემი ოცნება იყო. რეალის ახალგაზრდულ გუნდებში გამოვდიოდი და მიხარია, რომ მრავალწლიანი შრომის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში საშინაო სტადიონზე პირველად ვითამაშე. მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ წარმატებით მომავალ მატჩებშიც ვითამაშოთ". 

20 წლის გოლკიპერს რეალის მთავარ გუნდში დებიუტი შარშან მაისში ჰქონდა. მაშინ ლუკამ სტუმრად ვილიარეალთანაც ორი გოლი გაუშვა, ის მატჩი კი ფრედ 2:2 დასრულდა.

ზიდანის ხელში რეალმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

ლუკას რეალის ძირითადში გამოჩენაზე კომენტარი ზინედინ ზიდანმაც გააკეთა:

"ლუკა გუნდის მესამე მეკარეა. კურტუა მზად არ იყო. კეოლორს შეეძლო თამაში, მაგრამ მას დასვენების საშუალება მივეცით. ლუკა მოედანზე იმის გამო არ გამოსულა, რომ ჩემი შვილია. ის რეალის ისეთივე ფეხბურთელია, როგორიც სხვა ყველა. რეალის მწვრთნელი ვარ და მის თამაშზე ვერ ვილაპარაკებ, როგორც მამა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ლუკას აქვს თამაშისთვის საჭირო ასაკი და ხასიათი".

მადრიდის რეალმა 57 ქულა მოაგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ცხრილს 69 ქულით ბარსელონა ლიდერობს, 59 ქულა აქვს ატლეტიკოს.

კომენტარები

ბოლო ამბები