Thumbnail

‘არ ვიცი, შემიძლია თუ არა’ - როჯერ ფედერერი წასვლაზე ალაპარაკდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 101-ე ტურნირის მოგების შემდეგ, როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულებაზე ილაპარაკა
  • ჩოგბურთის შვეიცარიელმა ლეგენდამ წასვლის შესაძლო მიზეზებიც დააკონკრეტა

მაიამის ATP-მასტერსის მოგების შემდეგ, დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენმა როჯერ ფედერერმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მისი გულშემატკივრები და ზოგადად ჩოგბურთის მოყვარულები ალბათ ცრემლებს ვერ შეიკავებენ. 37 წლის შვეიცარიელმა კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.

ESPN-ის მოდერატორის კითხვაზე, კიდევ რამდენ ხანს ვნახავ როჯერ ფედერერს კორტზე, მან ასეთი პასუხი გასცა: “არ ვიცი, შემიძლია თუ არა კიდევ ერთი დიდი სლემის მოგება. სხვათა შორის, ასე ვფიქრობდი რამდენიმე წლის წინაც, მაშინაც არ ვიცოდი, მაგრამ მერე კიდევ სამი დიდი სლემი მოვიგე,” - აღნიშნა როჯერმა ჯონ ისნერთან გამარჯვების შემდეგ.

“ცხადია, გამიმართლა კიდეც, - განაგრძო შვეიცარიელმა ლეგენდამ, - მაგრამ ბევრი რამ სწორად გავაკეთე. შესანიშნავი გუნდი მყავს და პოზიტიურად ვფიქრობდი. ამით შევიძინე თავდაჯერება, რაც ჩოგბურთში დაუჯერებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია.”

'რაც უფრო მეტს ვილაპარაკებ და ვიფიქრებ ამაზე, მით უფრო მივუახლოვდები ჩოგბურთიდან წასვლას'

ამ განცხადების შემდეგ, ფედერერი კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ დასმულ კითხვას მიუბრუნდა: “ძალიან მინდა, რომ ვიცოდე. ჩემი ცოლისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. არადა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახთან ერთად მომავალი უნდა დავგეგმო.”

როჯერის მეუღლეს, მირკას, მის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი აქვს: “ახლა ჩვენ მომავალს მხოლოდ ნახევარი წლით ვგეგმავთ ხოლმე. კარიერის დამთავრებაზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტს ვილაპარაკებ და ვიფიქრებ ამაზე, მით უფრო მივუახლოვდები ჩოგბურთიდან წასვლას.”

შვეიცარიელს ჯერ არ უფიქრია კარიერის დასრულების ზუსტ თარიღზე: “იყო სპეკულაციები იმის შესახებ, რომ თითქოს ჩოგბურთიდან წასვლას ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ვფიქრობ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ახლა უბრალოდ მიხარია, რომ ჯანმრთელი ვარ და ვთამაშობ.”

ჟურნალისტს ამის შემდეგ კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა: “თუკი იფიქრებთ, რომ მაიამის მასტერსის მსგავსი ტურნირების მოგება აღარ შეგიძლიათ, კარიერას დაასრულებთ?”

“დიახ, ალბათ ასე იქნება, - აღიარა ფედერერმა, - ბევრი რამ უნდა დაემთხვას. კარიერას იმ შემთხვევაშიც დავასრულებ, თუ მაგალითად ჩემი ოჯახი და მეუღლე ბედნიერი აღარ იქნება ჩემი თამაშით. ან, იმ შემთხვევაში, თუ ტკივილებს ვიგრძნობ. კარიერის დასრულების კიდევ ერთი მიზეზი ისიც იქნება, თუ მაგალითად, ვიფიქრებ, რომ საუკეთესოების დამარცხება აღარ შემიძლია.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები