Thumbnail

როჯერ ფედერერის დღე! ორ სეტში მოგებული ფინალი, 101-ე კარიერაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • როჯერ ფედერერი - ჯონ ისნერი 6:1, 6:4
  • ამერიკელმა ჩოგბურთელმა მატჩი ტრავმირებულმა ჩაატარა

37 წლის არის და 20 დიდი სლემი აქვს მოგებული, თამაშს წარმატებით აგრძელებს და ყველა ჯერზე ამტკიცებს, რომ მისი სადმე წასვლა ჯერ ძალიან ადრეა. ATP-ს რეიტინგის მეხუთე ნომერმა, მეოთხე ნომრად განთესილმა შვეიცარიელმა, გათამაშების მეშვიდე ნომერი, ამერიკელი ჯონ ისნერი, ორ სეტში დაამარცხა და ამისთვის 1 საათი და 3 წუთი დასჭირდა.

მაიამის ღია პირველობის, ვაჟთა ტურნირის ფინალურ შეხვედრაში როჯერმა მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმის მოგების საშუალება მისცა. ჰარდ როკ სთედიუმზე ჩატარებული თამაში ფედერერმა 6:1, 6:4 მოიგო.

"როჯერ, შენი აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ. თამაში განაგრძე და არასდროს დაასრულო!" - ჯონ ისნერმა წააგო, თუმცა როგორც ამ კომენტარიდან ჩანს გული ძალიანაც არ დაწყვეტია.

ფედერერი, რომლის 20 დიდი სლემიც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია მაიამიში ტიტულს მეოთხედ დაეუფლა, შვეიცარიელი გახდა ამ გათამაშების პირველი გამარჯვებული მის ახალ ლოკაციაზე, ჰარდ როკის სტადიონზე. 

"საოცნებო სტარტი მქონდა, მშვიდად ყოფნის საშუალება თავიდანვე მომეცა [ბრეიკი პირველივე გეიმში], ჯამში კვირაც მშვენიერი გამოვიდა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. აქ პირველად 1999 წელს უაილდქარდით მოვხვდი და ვითამაშე. ახლა 2019 წელია და ისევ აქ ვარ. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ჯონი დიდი მოთამაშე და შესანიშნავი პიროვნებაა, ვწუხვარ მისი ფეხის ტრავმის გამო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჯონ." - თქვა მატჩის შემდეგ როჯერმა.

თამაშის შვეიცარიელი ლეგენდისთვის ეს პროფესიონალურ ტურზე ყოფნის პერიოდში მოგებული 101-ე ტურნირია. ისტორიაში საუკეთესო შედეგის მქონე ჯიმი კონორსს როჯერი ახლა მხოლოდ რვა ტურნირით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები