Thumbnail
  • სეზონის მეორე რბოლა ლუის ჰემილტონმა მოიგო
  • 47-ე წრემდე შარლ ლეკლერი დამაჯერებლად ლიდერობდა
  • ფერარის 21 წლის პილოტი ტექნიკურმა პრობლემამ შეანელა
  • ორი რბოლის შემდეგ მერსედესის პილოტები დამაჯერებლად ლიდერობენ

ფერარი - ეს არის ვნება, ემოციები და დიდი გრძნობები. მაგრამ ფერარი დრამაცაა… თანაც, ძალიან ხშირად!

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის მეორე რბოლა იტალიურმა საჯინიბომ უდიდესი უიღბლობის გამო წააგო. 21 წლის შარლ ლეკლერს პოული მოგებული ჰქონდა და ბაჰრეინის რბოლას 47-ე წრემდე დამაჯერებლად ლიდერობდა. ლეკლერი ძალიან ახლოს იყო კარიერაში პირველ გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლოს ტექნიკურმა პრობლემამ ისე შეანელა, რომ ლუის ჰემილტონმაც გადაასწრო და ვალტერი ბოტასმაც. რომ არა უსაფრთხოების მანქანა, მას მაქს ფერსტაპენიც (რედ ბული) გაასწრებდა, მაგრამ მონაკოელმა მესამე პოზიციის შენარჩუნება სწორედ უსაფრთხოების ავტომობილის გამო შეძლო და პოდიუმზე მაინც ავიდა. კარიერაში პირველად, სხვათა შორის!

რომ არა უიღბლობა, ლეკლერი დიდი ალბათობით პირველ ადგილზე გავიდოდა, სებასტიან ფეტელს კი მეორე ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა. 31 წლის გერმანელი დიდხანს იყო მეორე პოზიციაზე, მაგრამ მერე წინა ანტიფრთა დაუზიანდა, შენელდა და ჰემილტონისგან თავის დაცვის დროს დატრიალდა - საბოლოოდ, ფეტელი ფინიშზე მეხუთე მივიდა.

ამრიგად, რბოლა მოულოდნელად ლუის ჰემილტონმა მოიგო, მეორე ადგილზე კი მერსედესში მისი თანაგუნდელი და სეზონის პირველი რბოლის გამარჯვებული ვალტერი ბოტასი გავიდა. არადა, რბოლის პირველი ნახევრით თუ ვიმსჯელებთ, მერსედესის პილოტები უშანსოდ გამოიყურებოდნენ.

ლუის ჰემილტონმა შარლ ლეკლერის უიღბლობით ისარგებლა და ბაჰრეინის გრანპრი მოიგო

როგორც გაირკვა, ლეკლერს ბატარეის ბრობლემა შეექმნა - მისი ბოლიდი ენერგიის რეკუპერაციას ისე ვეღარ ახერხებდა, როგორც საჭირო იყო. ამის გამო, ფერარის ახალგაზრდა პილოტს თითქმის 40 კმ/სთ-ით შეუმცირდა სისწრაფე. 48-ე წრეზე მას ჰემილტონმა ძალიან ადვილად გადაასწრო, 54-ე წრეზე კი ბოტასმაც. “ღმერთო, ჩემო…” - ამბობდა ლეკლერი რაციაში. რბოლის მიწურულს, ნიკო ჰიულკენბერგი და დანიელ რიკიარდო თავიანთო რენოებით რბოლას თითქმის ერთდროულად გამოეთიშნენ და სწორედ ამის გამო გამოჩნდა ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა, რამაც ლეკლერს საშუალება მისცა, მესამე ადგილი შეენარჩუნებინა.

“ძალიან ვწუხვარ შარლის გამო. ამ ბიჭმა დღეს ძალიან მაგრად ირბოლა და დიდი მომავალი აქვს. ჩვენ კი გაგვიმართლა,” - განაცხადა რბოლის შემდეგ ჰემილტონმა.

საერთო ჩათვლა - TOP 10 (21-დან 2 რბოლის შემდეგ)

1. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 44 ქულა

2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 43

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 27

4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 26

5. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 22

6. კიმი რაიკონენი (ალფა რომეო) - 10

7. ლენდო ნორისი (მაკლარენი) - 8

8. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) - 8

9. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) - 6

10. პიერ გასლი (რედ ბული) - 4

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 87 ქულა

2. ფერარი - 48

3. რედ ბული - 31

4. ალფა რომეო - 10

5. მაკლარენი - 8

6. ჰაასი - 8

7. რენო - 6

8. ტორო როსო - 3

9. რეისინგ პოინტი - 3

10. უილიამსი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები