Thumbnail
  • რომა ნაპოლისთან 1:4 დამარცხდა
  • კალუდიო რანიერის გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო

ჯერ იყო მტკივნეული მარცხი რომაულ დერბიში (0:3 ლაციოსთან), მერე მხოლოდ 2:1 ემპოლისთან, რასაც სპალ-თან აბსურდული მარცხი მოჰყვა (1:2), ახლა კი, რომა საკუთარ მოედანზე ნაპოლისთან 1:4 განადგურდა და ‘ჯალოროსის’ გულშემატკივრები უკვე კლაუდიო რანიერის გათავისუფლებას ითხოვენ.

ნაპოლისთან უპრინციპულესი მატჩის წაგებით, რომამ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი შეიმცირა - დედაქალაქელები 29 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზე არიან და ევროპის ელიტაში გამსვლელ მე-4 ადგილზე მყოფ მილანს 4 ქულით ჩამორჩებიან. არადა, ამ ტურში მილანიც დამარცხდა (0:1 სამპდორიასთან) და რომაელებს ‘როსონერისთან’ მიახლოების შანსი ჰქონდათ.

ნაპოლი მილიკმა დააწინაურა

კარლო ანჩელოტის გუნდი არკადიუშ მილიკმა მე-2 წუთზე დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე დიეგო პეროტიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ნეაპოლელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და შედეგსაც მიაღწიეს: დრის მერტენსის, სიმონე ვერდისა და ამინ იუნესის გოლებით ანჩელოტის გუნდმა, “ოლიმპიკოზე”, საბოლოოდ 4:1 მოიგო.

ნაპოლის 63 ქულა აქვს და ლიდერ იუვენტუსს 15 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანჩელოტის გუნდის ჩემპიონობა თითქმის გამორიცხულია. სამაგიეროდ, ნეაპოლელები ვიცე-ჩემპიონობისკენ მიიწევენ - მესამე ადგილზე მყოფ ინტერს 10 ქულით უსწრებენ.

სატურნირო ცხრილის შუაში ტორინომ და ფიორენტინამ ქულები გაიყვეს (1:1), სპალ-მა კი ზედიზედ მეორე თამაში მოიგო (1:0 სტუმრად, ფროზინონესთან) და მე-15 ადგილამდე აღზევდა. ფროზინონეს (17 ქულა) და, მით უმეტეს კიევოს (11), ალბათ აღარაფერი ეშველებათ - გადარჩენისთვის ბოლონია (24), ემპოლი (25), უდინეზე (28) და სპალ-ი (29) იბრძვიან.

რომა 1:4 ნაპოლი

გოლები: 0:1 მილიკი (2), 1:1 პეროტი (45+4-პენ), 1:2 მერტენსი (50), 1:3 ვერდი (55), 1:4 იუნესი (81)

რომა (4-3-3): ოლსენი - სანტონი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - კრისტანტე, დე როსი (82. კლუივერტი), ნ’ზონზი - შიკი (63. ძანიოლო), ჯეკო, პეროტი (82. ჩენგიზ იუნდერი).

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰისაი (68. მალკუიტი), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი - კალეხონი, ალანი, ფაბიანი, ვერდი (74. იუნესი) - მერტენსი, მილიკი.

კომენტარები

ბოლო ამბები