Thumbnail

თბილისის გრან პრი | ჭრიკიშვილის მარცხი და ორი ოქროს შანსი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გაიმართა წინასწარი და ნახევარფინალური პაექრობები
  • ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება

თბილისის გრან პრის ბოლო დღეს მედლები კიდევ 3 წონით კატეგორიაში თამაშდება. უკვე გაიმართა წინასწარი შეხვედრები და ნახევარფინალური პაექრობები, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან დაიწყება. 

-90 კგ.

-90 კგ. წონით კატეგორიაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა ავთანდილ ჭრიკიშვილის პირველივე შეხვედრაში მარცხი იყო. ქართველი ფალავანი ბელარუს ვიკტარ კლიავუსაუს დაუპირისპირდა და დამარცხდა. შესაბამისად, უმედლოდ დარჩა. ამავე წონით კატეგორიაში, ჭრიკიშვილის მსგავსად, პირველი ორთაბრძოლა დათმო უშანგი მარგიანმა ქართველი ძიუდოისტი უზბეკ დავლათ ბობონოვთან დამარცხდა. 

ამავე წონაში გიორგი პაპუნაშვილმა ჯერ შვეიცარიელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ სლოვაკ ძიუდოისტს მოუგო, ჩეხიც დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც კიდევ ერთ ქართველს ბექა ღვინიაშვილს გადაეყარა. თავის მხრივ, ბექამაც ბრწყინვალედ იარა ნახევარფინალამდე და გზად სეიშელელი, აზერბაიჯანი და მონღოლი სპორტსმენები დაამარცხა.

ნახევარფინალში გიორგი პაპუნაშვილმა აჯობა ბექა ღვინიაშვილს და ფინალში გავიდა, სადაც კუბელ სილვა მორალესს დაუპირისპირდება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის სერბ ძიუდოისტს, მაიდოვს შეხვდება.

-100 კგ.

-100 კგ. წონით კატეგორიაში მედლის მოპოვების შანსი ოთხივე ქართველმა ძიუდოისტმა დაკარგა. გიორგი ბერიაშვილმა, ონისე სანებლიძემ და გიორგი ჩიქოვანმა მეორე წრეში წააგეს, ლაშ ტაველურმა კი დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, თუმცა დამარცხდა და ისიც უმედლოდ დარჩა.

+100 კგ.

+100 კგ. წონით კატეგორიაში ონისე ბუღაძემ პირველი ორი ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა შემდეგ ჰოლანდიელ როი მეიერთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამავე წონაში, ნახევარფინალის საგზურისთვის ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება მატიაშვილმა მოიპოვა, ოქრუაშვილი კი დამამშვიდებელ წრეში გადავიდა, თუმცა იქაც დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. 

მატიაშვილი ნახევარფინალში კიდევ ერთ ქართველს, გელა ზაალიშვილს დაუპირისპირდა, რომელმაც თავის მხრივ, საუკეთესო ოთხეულამდე შესანიშნავად იარა დაამარცხა რა გზად იტალიელი და რუსი სპორტსმენები. ნახევარფინალში ლევან მატიაშვილმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ბელარუს ალექსანდრ ვახავაკს დაუპირისპირდება, ზაალიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთისთვის ბუღაძეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები