Thumbnail
  • დეტროიტმა პორტლენდი 99:90 დაამარცხა
  • პისტონსს ლიდერი ბლეიკ გრიფინი აკლდა
  • ზაზა ფაჩულიამ 10 წუთი ითამაშა
  • პლეი ოფის საგზურებისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბულია

ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა ზედიზედ მეორე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და პლეი ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. დეტროიტელებმა ამჯერად დასავლეთ კონფერენციის მეოთხეადგილოსანი პორტლენდი 99:90 დაამარცხეს, რომელსაც პლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგულარული სეზონის დარჩენილი მატჩები აღარ აინტერესებს, რადგან ჯერ კიდევ ემუქრება მე-4 და ადგილის დაკარგვის საფრთხე.

აღსანიშნავია, რომ დეტროიტმა თავისი უმთავრესი ლიდერის, ბლეიკ გრიფინის გარეშე შეძლო ამ მატჩის მოგება. გრიფინი გუნდს მუხლის ტრავმის გამო გამოაკლდა. მატჩი პისტონსისთვის კარგად არ დაწყებულა - ფაჩულიას გუნდმა პირველი 13 მცდელობა გააფუჭა, მერე კი დეტროიტს პირველი ქულები რეჯი ჯექსონმა მოუტანა, რომელმაც ჯამში 28 ქულა (10/22) დააგროვა. რაკი შეტევაში არც პორტლენდელები ბრწყინავდნენ, პირველი მეოთხედი კურიოზული ანგარიშით, 11:14 დამთავრდა. 

მეორე მეოთხედში (20:20) დეტროიტი 12 ქულითაც კი აგებდა, მაგრამ პისტონსი მესამე პერიოდში ათამაშდა, რომელიც 35:25 მოიგო. დუეინ კეისის გუნდში, ჯექსონის შემდეგ, საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც 22 ქულა და 19 მოხსნა გააკეთა. ტრეილ ბლეიზერსიდან ენეს კანტერი გამოირჩა (20 ქულა, 15 მოხსნა). მასზე მეტი ქულა პორტლენდს მხოლოდ დამიან ლილარდმა (23) მოუტანა, რომელსაც 8 მოხსნაც ჰქონდა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: დეტროიტის 35 წლის ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. ზაზამ ორივე ორქულიანი ზუსტად ესროლა, საჯარიმო კი არ უსვრია. მას ორი დაკარგვაც ჰქონდა და 4 პერსონალური მიიღო.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისა, დეტროიტელები ჯერ მაინც ვერ იქნებიან მშვიდად. აღმოსავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში თამაში 5 გუნდს აქვს განაღდებული, დანარჩენი 3 ადგილისთვის კი 4 გუნდი თითქმის თანაბარი შანსებით იბრძვის. ამ ოთხეულიდან ყველაზე კარგ პოზიციაში ფაჩულიას დეტროიტია, რომელსაც 39 მოგება და 37 მარცხი აქვს. შემდეგ მოდიან ბრუკლინი (39/38), მაიამი (38/38) და ორლანდო (38/39). ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ მატჩებში ზაზამ და კომპანიამ მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა იბრძოლონ. მომდევნო შეხვედრას დეტროიტი 2 აპრილს, ინდიანა პეისერსთან გამართავს.

📺 ვიდეო: დეტროიტი 99:90 პორტლენდი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები