Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა - მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარნეული 100:92 დინამო
  • სოხუმი 102:105 კაკტუსი

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს უმასპინძლა. კიდევ ერთი მარცხი იწვნია მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის დინამომ და ამჯერად, ლიგის დებიუტანტ მარნეულთან. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო, რასაც არავინ ელოდა.

დინამო-მარნეულის შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გამარჯვებულის ვინაობა კი დამატებით დროში გაირკვა. ძირითადად მარნეული ლიდერობდა, თუმცა დინამოელები შორს არ უშვებდნენ მეტოქეს და ბოლოს, კაილ ტურპინის 2-ქულიანით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებით დროში მარნეულის მოთამაშეებმა უპირატესობა მოიპოვეს, ნიკოლას ნილის 3-ქულიანით და დეანდრე რეის შედეგიანი ასპარეზობით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მარნეულმა მე-4 შეხვედრა მოიგო.

საინტერესო მატჩი გაიმართა კაკტუსსა და სოხუმს შორის. ჩემპიონატის აუტსაიდერი სოხუმი აღნიშნულ შეხვედრას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა: გუნდიდან წასული ვიტაუტას კამარუნასის და ანატოლი ჩელოვანის ნაცვლად, პარკეტზე ორი ახალი ამერიკელი: ბიშოპ დენიელსი და ჯორდან პრაისი ვიხილეთ. ორივემ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, დენიელსმა კი 34 ქულა მიითვალა აქტივში და თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

სოხუმის ახალი ლეგიონერების კარგი თამაშის მიუხედავად, მატჩი კაკტუსის გამარჯვებით 105:102 დასრულდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო იყო კრისტიან ჯონსონი, რომლის ანგარიშზე 36 ქულაა. შესანიშნავი იყო დეანდრე პარკსი, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა.

სუპერლიგას 27 ქულით ქუთაისი ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს 25-25 ქულით დინამო და რუსთავი იყოფენ, შემდეგ კი ბათუმი და ოლიმპი მოდიან. კაკტუსს 23 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, სოხუმი კი ბოლო, მე-9 ადგილს იკავებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები