Thumbnail

'ვხედავთ, რა შეუძლია ამ ბიჭს' - ხვიჩა კვარაცხელიამ იური სიომინი მოხიბლა

  • საბა კვერკველიას და ხვიჩა კვარაცხელიას ლოკომოტივმა მოსკოვურ დერბიში მოიგო
  • დინამოსთან გამარჯვებით, ქართველების გუნდი ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა
  • ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი კვარაცხელიას ნდობას უცხადებს

მოსკოვის ლოკომოტივმა, რომლის ღირსებას საბა კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, რუსეთის პრემიერლიგაში 21-ე ტური შეხვედრაში თანაქალაქელ დინამოს სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოუგო და სატურნირო ცხრილში დროებით მეორე ადგილზე აღზევდა.

რუსეთის მოქმედი ჩემპიონების რიგებში სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა კვერკველიამ. რაც შეეხება 18 წლის კვარაცხელიას, ქართველი შემტევი ნახევარმცველი "არენა ხიმკიზე" 55-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში. სტუმრებმა გამარჯვების გოლი სწორედ ამის შემდეგ, 64-ე წუთზე, 11-მეტრიანით გაიტანეს.

საბა კვერკველიამ კვლავაც შეუცვლელად ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით ზამთარში გადავიდა, ეს მეორე მატჩია რუსეთის ჩემპიონატში. 

"კვარაცხელია თამაშში მართლაც მძლავრად ჩაერთო: არ ერიდებოდა ბურთზე ვარდნებს, პრესინგში ამყოფებდა მცველებსა და მეკარეს და მუდმივად წინ იწევდა", - ასე აღწერს ხვიჩას თამაშს sport24.

მატჩის შემდეგ ახალგზარდა ქართველ ფეხბურთელზე "რკინიგზელთა" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმაც ისაუბრა:

"კვარაცხელიას გამოსვლა? ანგარიში 0:0 ჩვენ არ გვაწყობდა და შეტევა უნდა გაგვეძლიერებინა. კვარაცხელიას ურიგოდ არ უთამშია, რამდენიმე კარგი დრიბლინგი შეასრულა. სქემა გაცილებით შემტევი გახდა. ვხედავთ, რა შეუძლია ამ ბიჭს მოედანზე. ის სათამაშო დროს, თავისი კონკურენტუნარიანობის შესაბამისად მიიღებს. მას შეუძლია ძირითადის მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს".

ამჟამად ქართველების გუნდს 38 ქულა აქვს, ლიდერ ზენიტს 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო ცსკა-ს ქულით უსწრებს. ზენიტს და ცსკა-ს ტურის მატჩი სათამაშო აქვთ.  

მოსკოვის ლოკომოტივი, რომელსაც 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რუსეთის პრემიერლიგაში მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე, ცხრილის ლიდერ ზენიტთან 7 აპრილს ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები