Thumbnail

იგივეა, რაც ნარკომანია - საუთჰემპტონის მწვრთნელი ფეხბურთელებს Wi-Fi-ს უბლოკავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პრემიერლიგის გუნდის თავკაცი ვიდეოთამაშებს ნარკომანიას ადარებს
  • რალფ ჰაზენჰიუტლი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები მისგან უნდა დაიცვას

საუთჰემპტონის მთავარი მწვრთნელი რალფ ჰაზენჰიუტლი თავისი ფეხბურთელებს Wi-Fi-სთან წვდომას უზღუდავს. სასტუმროებში, სადაც გუნდი ჩერდება, 51 წლის ავსტრიელი სპეციალისტის მოთამაშეებისთვის ინტერნეტი დაბლოკილია.

"ვიდეოთამაშები ის რაღაცაა, რის მიმართაც დამოკიდებულება ყალიბდება და ფეხბურთელები ამისგან უნდა დავიცვათ. ამას ჯერ კიდევ მაშინ ვაკეთებდი, როდესაც ლაიპციგს ვწვრთნიდი. პრობლემები გვქონდა, რადგან ფეხბურთელები მატჩის წინა დღეს ღამის სამ საათამდე თამაშობდნენ. სასტუმროში საღამოს Wi-Fi-ს ვბლოკავთ ხოლმე, რომ არ ითამაშონ. ამ ვითარებას ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიას შევადარებდი", - აქვეყნებს სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport.

არადა, ვიდეოთამაშები სპორტსმენებში საკმაოდ პოპულარულია. მაგალითად, მარტში The Sun-მა ჩემპიონშიფში მოთამაშე ინკოგნიტო ფეხბურთელზე დაწერა, რომელიც Fortnite-ს გადაბმულად 13 საათი თამაშობს. ლივერპულის ყოფილმა მეკარე დევიდ ჯეიმსმა კი აღიარა, რომ 1997 წელს ნიუკასლთან ცუდად იმიტომ ითამაშა, რომ წინა ღამე Tekken II-ისა და Tomb Raider-ის თამაშში გაატარა. ბეისბოლისტმა კარლოს სანტანამ კი გასახდელში მონიტორი იმის გამო დაამსხვრია, რომ თანაგუნდელებს მატჩების დროს Fortnite-ს თამაში ვერ მოაშლევინა.

რალფ ჰაზენჰიუტლი საუთჰემპტონს სათავეში 2018 წლის დეკემბრიდან ჩაუდგა. ავსტრიელის გუნდს 30 მატჩში მოპოვებული 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. 

ავსტრიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ინგლისში გადაბარგებამდე, გერმანულ კლუბებს: უნტერხახინგს, აალენს, ინგოლშტადტსა და ლაიპციგს წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები