Thumbnail
  • ბარსელონას ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა
  • 31 წლის თავდამსხმელმა აღიარა, რომ ის და კრიშტიანო გამორჩეულები არიან 
  • ლეოს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში პრობლემები და ჭორები ძალიან აფიქრებს 

ლიონელ მესი ინტერვიუს არცთუ ხშირად იძლევა, ვრცელს - მით უმეტეს, მაგრამ როგორც ჩანს, მას დიდი ხანია, რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურს. ახლახან არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას ვარსკვლავმა Club Octubre 94.7 FM-ის რადიოშოუში ბევრ საკითხზე ილაპარაკა, მათ შორის კი გამოსარჩევი კრიშტიანო რონალდოს მონატრების აღიარებაა.

ყველაზე მეტად კი არგენტინელს სანაკრებო საკითხი აღელვებს, უფრო ზუსტად კი ის, რასაც მასზე სამშოლობლოში ამბობენ. ახლახან ლეომ მაროკოსთან ამხანაგური მატჩი გამოტოვა, არგენტინაში კი უმალ დაიწყეს საუბრები იმაზე, რომ ლეოს ეროვნული გუნდში თამაში არ სურს.

"ათას რამეს მაბრალებენ და ეს ახალი არაა, სიმართლე კი ისაა, რომ პუბალგია მაქვს (სპორტული თიაქარი), რომელიც მართალია, ყოველდღე არ მაწუხებს, მაგრამ სრულებით ჯერ კიდევ ვერ მოვირჩინე. თავს უნდა გავუფრთხილდე".

მუნდიალის შემდეგ ლეომ ნაკრებში პირველად ვენესუელასთან ითამაშა (1:3)

ლეო ამბობს, რომ კრიტიკა არამარტო მას, მის ოჯახსა და ახლობლებსაც აზარალებს:  

"ჩემი ექვსი წლის ბიჭუნა ინტერესდება, რატომ უნდათ არგენტინაში ჩემი მოკვლა. უყურებს YouTube -ზე ვიდეოს და მეკითხება, რატომ ვძულვარ იქ ასე ძალიან. არადა, მე მომწონს ნაკრებში თამაში და მასთან ერთად ტიტულის მოგებაზე ისევ ვოცნებობ. ვაპირებ ყველა მნიშვნელოვან თამაშში მივიღო მონაწილეობა.

ჩვენ რომ ბრაზილიის მუნდიალი მოგვეგო, დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. დავმარცხდით წვრილმანების გამო. ამის შემდეგ კი უამრავი ჭორი გავრცელდა და მგონია, რომ აჯობებდა, მედია სხვაგვარად მოქცეულიყო".

მესი აღიარებს, რომ თამაშისა და შემადგენლობის მხრივ, ბარსელონა უკეთესია არგენტინის ნაკრებზე:

"ტყუილია, თითქოს ნაკრებში მე ვარჩევ მწვრთნელებს. ნაკრები ვერ ითამაშებს ისე, როგორც ბარსელონა. ბარსას სტილი ხომ ცალკე ფილოსოფიაა, არგენტინის ეროვნული გუნდს კი არც ფეხბურთელები ჰყავს სათანადო და არც დრო აქვს, რომ ისევე მოემზადოს".

ლეოს და კრიშტიანოს ოქროს ბურთი ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული

რაც ყველაზე საინტერესოა, ლეოს რონალდო ენატრება:

"მომაკლდა რონალდო. რთული, მაგრამ სასიამოვნო იყო კრიშტიანოს წინააღმდეგ თამაში. მომწონდა ტიტულების მოგება, როდესაც ის რეალში გამოდიოდა. კარგი იქნებოდა, ახლაც რომ მადრიდში ყოფილიყო".

ლეოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეც ჰკითხეს, მან კი ასე უპასუხა:

"არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები - ნეიმარი, მბაპე, სუარესი, აზარი. თითოეულს შეუძლია საუკეთესო იყოს. მაგრამ მე რონალდოს ამ ჯგუფიდან გამოვყოფ, ის ჩემს გვერდითაა".

ბარსას მაისურთი ამ სეზონში ლეომ 37 მატჩში 39 გოლი შეაგდო და 21 საგოლე პასი მიითვალა

 

კომენტარები

ბოლო ამბები