Thumbnail
  • ორი წლის წინ, ვლადიმირ კლიჩკომ რინგი სამუდამოდ დატოვა
  • ‘ბილდის’ ინფორმაციით, უკრაინელს დაბრუნებისთვის დიდ ფულს სთავაზობენ

მძიმე წონაში წლების მანძილზე მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო, შესაძლოა, რინგზე დაბრუნდეს! გერმანული ტაბლოიდი ‘ბილდი’ წერს, სტრიმინგ-პორტალი DAZN 43 წლის უკრაინელს 70 მილიონ ევროს სთავაზობს, თუკი ეს უკანასკნელი დაბრუნდება და 2-3 ბრძოლას გამართავს.

ვლადიმირ კლიჩკომ პროფესიულ კარიერაში 69 ბრძოლა გამართა - მათ შორის, უკანასკნელი ორი წლის წინ, ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან, მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო. საერთოდ ჯამში, კლიჩკოს თავის 21-წლიან კარიერაში მხოლოდ 5 მარცხი აქვს.

თუკი ვლადიმირი რინგზე დაბრუნებას დათანხმდება, ძმისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებს: “ვლადიმირს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. იგი ძალიან დიდხანს მსოფლიოში საუკეთესო იყო. თუ მიიღებს გადაწყვეტილებას და რინგს დაუბრუნდება, თუკი კიდევ ერთხელ მოისურვებს ვარჯიშს, მომზადებას და წვალებას, შეუძლია, ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს!” - უთხრა ვიტალი კლიჩკომ ‘ბილდს’.

თუმცა, ვიტალი ფიქრობს, რომ ვლადიმირი მხოლოდ ფულის გამო არ უნდა დაბრუნდეს: “თუ მისი მოტივაცია მხოლოდ ფულია, უმჯობესია, ეს ნაბიჯი არ გადადგას. ვლადიმირი წარმატებული ბიზნესმენია და ფული არც სპორტული კარიერის შემდეგ აკლია,” - დასძინა ვიტალიმ.

თავად ვლადიმირმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ტექსასში ერთ-ერთი სასკოლო პროექტის დროს მან მხოლოდ ეს თქვა: “ახლა სათქმელი არაფერი მაქვს.”

‘ბილდი’ კი წერს, რომ შესაძლოა, ჯოშუასთან რემატჩი დაინიშნოს. გარდა ამისა, კლიჩკოს სავარაუდო მეტოქეებად ასევე ჯოშუას თანამემამულე ტაისონ ფიური და ამერიკელი დეონტეი უაილდერი მიიჩნევიან.

თუ კლიჩკო დაბრუნებას მართლაც გადაწყვეტს, მას კონტრაქტს DAZN გაუფორმებს. ტაისონ ფიურის კონტრაქტი ESPN-თან აქვს, ხოლო უაილდერს კი - Showtime/PPV-სთან. საინტერესოა, რომ DAZN-ის ერთ-ერთ მფლობელს, ამერიკელ მილიარდერ ლეონარდ ბლავატნიკს უკრაინული ფესვები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები