Thumbnail

15 000-იანი არენა თბილისში - დიდი გეგმები ევრობასკეტის მასპინძლობისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან
  • პრიორიტეტი ახალი დარბაზის აშენებაა, ლოკაციის შერჩევის პროცესი კი დაწყებულია

2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი წარადგინა. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ თბილისმა ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლოს? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე popsport.com კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს ესაუბრა...

popsport: როდის გვეცოდინება მიიღებს თუ არა თბილისი ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლებას?

გურასპაული: 25 მაისს ჩატარდება ფიბა ევროპის საპრეზიდენტო არჩევნები, რის შემდეგაც დაკომპლექტდება ბორდი, რომელიც სწორედ ამ თემაზე იმუშავებს. მაქსიმუმ ორ თვეში გახდება ცნობილი 2021 წლის ევრობასკეტის 4 მასპინძელი ქალაქი და შესაბამისად, 4 ქვეყანა. სწორედ ასეთი ფორმატით ჩატარდა ბოლო რამდენიმე ევრობასკეტი და ამ ფორმატის შენარჩუნება იგეგმება.

popsport: ფიბას არჩევნებში რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს და შესაბამისად, თუ არის კანდიდატი, რომლის გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის შანსები გაიზრდება?

გურასპაული: ჩვენ კანდიდატად წარვადგინეთ ფიბა ევროპის მოქმედი პრეზიდენტი თურგაი დემირელი და შესაბამისად, სწორედ მას ვუჭერთ მხარს. დემირელი თბილისშიც გვესტუმრა, შევახვედრეთ თბილისის მერს და საქართველოს პრემიერმინისტრს. ჩვენი მეგობარია და მხარს ვუჭერთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ დემირელი გაიმარჯვებს, გარანტირებული გვაქვს ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობა. ისევე როგორც, თუ სხვა კანდიდატმა გაიმარჯვა, არ ნიშნავს რომ მასპინძლობის უფლებას ვერ მოვიპოვებთ.

popsport: რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს თბილისმა იმისთვის, რომ ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლოს?

გურასპაული: არის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელი იქნება. სტუმრების უმაღლეს დონეზე მიღება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავისუფალი გადაადგილება. კიდევ ბევრი დეტალი, მაგრამ მთავარი რა თქმა უნდა დარბაზია. ევრობასკეტის მატჩები უნდა ჩატარდეს დარბაზში, რომელიც ფიბას ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და 15 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი.

popsport: გამოდის, რომ თბილისში ახალი დარბაზის აშენებაა საჭირო...

გურასპაული: კი, ასეა და ეს საკითხი ხელისუფლების დონეზე წყდება. უნდა იყოს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იქნება და არა კალათბურთის ფედეაციის. შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ ამ თემაზე. პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა და განიხილება რამდენიმე ადგილი, სადაც ეს არენა უნდა აშენდეს.

პაატა გურასპაული

popsport: თუ განიხილება თბილისის სპორტის სასახლის რეკონსტრუქციის საკითხი?

გურასპული: ამაზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ეს უფრო ალტერნატიული ვარიანტია, ანუ გეგმა B. როგორც აღვნიშნე, დარბაზმა 15 000 გულშემატკივარი უნდა მიიღოს, რასაც სპორტის სასახლე ვერ აკმაყოფილებს. არის კიდევ ბევრი დეტალი, რისი გამოსწორებაც აუცილებელია რომ არენამ ევრობასკეტის მატჩებს უმასპინძლოს. ამიტომ, პრიორიტეტული ახალი დარბაზის აშენებაა.

popsport: ევრობასკეტი 2021 წელს გაიმართება. რამდენად მოესწრება მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება ამ დროში?

გურასპაული: დარბაზი მზად უნდა იყოს 2021 წლის ზაფხულისთვის. იქამდე ორი წელია და ეს დრო სრულიად საკმარისია სამშენებლო სამუშაოებისთვის.

popsport: თუ თბილისი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი გახდება, საქართველოს ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ტურნირში მონაწილეობის უფლებას და შესარჩევიდან გათავისუფლდება...

გურასპაული: დიახ ასეა და ამ შემთხვევაში, შეიცვლება ჩვენი ნაკრების კალენდარიც. არ ვუსწრებთ წინ მოვლენებს, რადგან ჯერ ევრობასკეტის ჯგუფის მასპინძლობის უფლება მოსაპოვებელია, მაგრამ გარკვეული მონახაზი მაინც გაკეთებული გვაქვს. ბუნებრივია, მოგვიწევს ამხანაგური მატჩების დაგეგმვა და სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა. ეს საკითხი ილიას ზუროსთან ერთად გადაწყდება.

popsport: შესაბამისად, ილიას ზუროსი რჩება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე... 

გურასპაული: ილიას ზუროსი რჩება და ის არა მარტო ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნება, არამედ ასაკობრივი ნაკრებების კურატორიც. კეთდება ვერტიკალი, რომლის სათავეში ზუროსი იქნება და სწორედ მასთან კორდინაციაში იქნებიან ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები. ჩვენი მიზანია რომ ყველა ნაკრები ერთ სტილში თამაშობდეს. რაც შეეხება ზუროსის ახალი კონტრაქტის დეტალებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები