Thumbnail

პუტინი შეშინებულია - რუსეთს ოლიმპიადის გამოტოვება აღარ უნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დოპინგ-სკანდალებით სახელგატეხილ რუსულ სპორტს ბოლომდე ისევ არ ენდობიან
  • რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ითხოვს   

წლის დასაწყისში Washington Post, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოზე (WADA) დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რისი მიზეზიც ამ ქვეყნის სპორტის მჭიდრო კავშირია დოპინგთან. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ და პარაოლიმპურ თამაშებზე არ დაიშვებიან რუსეთის ოფიციალური პირები, სპორტსმენები თუ დამხმარე პერსონალი, თუკი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას მონაცემთა ფალსიფიკაციაში გამოიჭერენ. ამას გარდა, რუსეთს შესაძლოა გარკვეული პერიოდით საერთაშორისო ტურნირების მიღების უფლებაც ჩამოართვან.

დოპინგ-სკანდალის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ-ი) რუსეთი ერთხელ უკვე დასაჯა და პიონჩანში 2018 წელს გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუს სპორტსმენებს ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება არ მისცა

ზამთრის ბოლო  ოლიმპიადაზე რუსეთის დროშა არ აფრიალებულა 

ახლა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფრთხილობს და აცხადებს, რომ ქვეყანამ დოპინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით, ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ახლა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალ ოლიმპიადაზე ნაკრების წევრებს შეზღუდვები აღარ ჰქონდეთ. პრეზიდენტმა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტულ ფედერაციებსა და შესაბამის უწყებებს საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ნაკრების არცერთ წევრს შეეხოს შეზღუდვა და არ მივცეთ მიზეზი მათ, ვინც სპორტს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და რუსეთის ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს", - თქვა პუტინმა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. თამაშებში სავარაუდოდ 200-ზე მეტი ქვეყნის, 12 500-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები