Thumbnail

Borderlands 3 - Gearbox Software ყველაზე წარმატებულ ფრანჩაიზს მიუბრუნდა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Borderlands-ის ახალ ვერსიას გეიმერები წლებია ელიან
  • Gearbox Software-მ ახალი თამაშის ტრეილერი გამოაქვეყნა

Borderlands-ის პირველი ინსტალაციის გამოსვლიდან თითქმის ათი წელი გავიდა და გუშინ ნანატრი წამი დადგა - Gearbox Software-მ Borderlands 3 დააანონსა. ანონსს ტრეილერიც მოჰყვა, რომელშიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები ვიხილეთ. თამაშის შინაარსზე, სხვა დეტალებზე და გამოშვების თარიღზე ჯერჯერობით არაფერი ვიცით, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2012 წლის შემდეგ, პირველად გავიგეთ რაღაც ახალი Borderlands-ის შესახებ, ფრანჩაიზის მოყვარულებში სიხარულს იწვევს. უფრო მეტ ინფორმაციას კი 3 აპრილს შევიტყობთ.

ტრეილერიდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეგვიძლია - თამაში Borderlands-ს, Borderlands 2-ს და Borderlands: The Pre-Sequels ძალიან ემგვანება. გრაფიკის მხრივ Borderlands 3-იც მულტფილმებისკენ იხრება და მასში, წინა ვერსიების მსგავსად, იარაღების მილიონობით ვარიაცია იქნება.

გუშინდელმა თიზერმა, რომელსაც  ‘არეულობის ნიღაბი’ (Mask of Mayhem) ჰქვია, დაადასტურა, რომ ახალ ვერსიაში ბევრი ისეთი რამ იქნება, რის გამოც წინა თამაშები შევიყვარეთ. როგორც ჩანს, თამაში ოთხი პერსონაჟიდან ერთ-ერთით შეგვეძლება. სამწუხაროდ, ტრეილერში არ ჩანს პერსონაჟების სახელები, ან მათი კლასები. სამაგიეროდ ვნახეთ ახალი მანქანები, ძალები და იარაღები. მცირე ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებაც, თუ ვისთან მოგვიწევს გამკლავება. მოთამაშის მტრები დაკავშირებულნი არიან რაღაცასთან (სავარაუდოდ ორგანიზაციასთან), რასაც ‘სარდაფის შვილები’ (Children of the Vault) ჰქვია.

ახალი თამაშის გრაფიკული მხარე ძველი ვერსიების სტილშია

ვიდეოში ხაზგასმითაა ნახსენები, რომ გეიმერს ‘სამყაროების’ (მრავლობითში!) გადარჩენა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს უფრო მეტი ლოკაციის შესწავლა მოუწევთ, ვიდრე წინა ვერსიებში.

Gearbox-მა ასევე გამოაცხადა, რომ 3 აპრილს ძველი თამაშების გრაფიკული განახლებაც მოხდება. პირველი თამაშის ახალ ვერსიას Borderlands: Game of The Year Edition ერქმევა და ხელმისაწვდომი იქნება როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ასევე PS4-ზე და Xbox-ზე.

ყველას აინტერესებს თუ რა სიახლეები იქნება Borderlands 3-ში და რა მიდგომას აირჩევს Gearbox - ძველ, გამოცდილ რეცეპტს გამოიყენებს, თუ მოხმარებელს ინოვაციურ იდეებს შესთავაზებს. ამ ეტაპზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ პირველი ვერსია აირჩიეს, თუმცა ამას დადასტურებით ვერავინ იტყვის. ასე რომ, დაველოდოთ 3 აპრილს.

კომენტარები

ბოლო ამბები