Thumbnail
  • დეტროიტმა პრინციპული მატჩი დამაჯერებლად მოიგო
  • პისტონსმა უშუალო კონკურენტი ორლანდო 115:98 დაამარცხა
  • ფაჩულიას გუნდს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს

“სიხარულისგან დავხტოდი, როცა გავიგე, რომ მისი ხელში ჩაგდების შანსი გვქონდა!” - განაცხადა დეტროტის მთავარმა მწვრთნელმა დუეინ კეისიმ ორლანდო მეჯიქთან მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ. კეისი უეინ ელინგტონს გულისხმობდა, რომელიც პისტონსმა თებერვლის დასაწყისში აიყვანა - მას მერე, რაც ის მაიამიდან ორლანდოში გაატრეიდეს, იქ კი მასზე უარი თქვეს.

უეინ ელინგტონმა (N20) შესანიშნავი მატჩი ჩაატარა

ორლანდო პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ზაზა ფაჩულიას გუნდის უმთავრესი კონკურენტია და ამ უპრინციპულეს დუელში ელინგტონმა თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა - ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო და აქედან 17 მესამე პერიოდში. სწორედ ამ მონაკვეთში გაზარდა დეტროიტმა თავისი ისედაც კომფორტული უპირატესობა 26 ქულამდე და სწორედ ამ პერიოდში გადაწყდა მატჩის ბედიც.

კეისი, წესით, თავისი გუნდის დაცვაში თამაშითაც კმაყოფილი უნდა იყოს. ორლანდომ მცდელობების მხოლოდ 39 პროცენტი ჩააგდო და სამქულიანების მხოლოდ 25 პროცენტი. შეტევაში კი ნორმალურად მხოლოდ აარონ გორდონმა (20 ქულა, 7/12) ითამაშა. შესაბამისად, ორლანდოს ზედიზედ 6-მატჩიანი მოგებათა სერია დეტროიტის სახით იმ გუნდთან შეწყდა, რომელთანაც მეჯიქის ქომაგები ყველაზე ნაკლებად ისურვებდნენ, რადგან მათთვის ყველაზე პრიორიტეტული სწორედ დეტროიტის დამარცხება იყო.

ზაზა ფაჩულიამ 9 წუთი ითამაშა

აღმოსავლეთ კონფერენციაში ხუთეულს (მილუოკი, ტორონტო, ფილადელფია, ინდიანა, ბოსტონი) პლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს. მე-6 ადგილზე ახლა ფაჩულიას დეტროიტია - 38 მოგებითა და 37 მარცხით. შემდეგ მოდიან ბრუკლინი (38/38), მაიამი (37/38), ორლანდო (37/39) და შარლოტი (35/39). 

ამრიგად, დეტროიტს იდეალური შანსი აქვს, 2016 წლის შემდეგ პირველად და 2009 წლის შემდეგ მეორედ გავიდეს NBA-ს პლეი ოფში - 35 წლის ქართველ ცენტრთან ერთად. ფაჩულიამ ამჯერად 9 წუთი ითამაშა და 1 ქულას და 1 მოხსნას მოუყარა თავი. ელინგტონის გარდა, კარგად ითამაშეს ბლეიკ გრიფინმა (20 ქულა, 10 მოხსნა) და ანდრე დრამონდმა (18/18).

📺 ვიდეო: დეტროიტი 115:98 ორლანდო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები