Thumbnail
  • უეფას სადისციპლინო კომიტეტი დუბლინურ მატჩში მომხდარ ფაქტს შეისწავლის
  • ირლანდიელმა ფანატებმა ავივას მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს 

უეფამ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციასთან მიმართებაში დისციპლინარული საქმე აღძრა, რომელიც ირლანდია-საქართველოს მატჩში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას პრესსამსახური იუწყება.

26 მარტს, ირლანდიის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. საქმე კი დუბლინის სტადიონ "ავივაზე" მასპინძელი გულშემატკივრების ქცევას უკავშირდება, რომლებმაც თამაშის დროს მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს. 

📺 პროტესტი ავივაზე 

 

ფაქტი პირველ ტაიმში მოხდა და ამის გამო შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა. ფანატებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთების გადმოყრით პროტესტი ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დელეინის ორგანიზაციის სტრუქტურაში დარჩენის გამო გამოხატეს. არბიტრმა თამაში 3 წუთით შეაჩერა, მისი განახლების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც გაზონიდან ბურთები გაიტანეს.

საქმეს უეფას სადისციპლინო კომიტეტი 16 მაისს განიხილავს. სავარაუდოდ, ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას ფინანსურ სანქციას დააკისრებენ.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო D ჯგუფს ორი ტურის შემდეგ ირლანდია 6 ქულით ლიდერობს. 4 ქულა აქვს დანიას, შვეიცარიას - 1. გიბრალტარი და საქართველო უქულოდ არიან. მომდევნო მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს, შინ გიბრალტართან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები