Thumbnail
  • ქართველი NBA-ს დრაფტზე - 7-წლიანი პაუზის შემდეგ
  • რომელი კლუბი აპირებს ბითაძის არჩევას დრაფტზე
  • მამუკელაშვილისა და ბეჟანიშვილის შანსები - ექსპერტთა ვარაუდები

20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს მორიგი დრაფტი გაიმართება და კალათბურთის ქართველი გულშემატკივრების ყურადღებად ამ მოვლენისადმი უდიდესი იქნება - საქართველოს ნაკრების ცენტრ გოგა ბითაძეს კარგი შანსი აქვს NBA-ს დრაფტის პირველ წრეში აირჩიონ. 

თუ ეს მოხდა, 19 წლის გოგა ბითაძე (დრაფტიდან ზუსტად ერთ თვეში გახდება 20 წლის) გახდება მე-6 ქართველი, ვისაც დრაფტზე აირჩევენ. 7 წელი გავიდა, რაც ბოლო ქართველი (თორნიკე შენგელია) აირჩიეს NBA-ში. დიდი ალბათობით, გოგა ამ "მშრალ" სერიას დაასრულებს. 

გოგამ სეზონი ადრიატიკის ლიგის საშუალო კლუბ მეგა ბიმაქსში დაიწყო, მაგრამ დეკემბერში იჯარით მონტენეგროს ბუდუჩნოსტში გადავიდა, ადრიატიკის ლიგის ჩემპიონ გუნდში, რომელიც ევროლიგაშიც თამაშობდა. ამ სარისკო ტრანსფერმა გაამართლა - გოგამ თავი ევროლიგაშიც გამოიჩინა, ხოლო ადრიატიკის ლიგაში ყველა შესაძლო ინდივიდუალური პრიზი მიიღო - გახდა სეზონის MVP, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და სეზონის იდეალური ხუთეულის წევრი. გოგა ამჟამად ადრიატიკის ლიგის ფინალში გასვლისთვის იბრძვის. 

გოგა ბითაძე უკვე ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრია

ამდენმა წარმატებამ და სკაუტების მიერ საკუთარი თვალით ნანახმა ბითაძის სადრაფტო შანსები გაზარდა - თუ მას ადრე მეორე წრეში არჩევისთვის "იმეტებდნენ", ახლა თითქმის ყველა წყარო ერთხმად ადასტურებს - ქართველ ცენტრს აუცილებლად პირველ წრეში აირჩევენ, რაც გარანტირებული კონტრაქტის ტოლფასია. 

დრაფტისადმი მიძღვნილი საიტები მუდამ განახლების რეჟიმში არიან, ერთხელ გოგა სავარაუდო მე-11 ნომრადაც კი დაასახელეს, თუმცა ახლა ამ საიტების პროგნოზი ქართველის მიმართ დასტაბილურდა - მას 20-დან 28-ე ნომრამდე შუალედში ელიან. 

ბითაძე - ბოსტონი თუ ბრუკლინი

გამოცემები ორ ნაწილად გაიყვნენ - პირველი ჯგუფი გოგას სავარაუდოდ მე-20 - 22-ე ნომრების შუალედში უწინასწარმეტყველებს არჩევას, მეორე ნაწილი კი პირველი წრის ბოლოსკენ - 27-ე ანაც 28-ე ნომრად. 

პირველ ჯგუფში შეესაბამება ბოსტონ სელტიკსი, მეორეს ბრუკლინ ნეტსი. 

გოგა ბითაძემ ამ სეზონში ევროლიგაშიც გაიბრწყინა

აი, რას წერს Yahoo - "გოგა ბითაძე, 22-ე ნომერი, ბოსტონ სელტიკსი - ეს არჩევანი შესაძლოა, დიდი თავსატკივარი იყოს ბოსტონისთვის, რომელთაც შარშან ბოლი აირჩიეს, მას კი მძიმე ტრავმა აქვს, მაგრამ გოგას ტალანტი ბოსტონს არ მისცემს საშუალოებას, ხელიდან გაუშვას ეს შესაძლებლობა. ბითაძე ფიზიკურად ძლიერია, მან გააუმჯობესა 3-ქულიანების სროლის პროცენტი. მას შეუძლია მოხსნა, კალათის დაცვა და ცოტა პასიც. რა თქმა უნდა რჩება კითხვები, მის სისწრაფესთან და დაცვაში თამაშთან დაკავშირებით, მაგრამ ბითაძე ნიჭიერი შემტევი კალათბურთელია, რომელიც აუცილებლად გამოადგება გუნდს". 

მოკლედ, ამერიკაში მიაჩნიათ, რომ თუ ბოსტონი ვერ გარისკავს ქართველი ცენტრის აყვანას, მას ბრუკლინი ხელიდან აღარ გაუშვებს. 

არა მხოლოდ გოგა 

გოგასთან მიმართებაში პროგნოზები შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს და ის სულ სხვა გუნდში აღმოჩნდეს და არა ბოსტონში ან ბრუკლინში, თუმცა ერთი ცხადია - წლეულს სხვა ქართველს დრაფტზე არ უნდა ველოდოთ, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლოა, გოგას კიდევ ორი ქართველი მოთამაშე მიყვეს.

ერთი მათგანი ჯერაც ავსტრიის მოქალაქე გიორგი ბეჟანიშვილია, თუმცა NCAA-ში თამაშისას, მედიასთან ურთიერთობისას, ის ყოველთვის აქცენტს თავის ქართველობას უსვამს, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ კი საქართველოს დროშით იზეიმა გამარჯვება. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო სანდრო მამუკელაშვილიც, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიცემა მოხერხდა და სანდრო უკვე ეროვნული ნაკრების კალათბურთელია. იმედია ასე იქნება გიორგი ბეჟანიშვილის შემთხვევაშიც. 

გიორგი ბეჟანიშვილი ყველასთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო

20 წლის რუსთაველი საკალათბურთო სამყარომ წლეულს აღმოაჩინა, როცა ილინოისში გაიბრწყინა. ილინოისში ის ნიუ ჯერსის პატრიკის ჰაი სქულიდან მოხვდა. ბეჟანიშვილი საშუალოდ 12.5 ქულას და 5.2 მოხსნას აკეთებს. ილინოისის ახალბედა შემდეგ სეზონებშიც ამ კლუბში რჩება, თუმცა Writing Illini-ის ინფორმაციით, მომავალ სეზონში ის მე-4 ნომერზე გადავა, მძიმე ფორვარდად.

მომავალ სეზონში ვარაუდობენ, რომ ის საშუალოდ 13 ქულაზე მეტს გააკეთებს და 6 მოხსნაზე მეტს NCAA-ში და NBA-ს კლუბების ყურადღებასაც მიიქცევს. "ვფიქრობთ, რომ ასეთი თამაშით გიორგის 4 სეზონი აქ არავინ გააჩერებს, და NBA მას აუცილებლად დაუძახებს", - წერს საიტი. nbadraft.net-მაც გიორგის ცალკე მიმოხილვა მიუძღვნა. მოკლედ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, როგორი სეზონი ექნება ილინოისტში ბეჟანიშვილს 2019/20 წლების სეზონში. 

ასეთი კალათბურთელები ხეებზე არ იზრდებიან

heavy.com-მა სპეციალური სტატია მიუძღვნა 19 წლის სანდრო მამუკელაშვილს (სეტონ ჰოლი, NCAA) და მის შანსებს NBA-ში. "მამუკელაშვილი უნივერსალი კალათბურთელია, რომელიც ამ სეზონში პროგრესირებს. მისი სიმაღლით და პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ NBA-ს სკაუტები. მაგრამ სანდროს სჭირდება შემტევი უნარების მეტად განვითარება, რომ რეალურად გახდეს NBA-ს პოტენციური მოთამაშე. 

სანდრო მამუკელაშვილი ამ სეზონში სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერი გახდა

Real GM-ის ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი შესაძლოა, 2021 წლის დრაფტზე დადგეს. თუკი სანდრო თავის არცთუ ურიგო სროლის უნარს კიდევ განავითარებს, ის NBA-ს რადარზე გამოჩნდება - 208 სმ. სიმაღლის მოთამაშეები, რომლებიც კარგად ესვრიან შორიდან და ფარზეც ბრწყინვალედ თამაშობენ, ხეებზე არ იზრდებიან. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რა მოხდება მომავალში მამუკელაშვილთან დაკავშირებით". 

ქართველები NBA-ს დრაფტზე 

1998 - 27. ვლადიმერ სტეფანია (სიეტლი)

2002 - 5. ნიკოლოზ ცქიტიშვილი (დენვერი)

2003 - 42. ზაზა ფაჩულია (ორლანდო)

2004 - 43. ვიქტორ სანიკიძე (ატლანტა-სან ანტონიო)

2012 - 54. თორნიკე შენგელია (ფილადელფია-ბრუკლინი) 

კომენტარები

ბოლო ამბები