Thumbnail
  • ფლორენტინო პერესი მზადაა, გუნდის გასაძლიერებლად სოლიდური თანხა გამოყოს
  • სამი მთავარი ტრანსფერი, რომელთა განხორციელებას რეალი ზაფხულში შეეცდება

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გასაძლიერებლად 500 მილიონი ევრო გამოყოს. როგორც L'Equipe იუწყება, "სამეფო კლუბის" პრიორიტეტული სამიზნეები: მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა, ასევე ლონდონის ჩელსისა და პსჟ-ის თავდამსხმელები, შესაბამისად, ედენ აზარი და კილიან მბაპე იქნებიან.

კანდიდატურები უკვე შეთანხმებულია გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან, რომელიც რეალის თავკაცის თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები 20 წლის ფორვარდის სანაცვლოდ პსჟ-ისთვის, დაახლოებით 280 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ. თავის მხრივ, პარიზელებს მბაპეს დათმობა ძალიან არ სურთ და მის დაკავებას მომხიბვლელი ხელფასით აპირებენ.

პსჟ კილიანს, რეალზე უარის თქმის შემთხვევაში, წელიწადში 40 მილიონ ევროზე მეტს ჰპირდება, ასეთი ხელფასი კი მსოფლიოში ერთადერთ ფეხბურთელს აქვს - ბარსელონას თავდამსხმელ ლიონელ მესის.

მადრიდელებს იოლი მოლაპარაკებები არც პოლ პოგბას ტრანსფერის განსახორციელებლად ელით. მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგის თაობაზე ნებისმიერი წინადადების უარყოფას აპირებს. ნახევარმცველის აგენტი მინო რაოლა კი ყოველი შემთხვევისთვის აცხადებს, რომ მის კლიენტს რეალისგან წლიური 16 მილიონი ევროს მიღება სურს. ცნობისთვის, ამჟამად პოლის ხელფასი მანჩესტერში 10 მილიონი ევროა.

ცნობილია, რომ მადრიდის რეალმა უკვე შეათანახმა პირადი კონტრაქტის დეტალები ედენ აზართან და როგორც ირკვევა, ჩელსის ბელგიელი ვარსკვლავი "სამეფო კლუბში" ხელფასად წელიწადში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მესამე ადგილს იკავებს. 66 ქულით პირველი ბარსელონაა, მეორეზე ატლეტიკოა (56). მომდევნო ტურის მატჩს რეალი 31 მარტს, შინ უესკასთან ჩაატარებს. გუნდი უკვე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასს.

კომენტარები

ბოლო ამბები