Thumbnail

სულშერი მანჩესტერში დიდი ხნით დარჩა - ახალი კონტრაქტი ნორვეგიელთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სპეციალისტმა მანჩესტერ იუნაიტედთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა
  • ნორვეგიელი მანჩესტერულ გუნდს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს

როგორც მოსალოდნელი იყო, ოლე გუნარ სულშერმა მანჩესტერ იუნაიტედთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. 46 წლის ნორვეგიელმა სპეციალისტმა, რომელსაც უწინდელი შეთანხმებით, გუნდი სეზონის ბოლომდე უნდა გაეწვრთნა, ახალი კონტრაქტით კლუბს სამი წლით დაუკავშირდა. ამის შესახებ მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური საიტი იუწყება.

ოლე გუნარ სულშერმა მანჩესტერ იუნაიტედი გასული წლის დეკემბერში, თანამდებობიდან ჟოზე მოურინიოს დათხოვნის შემდეგ ჩაიბარა. პარალელურად, ნორვეგიელს პოსტის დატოვება მიოლდეში მოუხდა.

სულშერი თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონის მოსწავლე იყო

"მოსვლის დღიდან, აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი, შემდეგ კი ამ კლუბში დამეწყო სამწვრთნელო კარიერა. ბოლო რამდენიმე თვეში ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე და მსურს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, მოთამაშესა და კლუბის თანამშრომელს. 

ეს არის სამუშაო, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი და ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, აქ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე. იმედი მაქვს, რომ წინ წარმატებები გველის, რომელსაც ჩვენი გასაოცარი გულშემატკივრები იმსახურებენ", - აქვეყნებს სულშერის ნათქვამს კლუბის პრესსამსახური.

მანამდე დაიწერა, რომ სულშერის ხელფასი კლუბში ახალი კონტრაქტით 7,5 მილიონი ფუნტი იქნებოდა. ეს ორჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც მანჩესტერელთა ყოფილი თავკაცი, ჟოზე მოურინიო იღებდა (15 მლნ ფუნტი).

სულშერის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ჩემპიონატში 13 მატჩში ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო. ამასთან, ნორვეგიელის ხელში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში პარი სენ-ჟერმენს დრამატული ორრაუნდიანი დაპირისპირდება (შინ 0:2, სტუმრად 3:1) მოუგო. ტურნირის ¼-ფინალში მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქე ბარსელონა იქნება, რომელსაც 10 აპრილს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, 16-ში კი სტუმრად დაუპირისპირდება.

მეტი ამ თემაზე: რეალურად რა ძალაა სულშერის იუნაიტედი

ოლე გუნარ სულშერი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1996-2007 წლებში იცავდა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 366 მატჩში 126 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები