Thumbnail

გასული თვის მთავარი ამბავი ზინედინ ზიდანის რეალში დაბრუნება იყო. ზიზუს მადრიდელთა გულშემატკივრები დიდი სიხარულით შეხვდნენ. მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და რეალის მენეჯმენტს დიდი იმედი აქვს, რომ ფრანგი კიდევ ერთხელ შეძლებს რეალის ევროპული ფეხბურთის მწვერვალებზე დაბრუნებას.

რა არის ზიდანის ფეხბურთი? როგორ თამაშობდა მისი რეალი და რატომ მოახერხა სრულიად ახალგაზრდა მწვრთნელმა სამ წელიწადში ყველაფრის მოგება? მოკლედ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა სამგზის ჩემპიონი გუნდი.

ზიდანის ეფექტი

ზიზუმ რეალში ორსეზონნახევარი გაატარა და მის ანგარიშზე სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატია.

ზიდანის მუშაობის სპეციფიკა და მისი ძლიერი მხარეები კარგად რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რა პირობებში ჩაიბარა მან გუნდი. იგი რეალის მწვრთნელად შუა სეზონში, იანვარში დაინიშნა. ბენიტესის რეალი კრიზისში იმყოფებოდა, ზიდანის მოსვლის შემდეგ კი გუნდმა მოგებების შთამბეჭდავი სერია დადო, სეზონის მეორე ნახევარში მხოლოდ 1 თამაში დათმო, მათ შორის გაიმარჯვა 'კამპ ნოუზე' და ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის გარდა, La Liga-ში მხოლოდ 1 ქულა წააგო ლიდერ ბარსელონასთან.

ზიდანის მოსვლის შემდეგ, რეალმა სწრაფად მოუმატა თამაშში. ასეთ მოკლე დროში სრულმასშტაბიანი ტაქტიკური სამუშაოს ჩატარება შეუძლებელია. ზიდანს რონალდოსთვის, მოდრიჩისთვის ან კროოსისთვის ფეხბურთის თამაში თავიდან არ უსწავლებია. ის იმ ტიპის მწვრთნელია, რომელიც თავისი პირადი ავტორიტეტის წყალობით ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად დაიხარჯონ და საუკეთესო თვისებები გამოავლინონ.

მოკლედ რომ ვთქვათ, რეალის ვარსკვლავებს მკაცრი და ტაქტიკაზე შეშლილი ბენიტესისგან განსხვავებით, ზიდანთან მუშაობა უბრალოდ მოსწონდათ. ბენიტესის წასვლის მიზეზიც, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელების უკმაყოფილება იყო. მის შედეგებს (18 თამაში, 11 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება) სახარბიელო არ ეთქმის, თუმცა არც იმდენად კატასტროფულია, რომ მწვრთნელი, ფეხბურთელების და მენეჯმენტის მხარდაჭერის პირობებში, გათავისუფლების ღირსი ყოფილიყო.

ფეხბურთელების მწვრთნელი

ზიდანი იმ ტიპის მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებს არა სტრესს, არამედ კომფორტს უქმნის. ამით განსხვავდება იგი, მაგალითად, ჟოზე მოურინიოს, ან ანტონიო კონტეს ტიპის მენეჯერებისგან. სამი წლის მანძილზე იგი თავის შემადგენლობას მაქსიმალურად ენდობოდა და მისი გუნდი თითქმის არ შეცვლილა. რეალმა სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისე მოიგო, რომ მხოლოდ 1 ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში - 2016 წელს ბეილი სასტარტოში იყო, შემდეგ ფინალებში კი - სათადარიგო სკამზე.

რეალი არც თავის ლიდერებს ყიდდა და არც ახალ ფეხბურთელებს იმატებდა. ზიდანის გუნდი შემადგენლობის სტაბილურობაზე იდგა. თანამედროვე ფეხბურთში სუპერკლუბისთვის სამი წლის განმავლობაში შემადგენლობის სრულად შენარჩუნება წარმოუდგენელი ფაქტია.

მან მოახერხა ისიც, რომ ფლორენტინო პერესი აიძულა, უარი ეთქვა დიდ შენაძენებზე. იგი ბოლომდე იცავდა, მაგალითად, კეილორ ნავასს - მეკარეს, რომელსაც პერესი გასხვისებას უპირებდა. ზიდანი თავის მოთამაშეებს ყოველთვის მხარს უჭერდა, თუნდაც ცუდი შედეგების დროს და რეალის ვარსკვლავებიც, მას ერთგულებით და საუკეთესო თამაშით პასუხობდნენ. ზიდანი საუკეთესო იყო - ადამიანების მართვაში, ე.წ. man management-ში.

რატომ თამაშობს რეალი უკეთ ჩემპიონთა ლიგაზე?

ზიდანის მენეჯმენტის სტილი უფრო კარგად სათასო ტურნირებს ერგება. ზიდანი არ არის იმ ტიპის მწვრთნელი, რომელიც მაგალითად, ესპანიოლთან გასვლაზე თამაშისთვის ფეხბურთელებს სტრესის შექმნის გზით განსაკუთრებით მოამზადებს.

შესაბამისად, 38-ტურიან ესპანეთის ჩემპიონატში რეალს იშვიათი წაბორძიკებები ახასიათებდა. ჩემპიონთა ლიგასა და სხვა სათასო ტურნირებზე კი მოტივაციის პრობლემა ფეხბურთელებს არ აქვთ და პირიქით, ზიდანის ტიპის გაწონასწორებული და მშვიდი მწვრთნელი მათ ზედმეტ სტრესს უხსნის. ამ კუთხით, ზიდანი კარლო ანჩელოტის დაემსგავსა, მწვრთნელს, რომლის გუნდშიც იგი ჯერ თამაშობდა, შემდეგ კი მეორე მწვრთნელის რანგში ეხმარებოდა მას. ანჩელოტის გუნდებიც განსაკუთრებით კარგად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ.

უნაი ემერი: „ზიდანი საუკეთესო მწვრთნელია ამ კონკრეტული გუნდისთვის, რომელსაც იგი ძალიან კარგად იცნობს. მან იცის, რომ ეს ფეხბურთელები მას გადამწყვეტ მომენტებში არ დააღალატებენ. შეიძლება თუ არა ამ შემადგენლობით უფრო სტაბილურად და ხარისხიანად თამაში? რა თქმა უნდა. მაგრამ ზიდანი სხვა გზით მიდის - მან იცის, რა სურთ მის მოთამაშეებს და ყველაფერს აკეთებს, რათა მათ თავი კომფორტულად იგრძნონ. ეს ზოგიერთი პრობლემის იგნორირებასაც ნიშნავს, რაც ჩემპიონატში თამაშზე აისახება, თუმცა ჩემპიონთა ლიგისთვის რეალი საჭირო ინტენსიურობას ინარჩუნებს.“

გარდა ამისა, მის რეალს არცთუ ისე გრძელი შემადგენლობა ჰყავდა. ძირითადი შემადგენლობის მიღმა, მადრიდელთა რიგებში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე იყო, ვინც გუნდის როტაციაში სრულფასოვან მონაწილეობას იღებდა - მათ შორის, პირველ რიგში, ბეილი, კოვაჩიჩი, ასენსიო და ლუკას ვასკესი უნდა მოვიხსენოთ. მაგალითად, საყრდენ ნახევარმცველ კაზემიროს შემცვლელი, ფაქტობრივად, არ ჰყოლია. დაცვის ხაზში, ცენტრსაც და ფლანგებსაც სკამიდან მხოლოდ ნაჩო აზღვევდა. 38-მატჩიანი ესპანეთის ჩემპიონატის მოსაგებად გრძელი გუნდი და კარგი როტაციაა საჭირო, ზიდანს კი ძირითადი 11-ის მიღმა არცთუ ხარისხიანი გუნდი ჰყავდა.

შემთხვევითი არ არის, რომ რეალის ერთადერთი ტრიუმფი ლა ლიგაში იმ სეზონს დაემთხვა, როდესაც განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ სათადარიგოები - მაგალითად, მორატამ 15 გოლი შეაგდო.

ტაქტიკური მოქნილობა

ზიდანი არ არის მწვრთნელი, რომელიც, მაგალითად, გვარდიოლას მსგავსად, თავისი სტილის მიხედვით არჩევს ფეხბურთელებს. იგი ტაქტიკურ საკითხებს მოქნილად უყურებს. მისი გუნდები თამაშის სტილს და ტაქტიკურ მონახაზს ხშირად იცვლიან. ზიდანი პირიქით, ტაქტიკას არგებს მის ხელთ არსებულ ფეხბურთელებს და მეტოქის სუსტ ან ძლიერ მხარეებს.

გასულ სეზონში ზიდანს შეეძლო, ერთდროულად ოთხი ცენტრალური ნახევარმცველით (ისკო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი) ბურთის დაჭერაზე ორიენტირებული პოზიციური ფეხბურთი ეთამაშა, შემდეგ თამაშში კი მხოლოდ ორი ცენტრალური ნახევარმცველი და ორი ფლანგის შემტევი (ბეილი, ასენსიო, ან ვასკესი) გამოეყვანა და აქცენტი სწრაფ თამაშსა და ფლანგებიდან შეტევაზე გაეკეთებინა. ჩემპიონთა ლიგაზე ზიდანის მოქნილი ტაქტიკა რეალს ძალიან ეხმარებოდა - მადრიდელებს თითოეული მეტოქის წინააღმდეგ განსხვავებული სათამაშო გეგმა ჰქონდათ.

იტალიური სიფრთხილე V ესპანური სტილი

ზიდანის ფეხბურთის უკეთ გასაგებად მის კარიერას უნდა გადავავლოთ თვალი. ზიზუს საფეხბურთო გემოვნებასა და მსოფმხედველობაზე გადამწყვეტი გავლენა ორმა დიდმა გუნდმა, ორმა დიდმა საფეხბურთო კულტურამ იქონია - იუვენტუსმა და რეალმა. ზიდანის გუნდი რიგ მომენტებში მადრიდელთათვის ჩვეულ, შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ხშირად, განსაკუთრებით, დიდ შეხვედრებში, ზიდანისთვის უცხო არც იტალიური სიფრთხილე იყო. რეალმა ჩემპიონთა ლიგის მთელი რიგი გადამწყვეტი შეხვედრები მეორე ნომრად ჩაატარა, დაცვიდან, კონტრშეტევებზე ითამაშა და უარი თქვა ბურთის ფლობაზე.

გასული წლის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის 6 შეხვედრაში რეალს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა საგრძნობი ბურთის ფლობის უპირატესობა - ისიც იუვენტუსთან საშინაო შეხვედრაში, თამაშში, რომელსაც მადრიდელები დასაწყისიდანვე 0-2-ს აგებდნენ და მთელი თამაშის შეტევებში გატარება მოუწიათ.

რეალს არ აქვს ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი

შემთხვევითი არ არის, რომ ზიდანისთვის მთავარ ტაქტიკურ სიახლედ კაზემირო იქცა. კაზემირომ ზიდანის რეალში მოსვლის შემდეგ იპოვა მყარი ადგილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

რაც არ უნდა შეეცვალა ზიდანს გუნდში ამ სამი სეზონის მანძილზე, კაზემირო ყოველთვის თამაშობდა - ტაქტიკური ცვლილებები და როტაცია მას არ ეხებოდა. არც მოდრიჩი, მით უმეტეს, არც ისკო და კროოსი საუკეთესონი დაცვით თამაშში არ არიან. მოდრიჩს ათლეტიზმი აკლია, ისკოს და კროოსს კი სისწრაფე, მობილურობა და დაცვითი უნარები. მათ ერთად თამაშს შესაძლებელს სწორედ კაზემირო ხდის - ბრაზილიელი ძალიან კარგად აზღვევს თანაგუნდელებს და თავისი ათლეტიზმისა და ბრძოლისუნარიანობის წყალობით ახერხებს მოედნის დიდ ნაწილზე ჰქონდეს გავლენა.

„კაზემირო დიდ სივრცეს აკონტროლებს, როდესაც თამაში ქაოტური ხდება. რეალის მოედნის ცენტრი ირევა, 7 ფეხბურთელი ერთდროულად უტევს, კაზემირო კი მარტო ახერხებს და საყრდენის ზონას მთლიანად ფარავს. მაგალითად, ბუსკეტსს არ შეუძლია ასე თამაში, მეც კი მასზე სწრაფად დავრბივარ. კაზემირო კი, პირიქით, ძალიან სწრაფია.“

გასული წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კაზემიროს თამაშში საშუალოდ 3.8 ვარდნა ჰქონდა, ყველაზე მეტი რეალში - შედარებისთვის სერხიო რამოსს თამაშში 1.7 ვარდნა აქვს, კაზემიროს შემდეგ ამ კატეგორიაში მეორე პოზიციაზე მყოფ დანი კარვახალს კი - 2.9.

შეცვლების ხელოვნება

შეცვლების ხელოვნება, ანუ თამაშის გადაწყობის უნარი ზიდანის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად უნდა ჩაითვალოს. ზიზუ ძალიან კარგად კითხულობს თამაშს პროცესში და შეცვლებით აქტიურად ერევა მასში. მას ყოველთვის ყოფნის გამბედაობა, რომ წარუმატებლად წასული თამაში მაშინვე გადააწყოს, თუნდაც გუნდის ლიდერების სკამზე დასმის გზით.

იუვენტუსთან მოგებული ფინალის წინ მან სკამზე გარეთ ბეილი დასვა და მის ნაცვლად ისკო დააყენა. ბეილი ფინალისთვის სპეციალურად ემზადებოდა და ტრავმიდან დაბრუნდა. ზიდანს კი არ შეეშინდა, მაშინ ჯერ კიდევ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სკამზე დასმა. ისკო იმ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გასულ წელს, პარი სენ ჟერმენთან მადრიდულ შეხვედრაში პარიზელებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ზიდანის ორმა შეცვლამ და მთელი ტაქტიკის გადაწყობამ რეალს თამაშის მოტრიალების და გამარჯვების საშუალება მისცა.

გასული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზიდანი გადამწყვეტ მომენტში, თანაბარ ანგარიშზე, გარეთ ბეილს ენდო, შეცვლაზე შეუშვა და უელსელმაც ზღაპრული გოლით რეალს მოაგებინა.

ბეილის გოლი ფინალში

როდესაც წინა სეზონის მეოთხედფინალში რეალი იუვენტუსთან მადრიდულ შეხვედრას 0-2-ს აგებდა, ზიდანმა პირველი ტაიმის შემდეგ ერთდროულად ორმაგი ცვლილება განახორციელა (ვასკესი, ასენსიო). შედეგად, მეორე ტაიმში რეალმა მოუმატა და საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე გასვლაც შეძლო.

ეს ზიდანის მიერ აქტიური შეცვლებით მოგებული თამაშების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

კრიშტიანო რონალდოს ახალი სიცოცხლე

ზიდანის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ის არის, რომ მან კრიშტიანო რონალდოსთვის მისი კარიერის ბოლო ეტაპზე საუკეთესო სათამაშო როლი იპოვა. 30 წლის შემდეგ თვით ისეთი ათლეტისთვისაც კი, როგორიც კრიშტიანოა, მთელი სეზონის მანძილზე ასეთ დონეზე თამაში მარტივი არ არის. ზიდანმა კრიშტიანო საბოლოოდ აქცია გამოკვეთილ ფორვარდად, რომელიც შეტევის ორგანიზებიდან და დაცვითი სამუშაოსგან თავისუფალია და მის მთავარ საქმეს გოლების გატანა წარმოადგენს. ზიდანის გუნდში კრიშტიანო უფრო ნაკლებ დროს ატარებს ფლანგებზე და საჯარიმოს გარეთ - საჯარიმოში მისი პროდუქტიულობა კი გაიზარდა.

მის რეალში უმაღლესი კლასის მოთამაშეები იყვნენ შეკრებილები - რამოსს, ვარანს, მარსელოს, მოდრიჩს, კაზემიროს და კროოსს, სულ მცირე, 6 კაცს მაინც ძირითადი შემადგენლობიდან, აქვს პრეტენზია, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რეალის შემადგენლობას ერთი პრობლემას აქვს - კრიშტიანოს გარდა, არცერთი სხვა მოთამაშეს არ შეუძლია სეზონში სტაბილურად 20 და მეტი გოლი შეაგდოს. კროოსი, მოდრიჩი და ისკო უფრო შემქმნელები არიან, ვიდრე გამტანები, ბენზემა დამხმარე ფორვარდად ჩამოყალიბდა, დიდი მოცულობით შავ სამუშაოს ასრულებს, თუმცა სტაბილურად ვერ გააქვს, ბეილს ტრავმები აწუხებს. ზიდანის რეალიც კრიშტიანოს გოლებზე იყო დამოკიდებული.

ეს ცვლილება აისახა კრიშტიანოს მიერ შესრულებულ პასებზე. რონალდო ზიდანის ხელში უფრო ნაკლებ პასს აკეთებდა - წლიდან წლამდე მის მიერ შესრულებული პასების რაოდენობა კლებულობდა. რაც უფრო მეტ დროს ატარებს კრიშტიანო მეტოქის საჯარიმოში, მით უფრო ნაკლებად არის ჩართული იგი თამაშის ორგანიზებაში. ზიდანის ფორმაციის რეალს ეს არც სჭირდებოდა - გუნდს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავდა შემტევი თამაშის ორგანიზებისათვის, გოლების გამტანები კი უჭირდა. შესაბამისად, კრიშტიანოც მხოლოდ გოლებზე კონცენტრირდებოდა.

ზიდანამდე, კრიშტიანო ყოველთვის ცდებოდა თამაშში 30-პასიან მაჩვენებელს, ზიდანის გუნდში იგი არცერთხელ არ გადაცდენილა ამ შედეგს. უფრო მეტიც, თამაშში თითქმის 25 პასამდე ჩამოვიდა - რაც, მაგალითად, 2012 წლის მონაცემთან (37 პასი) შედარებით თითქმის 30-პროცენტიანი კლებაა.

ამ ცვლილების შედეგად მოიმატა კრიშტიანოს დარტყმების რაოდენობამ საჯარიმოდან. კრიშტიანოს ბევრად უფრო ნაკლებად უწევდა საჯარიმოს გარედან დარტყმა - თუკი ზიდანამდე იგი თამაშში საშუალოდ 3.2-ჯერ არტყამდა საჯარიმოს გარედან, ზიდანის გუნდში მისი ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა - 1.8 დარტყმა თამაშში.

სამაგიეროდ, ზიდანის ბოლო სეზონში კრიშტიანოს თამაშში რეკორდული 5.2 დარტყმა დაუგროვდა საჯარიმოს ფარგლებიდან. რაც დეტალური სტატისტიკა არსებობს, ფეხბურთის ისტორიაში არავის ჰქონია მსგავსი შედეგი.

როგორ თამაშობდა რეალი?

ზიდანმა თამაში კრიშტიანო რონალდოს ფენომენალური უნარების მაქსიმალურ გამოყენებაზე ააგო. ვერავინ ვერ მოძრაობს საჯარიმოში ისე კარგად და ვერავინ ახერხებს ასე ხშირად გავიდეს დასარტყმელ პოზიციაზე, როგორც კრიშტიანო. პორტუგალიელი ყველაზე კარგად ჩაწოდებებისა და ფლანგურ გადაცემების დროს იხსნება. ზიდანმაც რეალის შეტევა ფლანგებიდან ააგო.

თითოეულ სეზონში ზიდანთან ერთად რეალი იყო სამეულში ჩაწოდებების სიხშირის მიხედვით ესპანეთის ჩემპიონატში. რეალის ცენტრალურ ნახევარდაცვას ბურთის შემტევ ხაზამდე (ანუ კრიშტიანომდე) მიტანა ნაკლებად ევალება - მათ ბურთი უნდა გაათამაშონ და ფლანგებზე განაპირა მცველები, ან ნახევარმცველები ჩართონ. კრიშტიანო ყველაზე ხშირად უკვე მათი გადაცემების ადრესატია.

შესაბამისად, რეალის განაპირა მცველები - დანი კარვახალი და განსაკუთრებით მარსელო, მადრიდელთა შეტევების ორგანიზებაში უმთავრეს როლს თამაშობდნენ. მარსელოს 2016-2017 წლებში 10 საგოლე პასი ჰქონდა - ძალიან დიდი რიცხვი მცველისთვის, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში კი მას ან გაჰქონდა, ან საგოლე პასს აკეთებდა პლეი ოფის თითოეულ ეტაპზე.

2015-2016 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში რეალის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ ისკოს ჰქონდა 1-ზე მეტი საგოლე გადაცემა.

შემდეგ სეზონში (2016-2017) ლიგაზე ყველაზე მეტი საგოლე პასი კრიშტიანოსთან ერთად ფლანგის მცველს დანი კარვახალს ჰქონდა (5 ასისტი), სხვა მოთამაშეები კი არცერთი არ აცილებია 2 ასისტს (მარსელოსაც 2 ასისტი ჰქონდა).

ამავე სეზონში, ტონი კროოსის შემდეგ, ყველაზე მეტ მწვავე გადაცემას (ე.წ. key pass - პასს, რომელიც საგოლე მომენტს ქმნის), სწორედ მარსელო აკეთებდა (კროოსი - 2.8 პასი თამაშში, მარსელო - 2.1 პასი თამაშში).

სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას ზიდანი რეალი-იუვენტუსის ფინალის შესვენებაზე - იგი თავის მოთამაშეებს მოუწოდებს, რომ ფართოდ, ფლანგებიდან ითამაშონ და არა ცენტრიდან.

ზიდანის ბოლო სეზონში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამძაფრდა. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი ასისტი ისევ განაპირა მცველებს - მარსელოს და დანი კარვახალს ჰქონდათ (4-4). 1-ზე მეტი ასისტი მოედნის ცენტრის ფეხბურთელებიდან მხოლოდ ისკოს დაუგროვდა, 2-2 ასისტი კი კიდევ ორ სხვა ფლანგის ფეხბურთელს - - ბეილს და ლუკას ვასკესს.

მარსელო ამავე სეზონში ლიდერობდა მწვავე გადაცემების რაოდენობითაც (1.8 პასი თამაშში), დანი კარვახალი კი მეოთხე იყო (1.4 პასი თამაშში) და მხოლოდ ისკოს და ბეილს ჩამოუვარდებოდა.

მარსელოს, ნომინალური მცველის მნიშვნელობას ზიდანის რეალისთვის, ხაზს უსვამდა გასულ სეზონში მის მიერ შესრულებული პასების რაოდენობაც. იგი თამაშში 62.8 პასს აკეთებდა - გუნდში მესამე მაჩვენებელი. მასზე წინ მხოლოდ პასის და ბურთს გათამაშების დიდოსტატები - კროოსი (72.2 პასი თამაშში) და მოდრიჩი (62.9 პასი თამაშში) არიან. როდესაც განაპირა მცველი ბურთის გათამაშებაში ისევე ხშირად არის ჩართული, როგორც ლუკა მოდრიჩი, ეს რაღაცას გვეუბნება ამ გუნდის პრიორიტეტებზე.

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ გათამაშებაში მადრიდელების მიერ პლეი ოფსა და ფინალში შეგდებული 16 გოლიდან, 10 სწორედ ფლანგურ შეტევებზე მოდის.

მარსელოს ფლანგური ჩაწოდება და ბენზემას გოლი ბაიერნთან

ამ ფლანგური შეტევების და გადაცემების ადრესატი მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანო რონალდო იყო. საშუალოდ ის კარისკენ 6.4 ჯერ ურტყამდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია. შედარებისთვის, ბეილის გარდა, ამ წლებში არცერთი სხვა მოთამაშე არ ასცილებია თამაშში 3 დარტყმას.

მაგალითად, რონალდოს შემდეგ ყველაზე ხშირად კარისკენ ისკო არტყამდა - მას 2015-2016 წლებში თამაშში 1.7 დარტყმა ჰქონდა, გასულ სეზონში კი - 2. კრიშტიანოზე თამაშის აწყობა ზიდანისთვის მარტივი, მაგრამ ყველაზე შედეგიანი გადაწყვეტილება იყო - კრიშტიანოს სამ სეზონში შეგდებული 137 (!) გოლი გადამწყვეტი იყო რეალის წარმატებებში.

კარვახალის ფლანგური ჩაწოდება და რონალდოს გოლი იუვესთან

გარდა ამისა, ზიდანი აქცენტს აკეთებდა სტანდარტებზე, რაც რონალდოს, რამოსის და ვარანის ყოლის პირობებში ლოგიკურია. თითოეულ სეზონში რეალი ლა ლიგის ლიდერი იყო სტანდარტებიდან შეგდებული გოლების მიხედვით.

იდეალური მწვრთნელი რეალისთვის

ზიდანის რეალში მეორედ მოსვლის შემდეგ ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ზიზუ მადრიდელთათვის იდეალური მწვრთნელია.

რეალი მწვრთნელისთვის ძალიან სპეციფიკური გუნდია - მოთამაშეები ხშირად მწვრთნელზე მეტად ფასობენ და მეტი გავლენა აქვთ. რეალის ვარსკვლავების სტრესით, კონფლიქტებითა და მკაცრი დისციპლინით მართვა ამ კლუბის სტრუქტურიდან გამომდინარე შეუძლებელია. ეს ფაბიო კაპელოს და ჟოზე მოურინიოსაც კი არ გამოუვიდათ თავიანთ საუკეთესო წლებში.

გასათვალისწინებელია ასევე ფლორენტინო პერესის ფაქტორიც. გუნდის მენეჯმენტის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას სწორედ ფლორენტინო იღებს. უნაი ემერიმ ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამი ტიპის გუნდები არსებობს.

უნაი ემერი: „ერთხელ, ხორხე ვალდანომ მითხრა: რეალში ლიდერი ფლორენტინო პერესია, ბარსელონაში მესი, ატლეტიკოში კი - დიეგო სიმეონე. პრეზიდენტი, მოთამაშე და მწვრთნელი - სამი განსხვავებული ლიდერის პროფილი. თითოეულ გუნდში მწვრთნელმა უნდა იცოდე, რა ფუნქცია გაკისრია და რა როლს თამაშობ.“

რეალიც სწორედ ფლორენტინოს გუნდია და მასში მარკეტინგულ საკითხებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტრანსფერებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას მწვრთნელი კი არა, სწორედ ფლორენტინო იღებს. ამიტომ იყო გამორიცხული რეალში, მაგალითად ანტონიო კონტეს მისვლა - მწვრთნელი, რომელიც სპორტულ საკითხებს სრულად აკონტროლებს, რეალს ვერასოდეს ვერ მოერგება.

ზიდანი მისი სიმშვიდით და ავტორიტეტით რეალისთვის იდეალური ვარიანტია. იგი უდიადესი ფეხბურთელი იყო და ფეხბურთელებს მისი სჯერათ. მას არ სჭირდება მკაცრი წესები, მისი სიტყვა დამაჯერებელია თუნდაც კრიშტიანო რონალდოს ან სერხიო რამოსის კალიბრის ვარსკვლავებისთვის.

იგი დიდი სიყვარულით და მხარდაჭერით სარგებლობს გულშემატკივარს შორის და ფლორენტინოც იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ზიდანის ავტორიტეტს. მოკლედ, მას შეუძლია რეალი მართოს დამატებითი ბერკეტების გარეშე, მხოლოდ თავისი პირადი ავტორიტეტის წყალობით, ისე, რომ არ შევიდეს კონფლიქტში კლუბის მენეჯმენტის სტრუქტურასთან.

ეს ისტორიულად ასეა - რეალში სწორედ ის მწვრთნელები არიან წარმატებულები, რომლებიც არა ტაქტიკურ რევოლუციებს ახდენენ, ან თამაშის ორგანიზაცია სხვა დონეზე აჰყავთ, არამედ რომლებიც მადრიდში შეკრებილ სუპერვარსკვლავებს კარგ სამუშაო პირობებს და თვითგამოხატვის საშუალებას აძლევენ. მაგალითისთვის, გალაქტიკოების რეალის მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეც გამოდგება.

გარეთ ბეილის პრობლემა

სწორედ თავისი პირადი ავტორიტეტის წყალობით გადაჭრა მან გარეთ ბეილის პრობლემა. ბეილი პერესის საყვარელი ფეხბურთელი და ბოლო წლებში რეალის მთავარი შენაძენია. რონალდოს ტრანსფერი ფლორენტინო პერესის წინამორბედმა, რაულ კალდერონმა შეათანხმა, ბეილი კი რეკორდულ თანხად ფლორენტინომ იყიდა და მას ძალიან სურდა, რომ ბეილისგან რონალდოს კლასის ფეხბურთელი დამდგარიყო. ბეილი ფლორენტინოს პირადი პროექტია.

ამავე დროს, უელსელმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლი შეაგდო ფინალებში და ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბეილი რეალის შიდა მენეჯმენტისთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია. გადამწყვეტი გოლების მიუხედავად, ბეილი რეალის სათამაშო სისტემაში ბოლომდე ვერ ჯდებოდა.

ზიდანის წინამორბედი კარლო ანჩელოტი იხსენებდა, რომ ბეილის აგენტი მის ზურგსუკან, ფლორენტინო პერესთან, თავის კლიენტს ყოველთვის ლობირებდა და ანჩელოტის დიდი ზეწოლის ქვეშ უწევდა მუშაობდა - ბეილს ცენტრში სურდა თამაში, თავდამსხმელების უკან, ფაქტობრივად, კრიშტიანო რონალდოს პოზიციაზე და არა ფლანგზე. ეს პოზიცია ანჩელოტის ტაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა.

კარლო ანჩელოტი: „ბეილის აგენტმა პერესს უთხრა, რომ მას ცენტრში სურდა თამაში და არა მარჯვენა ფლანგზე. მოგვიანებით, მე ავუხსენი გარეთს, რომ შესაძლოა მისთვის მარჯვენა ფლანგი იდეალური პოზიცია არ იყო, თუმცა გუნდის ინტერესები ასე მოითხოვდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვიყავით და სეზონის ამ სტადიაზე გუნდს ვერ გადავაწყობდი.“

ანჩელოტიმ ისიც გაიხსენა, რომ ბეილის შეცვლა ვალენსიასთან თამაშში (2-2), მაშინ, როდესაც რეალმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ჩემპიონატი, ფაქტობრივად, დათმო, მას სამუშაოს დაკარგვად დაუჯდა და პერესმა მას პირადად უთხრა, რომ „ბეილის შეცვლა მასზე პერსონალურ შეტევას ნიშნავდა.“

ბეილის მცდელობის და პერესის სიმპათიის მიუხედავად, ბეილი გუნდის ლიდერად ვერ იქცა - რეალი ბოლომდე კრიშტიანო რონალდოს გუნდად დარჩა. ზიდანის მოსვლის შემდეგ კი, ვერც ბეილი და მისი წარმომადგენლები და ვერც ფლორენტინო ზიდანზე ზეწოლას ვერ ბედავენ.

ჯონათან ბარნეტი (ბეილის აგენტი): „გარეთს თამაში ერთ სტილში სურდა, ზიდანს კი სხვანაირად. ეს პრობლემად იქცა და დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მხოლოდ გაუარესდა. თუ ბეილს საშუალებას მისცემ, ისე ითამაშოს, როგორც მას სურს, შეუძლია კრიშტიანო რონალდოს დონეზე იყოს.“

ზიდანის სახელი და ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მასზე ნებისმიერი ფორმით ზეწოლა, წარმოუდგენელია. ზიდანმა ზედიზედ ორჯერ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბეილი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

რატომ წავიდა?

ზიდანი კარგად აცნობიერებდა, რომ ამ რეალთან ერთად პიკი გადაიარა და ეს სეზონი მადრიდელთათვის ყველა ვარიანტში კრიზისული იქნებოდა. გუნდის რამდენიმე ლიდერი - მარსელო, სერხიო რამოსი, კრიშტიანო, ლუკა მოდრიჩი - 30 წელს გადაცილებულია და დიდი ალბათობით კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვთ.

ამ გუნდმა ყველაფერი მოიგო და მისთვის ახალი მოტივაციის პოვნა თითქმის შეუძლებელი ამოცანა იყო. სავარაუდოდ, ზიდანს არც კრიზისულ რეალში დარჩენა სურდა და არც მის მიერვე შექმნილი ჩემპიონი გუნდის დაშლაში მონაწილეობის მიღება.

ესპანური პრესის ცნობით, ამას ემატებოდა აზრთა სხვადასხვაობა ფლორენტინო პერესთან. სავარაუდოდ, მადრიდელთა მენეჯმენტმა ჯერ კიდევ გასული სეზონის განმავლობაში იცოდა, რომ კრიშტიანოს წასვლა სურდა. პერესს იმედი ჰქონდა, რომ გუნდის ლიდერად გარეთ ბეილი იქცეოდა და კრიშტიანოს არგაშვების, ან სხვა სუპერვარსკვლავით მისი ჩანაცვლების აუცილებლობას ვერ აღიქვამდა. ზიდანი კი, პირიქით, კრიშტიანოს გარეშე ამ ფორმაციის რეალის მომავალს ვერ ხედავდა და ბეილის გუნდიდან გაშვება სურდა.

როგორც დრომ გვაჩვენა, ზიდანი ამ შემთხვევაშიც მართალი აღმოჩნდა და რეალმა საშინელი სეზონი ჩაატარა, ბეილი იმდენად სუსტად გამოიყურება, რომ დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოუწევს.

დასკვნა - რატომ დაბრუნდა და რას ველოდოთ

ზიდანის დაბრუნება უცნაურად გამოიყურებოდა. პრესა მას შემდეგ სეზონში იუვენტუსში, პარიზში ან რომელიმე ინგლისურ გრანდში ელოდა, მან კი რეალი შუა სეზონშივე ჩაიბარა. რეალურად, ზიდანს მოუწევს შემდეგ სეზონში იმ საქმის გაკეთება, რომელიც მან წინა ზაფხულში თავიდან აირიდა - ახალი გუნდის შენება. ეს მის კარიერაში ახალი გამოწვევა იქნება - ზიდანი აქამდე უფრო იმ ტიპის მწვრთნელი იყო, რომელიც თავისი გუნდის რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ახდენს. მას გუნდში გამოცდილი სუპერვარსკვლავებთან ჰქონდა საქმე. ახალ სეზონში კი მას სხვა ტიპის სამუშაო მოუწევს - შექმნას ახალი სათამაშო სისტემა, დაეხმაროს ახალგაზრდებსა და ახალწვეულებს რეალში ინტეგრაციაში და თავიდან ააწყოს გუნდი.

რთული სათქმელია, თუ როგორი იქნება შემდეგ სეზონში ზიდანის რეალი. თითქმის გარანტირებულად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეალს ძალიან აქტიური სატრანსფერო კამპანია ექნება. რთული წარმოსადგენია, ზიდანი კრიზისულ რეალში - გარანტიების, მათ შორის, ახალი ტრანსფერების, გარეშე დაბრუნებულიყო.

რადგანაც ზიდანი არ ცდილობს, რომ ფეხბურთელები მხოლოდ მისთვის მისაღები ტაქტიკური პროფილის მიხედვით შეარჩიოს, სავარაუდოა, რომ რეალი ეცდება ბაზარზე ხელმისაწვდომი მაღალი კლასის ფეხბურთელების დამატებას, შემდეგ კი ზიდანი მათი ძლიერი და სუსტი მხარეების მიხედვით შექმნის ახალ სათამაშო მოდელს - ანუ, მოიქცევა პრაგმატულად, როგორც სჩვევია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები