Thumbnail

ქართველი მწვრთნელის წარმატება! მაისურაძე ირლანდიურ აკადემიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სიმონ მაისურაძე ირლანდიური რაგბის აკადემიაში იმუშავებს
  • მაისურაძე მიღებული ცოდნის ქართულ რაგბიში გამოყენებას აპირებს

დავით კილასონიას სახელობის ეროვნული აკადემიისა და თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელი, სიმონ მაისურაძე სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს. ირლანდიის რაგბის აკადემია ქალაქ ნაისში სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტებმა გახსნეს. დირექტორი დენ ფან სეილია, რომელსაც სუპერ რაგბისა და ირლანდიაში უმაღლეს დონეზე, ასევე სამხრეთ აფრიკის ნაკრებში უთამაშია. მისი დამხმარე ასევე სამხრეთაფრიკელი იოან ტეილორია, რომელსაც ასევე სუპერ რაგბისა და ირლანდიაში უთამაშია.

მაისურაძე იხსენებს, თუ როგორ აღმოჩნდა ირლანდიური რაგბის აკადემიაში: 

სიმონ მაისურაძე: ნაისში მომიხდა ჩასვლა და როდესაც გაიგეს, რომ მწვრთნელობის, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და მესამე დონის ლიცენზია მქონდა, მთხოვეს, ირლანდიის აკადემიის ბავშვებისთვის შერკინების ვარჯიში ჩამეტარებინა. მათ ჩემი ვარჯიშები მოეწონათ და კლუბში, ‘ნაისშიც’ მიმიწვიეს, სადაც ორი ვარჯიში ჩავატარე. ამის შემდეგ მთხოვეს, რომ თუ შესაძლებელი იყო, პერიოდულად ირლანდიაში ჩავსულიყავი და როგორც აკადემიაში, ასევე კლუბში, შერკინების ვარჯიშები ჩამეტარებინა, რაზეც თანხმობა ვუთხარი. ჩემთვის ეს სამუშაო საინტერესოა, რადგან ირლანდიელებისა და სამხრეთაფრიკელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რასაც შემდეგ საქართველოში გამოვიყენებთ.

პირველი სტუმრობიდან სიმონ მაისურაძემ არაერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა, რის დანერგვასაც ქართულ რაგბიში ისურვებდა.

სიმონ მაისურაძე: ირლანდიაში რაგბის უდიდესი ტრადიცია აქვს და ამ ქვეყნის სარაგბო კულტურიდან ბევრი კარგი დეტალის გადმოღება შეიძლება. ერთ ასეთ საინტერესო დეტალს წავაწყდი: ნაისისა და მელონის შეხვედრის შემდეგ, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და 22:20 დასრულდა, მესამე ტაიმზე ორივე გუნდის მოთამაშეებსა და მწვრთნელებთან ერთად მსაჯებიც იმყოფებოდნენ. საკმაოდ მეგობრული ატმოსფერო იყო და მსაჯების მიმართ უდიდესი პატივისცემა იგრძნობოდა. მათ მორაგბეებთან ერთად მიირთვეს, გაიარეს თამაშის დეტალები და მეგობრული საუბარი ჰქონდათ. ის, რომ დღეს საერთაშორისო დონეზე ქართველი მსაჯები ადგილს იმკვიდრებენ და წინ მიიწევენ, დიდწილად ირლანდიელების დამსახურებაა, რადგან ჩვენს მსაჯებს თავის დროზე სწორედ მათ გაუწოდეს დახმარების ხელი, დაეხმარნენ განვითარებაში და კარგი იქნება, თუ მსაჯების მიმართ პატივისცემასაც ირლანდიელებივით ვისწავლით.

სიმონ მაისურაძეს ეროვნული ნაკრების მაისურით 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ეროვნული ნაკრების გარდა, საქართველოს 7-კაცა ნაკრების წევრიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები