Thumbnail
  • Sekiro-ში მოქმედება ფეოდალურ იაპონიაში ვითარდება
  • ორთაბრძოლები ქორეოგრაფიული თარგების და იმპროვიზაციის ნაზავია
  • Dark Souls-ის დეველოპერების ახალმა თამაშმა უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა

Dark Souls გითამაშიათ? თუ არა - ითამაშეთ.

პირადად მე Dark Souls-ის ფრენჩაიზის და Bloodborne-ს ბოსები არასდროს მომწონდა. მეშინოდა, პატივს ვცემდი, მაგრამ მოწონებით - არა. თითოეული ორთაბრძოლა ურთულესი გამოწვევა იყო, რომელშიც უნდა გავრკვეულიყავი, გადამელახა და ბოლოს თავი გამარჯვებულად მეგრძნო. ველოდებოდი იმ ერთ წამს, როდესაც ბოსისთვის უსაფრთხოდ დარტყმა შემეძლო და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ საზარელი მონსტრის უშველებელ 'სიცოცხლის აუზს' (Health Pool)-ს არ დავცლიდი. თუკი მსგავსი გამოცდილება გქონიათ, გაითვალისწინეთ, რომ ზუსტად ასე უნდა მიუდგეთ მტრებს Sekiro-შიც, რომელიც ისევე როგორც ზემოთნახსენები თამაშები, FromSoftware-ის პროდუქტია.

სეთინგი

Sekiro: Shadows Die Twice-ში სიცოცხლესა და სიკვდილს შორის უმცირესი ხაზია. თქვენ ცალხელა მებრძოლი ხართ, ერთგული შინობი, რომელიც ახალგაზრდა დიდგვაროვნის გადარჩენას ცდილობს. ფეოდალურ იაპონიაში ყოველ ნაბიჯზე ომის ნარჩენები გხვდებათ და ასეთ დროს მორალურ დილემებზე საუბარი ზედმეტია. ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას მკვდრების სხეულები ამდიდრებს. თამაშისას იმდენი დაჭრილი ჯარისკაცი გაგიზიარებთ საკუთარ ბოლო სიტყვებს, რომ მხოლოდ ამ ინფორმაციით, სქელტანიანი წიგნის დაწერას შეძლებდით. სწორედ აქ ერთვება საქმეში ირონია - თამაშის მთავარი პერსონაჟი უკვდავია.

ირონია Sekiro-ს განუყოფელი ნაწილია - ეპიზოდებში სამურაების ორთაბრძოლის შესახებ ძველი იაპონური ფილმი გაგახსენდებათ, რასაც აბსურდული და კომიკური მოვლენები მოჰყვება. სავარჯიშო ადგილზე, თქვენ შეხვდებით კაცს, რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მოკლათ, თან არაერთხელ და მას აღნიშნულ ფაქტთან არანაირი პრობლემა არ აქვს. 'სალამი მეგობარო, გინდა გაივარჯიშო და კიდევ ერთხელ მომკლა?'. სიკვდილი თითქოს ხუმრობაა და სწორედ ამის გამოა სამყარო ქაოსში გახვეული.

უკვდავ ჰენბეის სიკვდილი სწყურია

გეიმფლეი

მოთამაშე ამ 'ხუმრობის' მსხვერპლი ხშირად ხდება, რადგან Sekiro ძალიან რთული თამაშია (რაც სავარაუდოდ არავის გაგიკვირდებათ, რადგან მისი დეველოპერი, როგორც უკვე გითხარით, FromSoftware-ა). ორთაბრძოლებს თქვენი მთელი ყურადღება დასჭირდება. თითოეულ დეტალზე დაკვირვება და სავარაუდო რეაქციების რამდენიმე ვერსიის წინასწარ გაანალიზება ბევრჯერ გადაგარჩენთ. ბოსებთან და მინი-ბოსებთან შეჯახებები ქორეოგრაფიული თარგების და იმპროვიზაციის ნაზავია. თავიდან მტრის მოძრაობებს სწავლობთ, შემდეგ, თუკი გამოცდილი გეიმერი ხართ, ხუთი, ხოლო თუ დამწყები, ათი და მეტი სიკვდილის დაგჭირდებათ, რათა მტრის დამარცხების ტაქტიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოთ. ეს კი მხოლოდ დასაწყისია. ბოსის შეტევის პატერნების შესწავლა ბევრს არაფერს მოგცემთ, თუკი შემდეგ სათანადო რეაქციას არ გამოავლენთ

'უნარების ხეზე' ბევრი რამაა დამოკიდებული

თითოეული ბოსთან შეხვედრა ბოლომდე ჩაგითრევთ. დააკვირდებით ყველა ანიმაციას, პატარა შანსს, მინიშნებას, კომბინაციას -  ყველაფერს რამაც შესაძლოა წარმატება მოგიტანოთ. Sekiro-ში ბრძოლები ცეკვას ჰგავს და ამასთან ერთად - საოცრად ტაქტიკურია. თუკი შეტევისგან თავს დაიცავთ, ჩხვლეტის შანსი მოგეცემათ, აცილებისას მოქნევის. ამას შინობის პროთეზი და უნარები ემატება, რომლებსაც უნარების ხის მეშვეობით ავითარებთ და შედეგად ბრძოლის სტილის უამრავი სხვადასხვა ვერსია გხვდებათ. 

მაგალითად - Guardian Ape-თან ორთაბრძოლისას ჩემი თავდაპირველი ტაქტიკა მისი დარტყმების არიდება იყო, მაგრამ ამან მხოლოდ ბრძოლის გარკვეულ ეტაპამდე იმუშავა (სპოილერებისგან თავს შევიკავებ). ამის შემდეგ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ მოვკვდი და ბრძოლის თავიდან დაწყება მომიწია. ბოლოს, ერთსაათიანი წვალების შემდეგ, უბრალოდ გადავწყვიტე მაქსიმალურად აგრესიული ვყოფილიყავი და შედეგიც მალე მივიღე - რამდენიმე წუთში ჩემს წინ უთავო Guardian Ape იწვა, რომელიც ხუთიოდ წამში წამოდგა, საკუთარ თავს ხელი დაავლო, მეორეში უშველებელი ხმალი აიღო და მეორე რაუნდი დავიწყეთ.

Sekiro-ში წარმატება ორ ძირითად სტატზეა დამოკიდებული - სიცოცხლის ოდენობა (Vitality) და საბრძოლო პოზა (Posture), რომელიც მაშინ გროვდება, როდესაც ბალანსს კარგავთ. რაც უფრო მაღლაა 'პოზის საზომი' (Posture Metre), მით უფრო ნაკლებია თქვენი სიზუსტე, რაც უფრო ნაკლებია თქვენი სიცოცხლე, მით უფრო სწრაფად იმატებს 'პოზის საზომი' და თუკი ის ბოლომდე გაივსება, მტრის დარტყმების მიმართ ძალიან მოწყვლადი ხდებით. ზუსტად იგივე პრინციპი ვრცელდება თქვენს მტრებზეც. მსგავსი სისტემა, იმავე Dark Souls-ისგან განსხვავებით, თამაშის უფრო აგრესიული სტილისკენ და მეტოქეზე სტრატეგიული ზეწოლისკენ გვიბიძგებს. ორთაბრძოლები მაღალ ტემპში მიმდინარეობს და ძალიან, ძალიან გასართობია.

მგლის უკვდავება

თამაშის პროტაგონისტს, მგელს (Wolf), უკვდავება საკმაოდ ძვირად უჯდება. თქვენი გარდაცვალების შედეგად ერთ-ერთ პერსონაჟს (NPC), რომელსაც იცნობთ, დაავადება სახელად 'დრაგონროტი' ემართება. ინფექცია სასიკვდილოა, მაგრამ არავის კლავს (რა ვქნათ, ისტორია ამბობს, რომ სასიკვდილოა, მაგრამ თავად პერსონაჟები არ იხოცებიან) და მისი განკურნება შესაძლებელია. ასეთ დროს, თქვენ მეორად დავალებებზე ინფორმაციას ვერ მიიღებთ, თუმცა მთავარი ისტორია ჩვეულებრივ გრძელდება. შესაძლოა ეს არც თუ ისე მკაცრ სასჯელად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუკი ჩემნაირად თამაშის სრულად დახურვის მოყვარული ხართ, გვერდითი ეფექტი საკმაოდ დიდ დისკომფორტს შეგიქმნით.

სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია

სიკვდილისას თქვენ გამოცდილებას (Experience) და ფულს კარგავთ, რაც თამაშის პირველ ეტაპზე, საკმაოდ შემაწუხებელია. შედეგად, თქვენ იმაზე ფიქრსაც წინასწარ იწყებთ, მოახერხებთ თუ არა თქვენს წინ მდგომ მტერთან, ან მტრებთან გამკლავებას და მომავალი ორთაბრძოლებისთვის სათანადოდ მოემზადებით. სიკვდილისას თქვენ გაქვთ მცირე შანსი (30%), რომ ფულს და გამოცდილებას არ დაკარგავთ, თუმცა ეს შანსი მაშინ კლებულობს, როდესაც პერსონაჟებს 'დრაგონროტი' ემართებათ, შესაბამისად თამაშის ამ მექანიკაზე ავანსის გაცემა, მთლად გამართლებული არ არის.

მინუსები

Sekiro-ს ბევრი მინუსი არ აქვს და რომც ჰქონდეს ბრძოლები იმდენად გასართობია, რომ მის შეძენას და თამაშს აუცილებლად გირჩევდით, მაგრამ ჟანრის კანონის მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ და უარყოფით მხარეებზეც ვისაუბროთ.

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე საათი იყო გასული, როდესაც შევნიშნე, რომ მინი-ბოსებთან ბრძოლები ხშირად ერთმანეთს ჰგავდა. სხვანაირი ვიზუალური მახასიათებლების მქონე მტერთან, რომ ისეთივე ტაქტიკა ჭრის, როგორიც მანამდე მოკლულთან, ოდნავ იმედგაცრუებას მიჩენდა.

'სტელსი' თამაშის ძირეული ელემენტია. ნინძას უნარები საკმაოდ ხშირად დაგჭირდებათ, რათა მტრებს გაეპაროთ. პირველ საათებში ეს არანაირ დისკომფროტს არ მიქმნიდა, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მტრების AI (ხელოვნური ინტელექტი) ამ კუთხით არ უმჯობესდებდა და რამდენიმე ხრიკის ათვისების შემდეგ, თითქმის ყველა ასეთ სექციას მარტივად გავუმკლავდი.

ამის მიუხედავად, არის 'სტელს' მომენტები, რომლებიც ძალიან შთამბეჭდავია. გამოდევნების უნიკალური სიქვენსების გარდა, ერთ-ერთ ბოსთან ბრძოლა, უფრო ნადირობას ჰგავს, ვიდრე დუელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 'სტელსი' და დამალვა აუცილებელია. თამაშის მიწურულსაც არის რამდენიმე ამ კუთხით საინტერესო ეპიზოდი, თუმცა ამან კიდევ უფრო გამაბრაზა. მოკლედ - ის ეპიზოდები, როდესაც სამურაი ხარ, ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ისინი, როდესაც ნინძა ხარ.

ვერდიქტი

Sekiro: Shadows Die Twice ძალიან კარგი თამაშია. დეველოპერებმა უამრავი რამ გააკეთეს სწორად. ფეოდალური იაპონიის თემატიკა და უშუალოდ გეიმფლეი, საინტერესო და სასიამოვნოა. არის რაღაცები, რაც უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 'სტელსი' და მეტი მრავალფეროვნება, მაგრამ Sekiro-ს დადებითი მხარეები იმდენად ეფექტურია, რომ გეიმერი მათი ხათრით თვალს ბევრ რამეზე დახუჭავს. თამაში ბუნებრივად მიედინება და მოწყენის დრო იშვიათად გექნებათ.

Sekiro რთული თამაშია, შესაბამისად ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ. თუკი განხილვის წაკითხვის შემდეგ მაინც გაგიჩნდათ კითხვა ღირს თუ არა ამ Sekiro-ს ყიდვა და დამატებითი მოტივაცია, ან დასტური გჭირდებათ, გეტყვით რომ კი, ღირს. 

სიცოცხლის და სიკვდილის უთვალავი ციკლის, დაძაბულობის, სიბრაზის და ყველა გამოწვევასთან გამკლავების შემდეგ დამიჯერეთ, თქვენც ამ აზრზე იქნებით.

კომენტარები

ბოლო ამბები