Thumbnail

'ვწუხვარ, არ ვიცოდი' - გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციას ეხმაურება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ძიუდოისტი დასაჯა
  • გურამ თუშიშვილი აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამი 2-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რისი მიზეზიც მისი მონაწილეობაა ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების თანახმად, ძიუდოისტებს, რომლებიც ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში არიან, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. გურამმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ათვლა კი 25 მარტიდან დაიწყო.

ამ თემას თავად გურამ თუშიშვილი გამოეხმურა და სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გაავრცელა: 

"მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მე აქამდეც მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა ყაზახურ ჭიდაობაში, ეს ფაქტი ცნობილი იყო როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციისათვის, ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის. მე არ ვიყავი ინფორმირებული ამ აკრძალვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მივაყენებდი ზიანს ჩემს სპორტულ კარიერას. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო".

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ტურნირი ქართველი ძიუდოისტისთვის სკანდალური გამოდგა. გურამი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ ნუგიმაროვს შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის გამოც პროტესტის ნიშნად, ხალიჩა ისე დატოვა, მეტოქეს არც ხელი ჩამოართვა და არც გამარჯვება მიულოცა. გურამმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელებაც არ ისურვა.

კომენტარები

ბოლო ამბები