Thumbnail

გაუპატიურების ბრალდება კონორ მაკგრეგორს - რას აპირებს ირლანდიელი?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რატომ გადაწყვიტა მაკგრეგორმა კარიერის დამთავრება?
  • მიდის თუ არა 30 წლის ირლანდიელი WrestleMania-ში?
  • კონორს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

გუშინ, კონორ მაკგრეგორმა ყველასათვის მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა - UFC-ს ირლანდიელმა ვარსკვლავმა ტვიტერზე დაწერა, რომ MMA-ს კარიერას ამთავრებს. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ მაკგრეგორს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

‘ნიუ იორკ თაიმსის’ ინფორმაციით, ქალბატონი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ირლანდიელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გამოძიება უკვე დაწყებულია. ‘ნიუ იორკ თაიმსი’ ინფორმაციის წყაროდ იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებიც უკვე დაიკითხნენ. საუბარია დეკემბერში, დუბლინთან ახლოს მდებარე სასტუმრო Beacon Hotel-ში მომხდარ ამბავზე, რომელიც აქამდე არ იყო გახმაურებული.

როგორც ირკვევა, კონორ მაკგრეგორი ხსენებულ სასტუმროს ხშირად სტუმრობს. იქ მხოლოდ ერთი პენტჰაუსია და ირლანდიელი მებრძოლი ყოველთვის მას ჯავშნის. იანვარში მაკგრეგორი მცირე ხნით დააკავეს, სასტუმროს თანამშრომლები კი დაკითხეს.

რა კავშირი აქვს ამ სკანდალს კონორის გუშინდელ განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც ის კარიერას ამთავრებს? აღსანიშნავია, რომ ასეთი განცხადება მან 2016 წლის აპრილშიც გააკეთა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა. ამის გამო, მაკგრეგორის ფანებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ კონორი მართლაც დაამთავრებს კარიერას.

ირლანდიელის პრეს-მდივანის თქმით, გუშინდელ განცხადებას ‘გაუპატიურების სკანდალთან’ კავშირი არ აქვს. ირლანდიის პოლიცია გამოძიებას ადასტურებს, მაგრამ კონორ მაკგრეგორის შესახებ განცხადებას არ აკეთებს. პოლიციის ოფიციალური განმარტებით, გამოძიება “ერთ-ერთი სპორტსმენის” ბრალდების გამო მიმდინარეობს. თუმცა, საუბარია სწორედ იმ სასტუმროზე, სადაც კონორი ხშირად დადის.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა თავისი ბოლო ბრძოლა “გალიაში” 6 ოქტომბერს, ხაბიბ ნურმაგომედოვთან წააგო. მანამდე, მან და მისი გუნდის წევრებმა აპრილში მეტოქის ავტობუსს შეუტიეს, რის გამოც კონორი ასევე დაკავებული იყო. მარტის დასაწყისში ირლანდიელი იმის გამო დააკავეს, რომ 22 წლის ბრიტანელს, რომელსაც მისთვის ფოტოს გადაღება სურდა, ტელეფონი წაართვა, დაუმტვრია და შეურაცხყოფა მიაყენა.

ვარაუდობენ, რომ კონორ მაკგრეგორმა, შესაძლოა, WWE-ში გადაინაცვლოს. ირლანდიელმა სპორტსმენმა ფინ ბალორმა ტვიტერზე კონორის შესახებ დაწერა: “შევხვდებით WrestleMania-ში!”

კომენტარები

ბოლო ამბები